09:58:00     09-05-2012
ფრიდრიხ შილერის „რაინდი ტოგენბურგი“
1805 წლის 9 მაისს ვაიმარის საჰერცოგოში გარდაიცვალა დიდი გერმანელი პოეტი, დრამატურგი, ფილოსოფოსი, სამხედრო ექიმი, ისტორიკოსი, ხელოვნების თეორეტიკოსი - ფრიდრიხ შილერი (იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ ფონ შილერი, Johann Christoph Friedrich von Schiller).
სოცოცხლის ბოლო წლებში დიდი გერმანელი ავადმყოფობდა. როცა ვამბობთ სოცოცხლის ბოლო წლებს, სამწუხარო რეალობა გულს ტკენს ადამიანს - ფრიდრიხ შილერი გარდაიცვალა ძალიან ახალგაზრდა, სულ 45 წლისა. დიდ დრამატურგსა და პოეტს აწუხებდა ფილტვების ქრონიკული დაავადება. ხშირად ჰქონდა ანთება. გარდაიცვალა ტუბერკულიოზით.
ფრიდრიხ შილერი დაკრძალეს 12 მაისს ვაიმარის იაკობსფრიდჰოფის სასაფლაოზე, ერთ აკლდამაში. რომელიც სპეციალურად იყო გამოყოფილი იმ არისტოკრატებისა და გამოჩენილი ადამიანებისთვის, რომელთაც არ ჰქონდათ საკუთარი საგვარეული აკლდამები. 1802 წელს გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა დააფასა შილერის ტალანტი და აზნაურის წოდება მიანიჭა მას. გერმანიაში და ევროპაში უკვე დიდად აფასებდნენ მის გენიას.
1826 წელს გადაწყდა გადაესვენებინათ შილერის ცხედარი, მაგრამ ვეღარ მოახერხეს ზუსტი იდენტიფიცირება მისი ნეშტისა. რომელიც ყველაზე მეტად მიამსგავსეს, ის ნაწილები გადაასვენეს ჰერცოგინია ანა ამალიას ბიბლიოთეკაში. დიდმა გოეთემ ლექსიც კი მიუძღვანა შილერის თავის ქალას (ეს ისტორია დაწვრილებით და გოეთეს ლექსი „შილერის თავის ქალის ჭვრეტისას“ ჩვენ შევთავაზეთ მკითხველს). 1827 წლის 16 დეკემბერს შილერის ნაწილები გადაასვენეს ახალი სასაფლაოს სამთავრო აკლდამაში, სადაც მერე, ანდერძის მიხედვით, შილერის გვერდით დაკრძალეს გოეთეც.
სტატიაში, გოეთეს გარდაცვალების შესახებ ("მეტი სინათლე გოეთესათვის"), ჩვენ შევახსენეთ მკითხველს, რომ გოეთემ სიკვდილის წინ ფრიდრიხ შილერი ახსენა. ეს ორი გენია, "ქარიშხლისა და შეტევის" უმთავრესი წარმომადგენლები, განუყოფელი იყო გერმანული ლიტერატურისათვის თუ საერთოდ გერმანიისათვის - დიდი გერმანული აღორძინების ტიტანები. როცა შილერი გარდაიცვალა, გოეთემ იტირა და თქვა: "მე დიდი მეგობარი და ცხოვრების ნახევარი დავკარგეო".
ფრიდრიხ შილერი დაიბადა 1759 წლის 10 ნოემბერს..
დიდი პოეტი ქვეყანას მოევლინა ვიურტემბერგის მხარეში, პატარა ქალაქ მარბახში (ნეკარის მარბახში - Marbach am Neckar). აღნიშნული ქალაქი, მდინარეების, ნეკარისა და მურას შესართავთანაა გაშენებული. ნეკარი მდინარე რეინის მარჯვენა შენაკადია.
წარმოშობით ბიურგერთა წრიდან იყო. მამა, იოჰან კასპერ შილერი სამხედრო ექიმი გახლდათ, მსახურობდა ვიურტემბერგის ჰერცოგთან. პოეტი იზრდებოდა მორწმუნე ოჯახში. ოცნებობდა სასულიერო მოღვაწეობაზე.
1768 წელს შეიყვანეს ლათინურ სკოლაში. 1773 წელს მიაბარეს საჰერცოგოს ახალ ჩამოყალიბებულ სამხედრო აკადემიაში. სწავლობდა სამართალს. შემდეგ მედიცინას. სწავლის დასრულების შემდეგ, 1780 წელს დაინიშნა შტუდგარტის სამხედრო ნაწილის ექიმად.
