10:02:36     09-05-2012
იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი
გადმოცემის მიხედვით, ეს ხატი მაცხოვრის ამაღლებიდან მეთხუთმეტე წელს ლუკა მახარებელმა დაწერა. 453 წელს ხატი იერუსალიმიდან ცარგრადში გადაიტანა საბერძნეთის მეფემ ლეონ დიდმა და იქ ღვთისმშობლის ტაძარში მოათავსა. როცა ღვთისმშობლის შეწევნით სკვითები დამარცხდნენ, ის კონსტანტინეპოლის ვლაქერნის ტაძარში გადააბრძანეს. 988 წელს ხერსონში რუსთა შემოსვლისას ლეონ VI ფილოსოფოსმა ხატი წმიდა დიდ მთავარ ვლადიმირს გადასცა, როცა მას კორსუნი დაიპყრო და იქვე მოინათლა. წმინდა ვლადიმირმა ეს სიწმინდე ნოვგოროდელთა მოქცევასთან დაკავშირებით მათ აჩუქა. ის აქ სოფიის ტაძარში იმყოფებოდა, სანამ ქალაქს მეფე იოანე IV დაიპყრობდა, რომელმაც ხატი მოსკოვის მიძინების ტაძარში გადაიტანა. 1812 წელს ნაპოლეონის დროს ხატი დაიკარგა და მის ადგილას დააბრძანეს ძველის ზუსტი ასლი, რომელიც მოსკოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესიიდან გადმოიტანეს. ხატის კიდეებზე მოციქულების გამოსახულებებია მოთავსებული: პეტრე და პავლე, იოანე, ლუკა, სიმეონი, ფილიპე, მარკოსი, იაკობი, თომა, ბართლომე; ასევე წმინდა მოწამეები: პროკოფი, გიორგი და მერკური.
იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის ასლები
ისმაილოვის თავშესაფარში
მადლისმომნიჭებელი ხატი, რომელიც ისმაილოვის თავშესაფარის საფარველის ეკლესიაში იმყოფება, არის იერუსალიმის ღვთისმშობლის ტაძრის ხატის ზუსტი ასლი, 453 წელს დიდმთავარ წმინდა ვლადიმირს კონსტანტინეპოლიდან რომ გამოუგზაავნეს.
ისმაილოვის თავშესაფრის იერუსალიმის ხატი სიმაღლით - სამი, ხოლო სიგანით ორნახევარი არშინია. ღვთისმშოლისა და მაცხოვრის მომღიმარი სახეები ძალაუნებურად ყველას იზიდავს. ბევრი, თვით სტაროვერებიც კი მიმართავენ და თაყვანს სცემენ მას. ხატი ვერცხლის მოოქროვილი პერანგით და პატიოსანი თვლებით მოჭედილი გვირგვინითაა შემკული. ხატის გადასატანად მოწყობილია კიდობანი, რომელთან ერთადაც ის იმდენად მძიმეა, რომ რვა ადამიანი გაჭირვებით ტვირთულობს.
1866 წელს მოსკოვის მიმდებარე დასახლებაში, სოფელ კოლომენსკის საზღვართან ქოლერამ იფეთქა. მთელმა მოსახლეობამ მოისურვა, რომ ამ უბედურებისაგან თავის დასაღწევად ერთობლივი ლოცვისთვის მიემართა. აურაცხელი ადამიანი მიეახლა ისმაილოვის იერუსალიმის ხატს. ამინდი შესანიშნავი იყო, რაც ხელს უწყობდა მსვლელობას, რომელიც თითქმის ყოველი სახლის ირგვლივ უნდა აღსრულებულიყო. ყველა ერთსულოვნად ლოცულობდა. ამ ლიტანიის შემდეგ სენი აღარავის შეხებია, უფალმა ყველა დაიფარა. ეს ხატი მრავალი სასწაულით განდიდდა.
ვოლინზე
სოფელ ონიშკოვეცის ეკლესიაში დაცულია ხატი იერუსალიმის ღვთისმშობლისა, რომელსაც ყრმა მარცხენა ხელში უპყრია. ამ ხატის შესახებ არსებობს გადმოცემა: პოჩაევოს სავანეზე თათრებისა და თურქების თავადსხმებისას განადგურდა მთელი მიმდებარე დასახლებები და მათ შორის სოფელი ონიშკოვეცი, რომელიც მონასტრიდან 20 ვერსის დაშორებით მდებარეობს. ეკლესია და სახლები გადაწვეს, მოსახლეობა ტყეში გაიხიზნა, ბევრი ტყვედ ჩავარდა. საშინელი მტრის წასვლის შემდეგ ხალხი სოფელში დაბრუნდა, მაგრამ ფერფლისა და ნახშირის გარდა აქ ვეღარაფერი ნახეს. იმ ადგილის გათხრა დაიწყეს, სადაც ადრე ეკლესია იდგა და იპოვეს ღვთისმშობლის ხატი, რომელიც სახით მიწისკენ იყო მიქცეული. იატაკი დანახშირებული იყო, ცაცხვის დაფაზე დაწერილი ხატის მეორე მხარეც ცეცხლსა და კვამლს შეერუჯა, მაგრამ ღვთისმშობლის გამოსახულება უვნებლად დარჩენილიყო. ხატი აიღეს, მის წინაშე ილოცეს და სასაფლაოზე, ქვის ჯვართან მოათავსეს. შემდეგ მოსახლეობამ ტყეში დარჩენილ სამლოცველოს მიაგნო და ხატიც იქ გადაიტანეს. 1670 წელს ახალი ეკლესია აიგო, ამიტომ წმინდა ხატი სამლოცველოდან მასში გადააბრძანეს და მაღალ დასაჯდომელთან მოათავსეს. 1868 წელს კი მისთვის კიოტი და ვერცხლის პერანგი გაკეთდა. ხალხი ღვთისმოსაურად არის განწყობილი ამ სიწმინდის მიმართ, რომელიც უძველესი დროიდან სასწაულთმოქმედად ითვლება.
ონიშკოვეცის მრევლი განსაკუთრებულ სიწმინდედ მიიჩნევს ღვთისმშობლის კიდევ ერთ ხატს, რომელიც ადგილობრივ სასაფლაოზე, სამლოცველოშია მოთავსებული. ეს სამლოცველო აგებულია წყაროსთან, ცარცის მთებიდან რომ გამოედინება. ხატზე ღვთისმშობელი სიყმაწვილის ასაკშია გამოსახული, ის ლოცვით მდგომარეობაშია, ხელები მკერდზე აქვს დაკრეფილი და მაცდური გველის თავს თრგუნავს.
ხატმა ბევრი სასწაულებრივი კურნება აღასრულა. მორწმუნეები მრავლად მიდიან ამ ხატთან ახალმთვარობის მომდვენო ყოველ შაბათს.
0