ერთაწმინდა (ქართული ხუროთმოძღვრება) ერთაწმინდა (ქართული ხუროთმოძღვრება) />


  09:25:28     08-05-2012

ერთაწმინდა (ქართული ხუროთმოძღვრება)

a17820.jpg

ერთაწმინდა „ესტატე წმინდის“ შეცვლილი ფორმაა. წმიდა ევსტათის (ესტატეს) სახელობის XIII საუკუნის პირველი ნახევრის ეს ჯვარგუმბათოვანი ტაძარი დგას კასპის რაიონის სოფელ ერთაწმინდის ცენტრში. თლილი ქვით ნაგები დიდი ეკლესიის გუმბათი ორ თავისუფლად მდგარ ბურჯსა და ბემის კუთხეებს ეყრდნობა. საკურთხევლის ორივე მხარეს ორ სართულად განლაგებული კუთხის ოთახებია. ტაძარს აქვს მხატვრობაც, მაგრამ იგი განსაკუთრებით ფასადებით გამოირჩევა. მას ოთხივე მხარეს დიდი მოჩუქურთმებული ჯვარი ამშვენებს. ისინი მკლავების ფრონტონებიდან იწყება. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია აღმოსავლეთის ფასადი, ხსენებული ჯვრით, ღრმა, მდიდრულად მორთული ნიშებით და დიდი თუ მცირე სარკმლის საპირეებით. საგრძნობლად გვიანდელია ტაძრის გუმბათი, რომელიც რამდენადმე ამოვარდნილია პროპორციებიდან. მდიდრულად არის მორთული ეკლესიის პორტალები, რომლებიც მას სამი მხრიდან აქვს.

ტაძრის გუმბათი დასავლეთით ეყრდნობა ორ თავისუფალ სვეტს, აღმოსავლეთით კი საკურთხევლის ბემის კედელთან შერწყმულ ბურჯებს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა ხდება აფრების საშუალებით.

ერთაწმინდის ტაძარი სტილისტიკით იმეორებს XII-XIII საუკუნეების ძეგლებს იკორთას, ფიტარეთს, ბეთანიას, ქვათახევს, წუღრუღაშენს და სხვებს.

XVII საუკუნის დასაწყისიდან ტაძარი თარხნიშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. შემდგომში ის სააკაძეების საგვარეულო საძვალეც გახდა. აქ არის დაკრძალული გიორგი სააკაძის ერთ-ერთი ვაჟის, მოწამებრივად დაღუპული პაატას მოკვეთილი თავი.

წყარო

0

ავტორი: