21:47:35     08-05-2012
ქეთევან მელაძე: ხიდაშელი გვეუბნებოდა, რომ ივანიშვილმა სახლი უკანონოდ დაგვინგრია

„მეცენატ“ ბიძინა ივანიშვილისგან დაზარალებული მელაძეების ოჯახი კუთვნილი ქონების დაბრუნებას ითხოვს. საქმე ეხება წყნეთში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომლის მესაკუთრეებიც მელაძეები იყვნენ და რომელიც ივანიშვილის წარმომადგენლებმა მელაძეების ოჯახს წაართვეს. მელაძეების ოჯახი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს.
თუმცა, ოლიგარქი უარზეა. „პრესა.ჯი“-სთან დაზარალებული ქეთევან მელაძე დეტალურად ჰყვება, როგორ დაკარგეს კუთვნილი ქონება და როგორ განვითარდა მოვლენები 2006 წლიდან დღემდე.
„პრესა.ჯი“: რომელი წლიდან ცხოვრობდით წყნეთში და როგორ წაგართვეს კუთვნილი ქონება?
ქეთევან მელაძე: 1976 წლიდან მე და ჩემი მეუღლის ოჯახი ვცხოვრობდით წყნეთში, იმ საცხოვრებელ სახლში, რომელიც წაგვართვეს.
- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, 2006 წელს დაინტერესდა ბიძინა ივანიშვილი თქვენი ქონებით...
- 2006 წელს მოვიდა გია ჭანკვეტაძე და დაგვემუქრა. გია ჭანკვეტაძე „ქართუ ბანკის“ ვიცე -პრეზიდენტი და ივანიშვილის ნათესავი იყო. ერთხელ მოვიდა და გვკითხა არ ყიდითო? მეორედაც მოვიდა და ისევ უარით გავისტუმრეთ. რომ შემოეთავაზებინათ ნორმალური თანხა დავთანხმდებოდით. შემდეგ უკვე გადავიდა შეურაცხყოფაზე და მუქარაზე. აიღეთ ეს ათი ათასი, თორემ საერთოდ დაკარგავთ ქონებასო.
ამ ფაქტს მარტო ჩვენი ოჯახი კი არა, დაახლოებით 40 ოჯახი შეესწრო. პირველი ნგრევის შემდეგ, ჩვენ არც ვიყავით იმ ტერიტორიაზე. გაიმართა აქცია და ჩვენმა მეზობლებმა გადაკეტეს ჭავჭავაძის გამზრი. „ქართუ ბანკის“ წინ იყო ქუჩა გადაკეტილი, ლოზუნგით „ნუ გვანგრევთ“. მეზობლებმა გამართეს აქცია, რადგან იგრძნეს საფრთხე, თუ ჩვენი სახლი არ იქნებოდა, შეიძლებოდა მათ კუთვნილ ტერიტორიაზეც გადასულიყვნენ. თან ჩვენს ტერიტორიას ინტენსიურად სტუმრობდნენ „ქართუ ბანკის“ წარმომადგენლები...
- მაშინ იცოდით თუ არა, რომ გია ჭანკვეტაძე იყო ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავი და „ქართუ ბანკის“ ვიცე–პრეზიდენტი?
- დიახ ვიცოდით. ამაყობდა კიდეც. გვეუბნებოდა, მე თქვენ ვიღაცა ხომ არ გგონივართო. თან დაგვცინოდა, აუ, ბიჭო სად ცხოვრობენ და ივანიშვილს ამ ფასის მარმალირო აქვს მარტოო. თქვენ მე, ვიღაცა ბოგანო ხომ არ გგონივართო. გააგდო ბიძინამ შემდეგ, ახლა ზესტაფონში იმყოფება.
- მას შემდეგ, რაც ამოქმედდა პროექტი „რაც შენია შენია“ და შესაძლებელი გახდა ბინების დაკანონება, ეცადეთ გაგეფორმებინათ ოფიციალურად თქვენი კუთვნილი ტერიტორია?
- საბუთები მოვაგროვეთ და ველოდებოდთ ამ პროექტის დალაგებას. ჩვენ რომ გადავწყვიტეთ დარეგისტრირება და მივმართეთ საჯარო რეესტრს, აღმოჩნდა, რომ მიწა უკვე გადაფორმებული იყო მერიის თვითთმმართველ ერთეულზე და მაშინ გაგვახსენდა გია ჭანკვეტაძის მუქარა, რომ მერია გაიფორმებს და მერე მოგვყიდისო.
ამის შემდეგ მივაკითხეთ გია ჭანკვეტაძეს. მან აგვიყვანა ამ ტერიტორიაზე და გადაგვახედა. გვითხრა, თითის გაშვერით ეს მიწა მინდა, ეს მიწა და სხვები ჯერ არ გვაინტერესებსო. შემდეგ გვითხრა, მერე მოგხედავთ, პრობლემა არ არისო. ეს ხდებოდა 2007 წლის 23 მაისს. 24 მაისს, ნიკოლოზობას დაანგრიეს საბოლოოდ სახლი და მეორე დღეს მივაკითხეთ. ამის შემდეგ, ჭანკვეტაძე დაგვემალა.
- რისთვის სჭირდებოდათ ეს ტერიტორია? გია ჭანკვეტაძე მოვიდა თქვენთან როგორც „ქართუ ბანკის“ ვიცე–პრეზიდენტი, თუ როგორც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი?
- ორივე ერთად. ივანიშვილის საკუთრება უნდა ყოფილიყო ეს ფართი. მისი ყველა კომერციული ფირმა და მისი საკუთრება რა თქმა უნდა არის ივანიშვილის საკუთრება. დანიშნული ხელფასიანი დირექტორი ჰყავს ყველა კომპანიას. იმის თქმა, რომ სს „იუნიონი“, რომელიც გახდა ჩვენი მიწის მესაკუთრე, თურმე არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის, სასაცილოა.