ჭაბუკობიდანვე წერდა პიესებს. 1781 წელს გამოაქვეყნა თავისი სახელგანთქმული დრამა „ყაჩაღები“, რომელმაც სახელი გაუთქვა ახალგაზრდა შემოქმედს. დრამა დაიდგა მანჰაიმში 1782 წლის 13 იანვარს. შილერი ერთი-ორჯერ უკითხავად გაემგზავრა სამხედრო ნაწილიდან და დაესწრო სპექტაკლს. ჰერცოგმა დასაჯა პოეტი, ჰაუბვახტში ჩასვა და უბრძანა მხოლოდ მედიცინის თემაზე ეწერა. 1882 წლის 22 სექტემბერს ახალგაზრდა პოეტი გაიქცა საჰერცოგოდან. მანჰაიმის თეატრისათვის წერას განაგრძობდა, როგორც თეატრის პოეტი, თუმცა მალე შემოსავალი შეუწყვიტეს, კონტრაქტი აღარ დაუდეს... აწუხებდა ცალმხრივი სიყვარულიც...
1785 წელს დიდმა შემოქმედმა დაწერა „სიხარულის ოდა“ (An die Freude), რომელიც მიძღვნილი იყო ადამიანთა ძმობისა და სიხარულისადმი. ბეთჰოვენმა, 1823 წელს შექმნილ მეცხრე სიმფონიის დასასრულისათვის გამოიყენა ეს ნაწარმოები გუნდის მიერ შესრულებით. დღეს ეს ნაწარმოები ევროპის ჰიმნია.
1785-1787 წლებში დრეზდენში იმყოფებოდა. 1790 წელს შილერმა იქორწინა შარლოტა ფონ ლენგეფელდზე.
1785-1791 წლებში უშვებდა ლიტერატურულ ჟურნალს. წერდა პოეტურ და „ფილოსოფიურ წერილებს“ (1786 წელს გამოსცა კიდეც ეს უკანასკნელი). მუშაობდა ისტორიის საკითხებზე.
შილერმა გოეთე 1788 წელს გაიცნო... ამბობენ, თავიდან გოეთე ცივად შეხვდა შილერსო, მაგრამ ფაქტია, რომ შილერი გოეთესათვის უძვირფასესი ადამიანი გახდა - მისი სულიერი მეგობარი, მისი გენიის ჯუფთი. როგორც აღვნიშნე, გოეთესათვის შილერის უდროო გარდაცვალება იყო დიდი ტრაგედია, რომლის გამო კარგა ხანს ვერაფერს წერდა, მერე, როგორც ზემოთ ვთქვით, ცრემლმდინარემ, გენიალური ლექსი მიუძღვნა მეგობარს („შილერის თავისქალის ჭვრეტისას“), სიკვდილის წინ კი შილერი მოელანდა. ალბათ, სხვადასხვა სამყაროებს, ამქვეყნიურს და იმქვეყნიურს, ფიზიკურს და სულიერს არ შეეძლოთ ამ ორი გენიოსის განცალკევება, არც „ქარიშხლისა და შეტევის“ პოეზიაში, არც „გენიოსთა ეპოქაში“, არც მარადიულობაში...
შილერისა და გოეთეს შესახებ და მათ ურთიერთობაზე ჩვენი წერილები იხილეთ პრესა.გე-ს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში: „მეტი სინათლე გოეთესათვის“; „დიადი ლტოლვით გატაცებული“ - ფრიდრიხ შილერი“; „შილერის „სიყვარულის ზეიმი“; „გოეთეს „მიძღვნა“;
„გოეთეს „შილერის თავისქალის ჭვრეტისას“; „გოეთეს დაბადების დღისადმი („მაჰმადის სიმღერა“).
მათ შესახებ საუბარი გვაქვს სხვა წერილებშიც. ასევე გამოვაქვეყნეთ პუბლიკაციები, სადაც ისინი მოხსენიებულია. ამ ორ გენიოსზე საუბარი შემდეგშიც გვექნება და მკითხველს კიდევ გავახარებთ მათი ნაწარმოებებით.
დღეს, პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ ფრიდრიხ შილერის ბალადას „რაინდი ტოგენბურგი“, რომელიც შესანიშნავად თარგმნა ხარიტონ ვარდოშვილმა. ამ ბალადის ლიტერატურული წყარო უცნობია. შეიძლება არც არსებობდა. შესაძლოა, ტოგენბურგის სატრფოს უყვარდა კიდეც კეთილშობილი რაინდი, მაგრამ თავი ქრისტესთვის უნდოდა მიეძღვნა...
