09:26:34     08-05-2012
ეპისკოპოსი გაბრიელი ქართული გალობის სამსახურში
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სამღვდელო და სამღვდელმთავრო მოღვაწეობის ხანა იმ წლებს ემთხვევა, რომელიც ერთობ მნიშვნელოვანი იყო ქართული გალობის, როგორც ეროვნული ფენომენის შენარჩუნების საქმეში.
მომავალი მოღვაწე იზრდებოდა მღვდლის ოჯახში, სადაც სხვებთან ერთად სწავლობდა წერა-კითხვას, ხუცურს, გალობას და სხვადასხვა საეკლესიო წესს. მღვდელი მაქსიმე ქიქოძე იყო მოძღვარი გურიის უკანასკნელი მთავრის მამია გურიელისა, რომელიც განთქმული ყოფილა როგორც გალობის დიდი მოამაგე და დამფასებელი. ამიტომ ბუნებრივია, მისი კარის მოძღვარი საეკლესიო გალობის კილოების ზედმიწევნით მცოდნე იყო. პატარა გერასიმე მოუკლებლად ესწრებოდა ღვთისმსახურებას ოზურგეთში.
ეს ის დრო გახლდათ, როდესაც ხალხური კულტურა უკვე გადაგვარების საფრთხის წინაშე იდგა. ამ კულტურის მთელი სისრულით მტვირთველი უხუცესები კი თანდათან აკლდებოდნენ წუთისოფელს. დადგა პერიოდი, როდესაც, იმპერიის ბიუროკრატიული აპარატის მიერ იდევნებოდა ეროვნული ნიშან-თვისებები. რის შედეგად ქართული საეკლესიო გალობაც ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა. XIX საუკუნის დასაწყისიდან ხელოვნურად შეამცირეს ეპარქიათა რიცხვი. გაუქმდა სამღვდელმთავრო გუნდები. სასულიერო სემინარიასა და სასწავლებლებში აიკრძალა ქართული გალობა. თბილისის სასულიერო სემინარიაში მოსწავლეთა ერთ-ერთი გახმაურებული გაფიცვის მიზეზიც ის იყო, რომ რექტორმა მათ ურჩია, სლავური პარტიტურის ნოტების ქვეშ ქართული სიტყვები მიეწერათ და ისე ეგალობათ, ხოლო ქართული გალობა, როგორც არაჰარმონიული, დაევიწყებინათ. ერთადერთი რგოლი, რომელიც ამ უნიკალური მემკვიდრეობის შენარჩუნებას ცდილობდა, სასულიერო პირთა ოჯახები და ცალკეული მგალობელ-მომღერლებიღა იყვნენ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ (1811 წ.), ზეპირგადმოცემის ტრადიციის სირთულიდან გამომდინარე, ქართული გალობა გაქრობის საფრთხის წინაშე დგებოდა. ეგზარქოსებს სურდათ, წირვა-ლოცვის დროს სლავური საგალობლები ეგალობათ. ღვთის განგებით სწორედ ასეთ გადამწყვეტ და რთულ პერიოდს დაემთხვა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის მსახურება და მოღვაწეობა.
„ქართული გალობის აღმდგენელი კომიტეტი“, რომელიც 1860 წელს თბილისში შეიქმნა, საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებას ისახავდა მიზნად. კომიტეტში წლების მანძილზე გადაუწყვეტელად რჩებოდა ის საკითხი, თუ პირველ რიგში რომელი კუთხის საგალობლები უნდა დაეფიქსირებინათ - იმერულ-გურული თუ ქართლ-კახური. ამ საკითხზე დავამ დიდხანს გასტანა. ვიდრე ყოვლადსამღვდელო ალექსანდრემ (ოქროპირიძე) არ შემოიტანა განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფდა ქართლ-კახური კილოს საგალობლების ნოტებზე გადატანას. ხოლო, რაც შეეხება იმერულ-გურული კილოს საგალობლებს, მათზე ზრუნვას ეპიკოპოსი იმერეთის და სამეგრელოს სამღვდელოებას სთავაზობდა.
ეს შეთავაზება გაბრიელ ეპისკოპოსს 1884 წლის 17-18 ნოემბერის კრებაზე წარუდგენია სამღვდელოებისათვის. გაბრიელ ეპისკოპოსმა ბრძანა: „მოიფიქრეთ ამ საგანზედ კარგად და დანიშნეთ კომიტეტი, რომ ამ საქმეს წაუძღვეს და ყველასთვის საგულის-გულო საქმე აღსრულდეს“. მცირე ხნის სჯა-ბაასის შემდეგ ქალაქ ქუთაისში ქართული საეკლესიო გალობის აღმადგინებელი კომიტეტი ჩამოყალიბდა, რომლის თავმჯდომარედაც მღვდელი დავით ღამბაშიძე დაინიშნა. კომიტეტი ექვსი წევრისგან შედგებოდა.
კომიტეტის პირველი სხდომა 1885 წლის 30 იანვარს ჩატარებულა. მცირე ხნით ადრე, ჟურნალი „მწყემსის“ რედაქტორმა დავით ღამბაშიძემ თბილისში ინახულა ცნობილი მომღერალი და კომპოზიტორი ფილიმონ ქორიძე, რომელსაც ევროპაში მიღებული ჰქონდა ბრწყინვალე მუსიკალური განათლება და ქართული საგალობლების ნოტებზე გადატანის საკითხისადმი იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის დაინტერესება შეატყობინა. ამ საქმის თავადაც დიდად მოსურნე ფილიმონმა წერილით მიმართა ეპისკოპოსს და ქუთაისში ჩასვლისა და იქ საქმიანობის ნებართვა ითხოვა. წერილმა გაბრიელ ეპისკოპოსი დიდად გაახარა და მაშინვე მისწერა ფილიმონს: „დიდად მოხარული ვიქნები, პირიქით, იმ დროისთვის, ბევრ გამოჩენილ პირსაც დავისწრებო“.