მე შემიძლია საჯარო რეესტრის ამონაწერი გადმოგცეთ, რომელიც ადასტურებს, რომ სს „იუნიონი“ არის ივანიშვილის საკუთრება. ამ სააქციო საზოგადოების დირექტორი როინ მოცნაძე, ამავდროულად, არის „ინტერსერვისის“ დირექტორი. „ინტერსერვისი“ წარმოადგენს კომპანიას, რომლის მფლობელობაშია 28 800 კვ/მ მიწის ნაკვეთი კოჯრის გზატკეცილზე, რომელზეც დგას ნაგებობა „სტელა თბილისი“, და რომელსაც ახლა ყველა მოიხსენიებს როგორც „შუშის სასახლე“.
საბუთებში წერია ასე. 2011 წლის 18 ოქტომბერს შპს „ინტერსერვისმა“ განიცადა ლიკვიდაცია და მოხდა შერწყმა „ქართუ ბანკთან“. ეს არის 18 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ამონაწერი, ბატონი ნოდარ ჯავახიშვილის დირექტორობის პირობებში. ამიტომ, ძალიან სასაცილოა იმის მტკიცება, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაშია.
- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ბურჯანაძემ ქვეყნის პირველი პირის სტატუსით 2007 წლის 31 დეკემბერს გამოსცა განკარგულება და თქვენი ტერიტორია გაასხვისა...
- დიახ, არანაკლები წვლილი მიუძღვის ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს ამ საქმეში. მან აღიარა კიდეც, რომ როდესაც იყო ქვეყნის პირველი პირის მოვალეობის შემსრულებელი, პირდაპირი მიყიდვის წესით, ხელი მოაწრა დოკუმენტს და ამ ფართის მფლობელი გახდა სს „იუნიონი“.
- თქვენ როდესაც წაგართვეს საკუთრება, დახმარება სთხოვეთ პოლიტიკურ პარტიებს. მაშინ თქვენ გეხმარებოდათ თინათინ ხიდაშელი და ამბობდა, რომ ნამდვილად უკანონოდ ჰქონდა მიტაცებული ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიას თქვენი ტერიტორია. მას შემდეგ, რაც თინა ხიდაშელი ივანიშვილის გუნდში აღმოჩნდა, თქვენ თუ მიაკითხეთ მას და რა გიპასუხათ?
- დიახ, როცა ივანიშვილმა მიწის ნაკვეთი წამართვა და სახლი დამინგრია, საპროტესტო აქციაზეც იყო ჩვენთან ერთად ხიდაშელი. მაშინ, ხიდაშელი ძალიან შეწუხებული იყო და დახმარებას გვპირდებოდა. მაშინ, ხიდაშელი გვეუბნებოდა, რომ ივანიშვილმა სახლი უკანონოდ დაგვინგრია...
ახლაც მივმართეთ ხიდაშელს, როდესაც ბატონი ნოდარ ჯავახიშვილის უარყოფითი პასუხი მივიღეთ. ბიძინამ იცის ეს ყველაფერი და თქვა, რომ მე მაგათზე დროს არ დავკარგავო. ამის შემდეგ, დავურეკეთ თინა ხიდაშელს და გვითხრა რამდენიმე დღეში დამირეკეთო.
შემდეგ, შევხვდით 9 იანვარს. გვითხრა, არ დაიჯეროთ, რომ ვინმე მიიტანს ამ საკითხს ბიძინა ივანიშვილის ყურამდეო. შემდეგ ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა, მე აქამდეც უნდა მომეძებნეთო. შემდეგ ვურეკავდით და არ გვიპასუხა. მოგვიანებით, „სკაიპით“ დავრეკეთ და ზარი რომ შედის „სკაიპიდან“, ჩანს ვითომ უცხოეთიდან გირეკავენ. შემდეგ გვიპასუხა და დაგვიბარა საკრებულოში. მივედით, რა თქმა უნდა 10:00 საათზე და 17:00 საათზე წამოვედით, რადგან ჩვენი მიღების თეორიული შანსი არ არსებობდა. შემდეგ, გადავეცით მის თანაშემწეს წერილი ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის გადასაცემად...
- რას ითხოვთ თქვენ ბიძინა ივანიშვილისგან?
- ვითხოვთ შეხვედრას. ძალიან დიდი ტყუილია, რომ ჩვენ თითქოს სამ მილიონს ვითხოვთ. ამაზე საუბარი არავისთან ყოფილა და ნოდარ ჯავახიშვილი გამოდის და ამბობს, რომ სამ მილიონს ითხოვენო. სირცხვილია უბრალოდ. უნამუსობას თურმე საზღვარი არ ჰქონია. ჩვენ ვითხოვთ, რომ შეგვახვედროს ივანიშვილს. შეხვედრა გამორიცხულიაო ასე გვპასუხობს ბატონი ჯავახიშვილი.
- რისთვის არის განკუთვნილი ტერიტორია, რომელიც თქვენ წაგართვეს? თავად ივანიშვილის გარემოცვს წევრები ამბობენ, რომ იქ აკვა პარკი უნდა აშენებულიყო...
- კი გამოდიან და ამბობენ, რომ კეთილშობილური პროექტი უნდა განხორციელდეს. და თურმე ჩემი შვილის ტოლი ბავშვებისთვის აკვა პარკი აშენდება. სინამდვილეში იქ შენდება „ქართუ ბანკის“ სათაო ოფისი. ჩვენ ჯერ კიდევ იქ ვცხოვრობდით, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთ ცნობილ ამერიკულ არქიტექტურულ კომპანიას აძლევდა შეკვეთას ამის თაობაზე.
0