რაინდი ტოგენბურგი
„რაინდო, გწამდეს: მოყვასი გული
შენდამი ძმური გრძნობით მაქვს სავსე,
და არ მომთხოვო სხვა სიყვარული,
ეს სულს მიღონებს და ნაღველს მასმევს.
მე არ მაღელვებს დანახვა შენი,
ვცდილობ, როს გნახავ, გაგშორდე მალე,
ვერ გამიგია, მარად მოწყენილს
რისთვის გისველებს ცრემლები თვალებს?“
უსმენს რაინდი, სევდით კანკალებს
და სისხლს უთრთოლებს ალმური ვნების,
მისწვდება ასულს, შემოხვევს მკლავებს,
მკერდში ჩაიკრავს თავდავიწყებით.
შემდეგ აიღებს გაბასრულ დაშნას
და ფიცხლავ ფეხმარდ რაშს მოახტება,
მოუხმობს ერთგულ მოყმეთა ლაშქარს,
პალესტინისკენ გაემართება.
იქ მტრის ურდოებს ქედმოუხრელად
შეერკინება მძლეთა-მძლეველი.
და ბრძოლის ველზე იწყებენ ელვას
მათი ზუჩები, ხმალთა მტვრეველი.
და სარკინოზი ტოგენბურგ რაინდს
ვერ უძლებს, გარბის შიშით შემკრთალი.
მაგრამ ვაჟკაცის გულში კი მაინც
არ სცხრება სევდის მგზნებარე ალი.
საზარ ბრძოლაში განვლო მან წელი,
გახელებულმა საყვარლის ჯავრით,
მაგრამ ვერ მოჰკლა სულის ნაღველი
და მიატოვა მამაცი ჯარი.
მოუხმო ხომალდს, უსწრაფეს მცურავს,
უბრძანა: - გასწი, გასჭერ ზღვა ვრცელი!
სამსობლოსაკენ გამოეშურა,
სადაც ეგულვის მისი დამწველი.
აჰა, ეწვია დიდ კოშკის კარებს,
ამოისუნთქა რაინდმა შვებით;
მაგრამ უეცრად საბრალო ყარიბს
თავზარდამცემი ესმა სიტყვები:
„ვისაც დაეძებ, ტრფობა გაქვს გულში,
მონაზვნად შედგა, სასძლოა ზეცის,
მან მშობლის კერა დასტოვა გუშინ,
ღმერთს შეეწირა, მიანდო ბედი“.
და სამუდამოდ დასტოვა მაშინ
რაინდმა მამის სახლ-კარი ძველი,
გასწირა თვისი ერთგული რაში
და საომარი ტანსაჭურველი.
კვლავ იგრძნო სევდის სახმილი მწველი,
გულით აღმოხდა საზარი კვნესა,
და განდეგილის შესამოსელით
ტოგენბურგიდან გადაიხვეწა.
და აიშენა განმარტოებით
მონასტრის ახლოს მწირული ქოხი,
სად შრიალებდნენ ხეთა რტოები
და მწუხრის ზარი ტიროდა ოხვრით.
დაღამებამდე იქ იჯდა მარტო,
საყვარლის ნახვის წყურვილით თრთოდა,
გულს უმძიმებდა ფიქრი სადარდო,
მონასტრისაკენ იხედებოდა.
არ აშორებდა წუთითაც თვალებს
მონასტერს, მთაში მდგომარეს ობლად,
ვიდრე საყვარლის სახე ბრწყინვალე
გამოჩნდებოდა სარკმლის მახლობლად.
ის უტურფესი და ბაგე ლალი,
ვით ანგელოსი წარმტაც იერით,
გადმოხედავდა მიდამოს კრძალვით,
ტკბებოდა მწვანე ხეობის ცქერით.
როს ფრთებს გაშლიდა დაისის ბინდი,
იწყებდა შრიალს ზეფირი ფრთხილი,
დაიძინებდა ტკბილად რაინდი,
ნუგეშცემული საყვარლის ხილვით.
და ახარებდა დღის გათენება
მზით მოქარგული მწვანე მთა-ბარი.
როცა კვლავ დილით იგი მშვენება
გამოჩნდებოდა სარკმელთან მდგარი.
ის უტურფესი და ბაგე ლალი,
ვით ანგელოსი წარმტაც იერით,
გადმოხედავდა მიდამოს კრძალვით,
ტკბებოდა მწვანე ხეობის ცქერით.
და ერთ დილით კი, როს მზემ ინათა,
შორს მიმოფანტა ბინდთა კრებული,
ის იჯდა კვალად, გასცქერდა სარკმელს,
მაგრამ უსულო, გაფითრებული.
1797 წელი.
0