ფილიმონ ქორიძე ქუთაისში საკუთარ გუნდთან ერთად ჩასულა და წირვაზე უგალობია. ქორიძეს ეპისკოპოსმა გაბრიელმა ცნობილი მგალობლები დაახვედრა: ჯაბა და ტელემავ გურიელები, ანტონ და დავით დუმბაძეები, მელქისედეკ ნაკაშიძე, ნესტორ კონტრიძე (გურიიდან); დიმიტრი ჭალაგანიძე (მარტვილიდან); ნიკო მეძმარიაშვილი, ნიკოლოზ კანდელაკი, რაჟდენ ხუნდაძე, ტარასი ტყეშელაშვილი, ივლაინე შოთაძე, დეკანოზი ვასილ ქუთათელაძე (ხონიდან). გაბრიელ ეპისკოპოსს საქები და სადიდებელი სიტყვები მოუხსენებიათ ფილიმონისთვის: „გმადლობთ ჩვენს დიდ მოთავე ქართველებს, რომლებმაც ჩვენ ნიჭიერ ერის შვილს ფილიმონს დახმარება გაუწიეს და უცხო ქვეყნებით სწავლა დაასრულებიეს, და მერე მობრუნდა თავის საყვარელ ქვეყანაში. მათი სწავლა-განათლება, ჩვენს ხალხსა და ერს ძღვნად მოუტანა. ჩვენი ხალხის სიმღერა-გალობას, მძლავრის ხმით დასძახა: „აწი უნდა აღსდგეო, და ჩვენი ხმათა სიშვენიერე და სიდიადე, სხვათა სამეფოთა შორის უნდა იდიდებოდეს“.
წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელის თხოვნით, 1884 წლის მარტის პირველ რიცხვში ქუთაისში გაიმართა სასულიერო კონცერტი: გაბრიელ ეპისკოპოსს სურდა, ფილიმონის ნამუშევარს გასცნობოდა, რათა უფრო იმედიანად მიენდო მისთვის გალობის ნოტებზე ჩაწერის საქმე. კონცერტი წარმატებული გამოდგა. საზოგადოება აღტაცებაში მოუყვანია იმ ფაქტს, რომ ქართული გალობა-სიმღერის ნოტებზე ჩაწერა შესაძლებელია.
ქართული საეკლესიო გალობის აღმადგინებელი კომიტეტის წევრებმა გადაწყვიტეს, დაუყოვნებლივ დაეწყოთ გურიასა და იმერეთში მცოდნე მგალობლებისაგან საგალობლების ნოტებზე ჩაწერა.
ეპისკოპოსის გაბრიელის შეწევნითა და ლოცვა-კურთხევით ქართული გალობის ნოტებზე გადაღების სამუშაოების შესასრულებლად 4000 მანეთი შეუკრებიათ. ფილიმონ ქორიძემ ნოტებზე გადაიღო ბასილი დიდისა და იოანე ოქრიპირის წირვის საგალობლები. სულ ჩაიწერეს 400 საგალობელი, რომელიც კომიტეტმა შეამოწმა და მოიწონა.
ნოტებზე გადაღებული გალობა ორჯერ იგალობეს ქუთაისის საკათედრო ტაძარში, ერთხელ ზესტაფონში და ერთხელ მარტვილში - პეტრეპავლობას. გახარებული სამღვდელოება მადლობას უძღვნიდა ამ საქმის მოთავეებს: „პირველად ქება და დიდება იმას ეკუთვნის, ვინც გამოიწვია სამღვდელოება ამ კეთილ საქმისათვის, ე.ი. ყოვლადუსამღვდელოესს იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელს და მასთან თვით სამღვდელოებას, რომელმაც ამ საქმისათვის ხარჯი არ დაიშურა“. მართლაც, წმიდა გაბრიელის ღვაწლითა და იმერეთის სასულიერო პირთა თანადგომით აღესრულა ის საშვილიშვილო საქმე, რისი წყალობითაც ჩვენამდე მოაღწია საეკლესიო მუსიკის ასეულობით უნიკალურმა ნიმუშმა.
„იშვიათია, რომ ამ საუკუნის მეორე ნახევარში იმოდენა ღვაწლი შეეტანოს კაცობრიობის სარწმუნოების, განათლებისა და ზნეობის სალაროში, რამდენიც ყოვლადუსამღვდელოეს გაბრიელს“. - აღნიშნავდა დეკანოზი ერმალო კანდელაკი.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის უდიდესი დამსახურებაა ამ საშვილიშვილო საქმის მტკიცე საფუძველზე დამყარება, რომელიც შემდგომ წარმატებით გააგრძელეს წმინდა ექვთიმე კერესელიძემ, მაქსიმე შარაძემ, ფილიმონ ქორიძემ და დეკანოზმა რაჟდენ ხუნდაძემ.
ქართული გალობის მოყვარულები ლოცვით მოვიხსენებთ წმიდა მღვდელთმთავრის სახელს და მეოხებას გამოვითხოვთ ამ დიდი საქმის შემდგომი აღდგინებისა და წარმატებისათვის.
0