07:58:24     08-05-2012
პუტინის პირველივე განკარგულება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების „დამოუკიდებლობას“ ეხება

ვლადიმერ პუტინმა, პრეზიდენტის რანგში, უკვე მოაწერა ხელი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტს - განკარგულებას „რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკური კურსის რეალიზაციის ზომების შესახებ“. ახალმა პრეზიდენტმა თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი სწორედ ამ დოკუმენტით გააჟღერა, ისე, რომ პროცედურულადაც კი არ დალოდებია უფრო მსხვილ - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალ კონცეფციას. პუტინის პირველსავე განკარგულებაში ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი რუსეთის როლი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან - აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში.
კერძოდ, პუტინი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყებისგან მოითხოვს აქტიურად შეუწყოს ხელი „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების, როგორც თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოებად ჩამოყალიბებას, მათი საერთაშორისო პოზიციების გამყარებას, მათთვის საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მათს სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას“.
ამ პუნქტს რუსი ექსპერტი მოდესტ კოლეროვი ასე განმარტავს: პუტინი განსაკუთრებულად ახსენებს „რუსეთის პასუხისმგებლობას“ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბების საქმეში, რამაც ყველას უნდა დაანახოს, რომ არანაირი რევიზია მათ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არ იქნება - ამბობს ექსპერტი, რომელიც აღფრთოვანებულია ახალი პრეზიდენტის განკარგულების არა მარტო ამ პუნქტით.
დოკუმენტი, რა თქმა უნდა, გლობალურ მიმართულებებსაც ეხება. მაგალითად, უნდა გაფართოვდეს რუსეთის როლი გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში, რაც კოლეროვის თქმით, მნიშვნელოვანი განაცხადია რუსეთის „შუამავლობისა“ და მისი „სამხედრო ყოფნის“ გეოგრაფიის გაფართოების საქმეში.
პუტინი მთავარ პრიორიტეტად აცხადებს რუსეთის პოლიტიკას დსთ-ის იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებსაც აშშ-სთან და მის სატელიტებთან „არაერთხელ ჩაუვარდათ გარიგება“ - როგორც ამას ექსპერტი განმარტავს.
პუტინი აპირებს გაამყაროს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია (ОДКБ) და გააძლიეროს თანამედროვე გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე მისი ოპერატიული რეაგირების მექანიზმები, მისი სამშვიდობო პოტენციალი, ანუ, ექსპერტის განმარტებით, მოსთხოვოს ამ ორგანიზაციას, იყოს გამოკვეთილი სამხედრო-პოლიტიკური კავშირი.
დნესტრისპირეთს რუსეთის ახალი პრეზიდენტი პრაქტიკულად, ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე, დამოუკიდებლობას ჰპირდება, თუკი მოლდოვა მოსკოვის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯზე წავა და გაერთიანდება რუმინეთთან, შესაბამისად კი ნატო-სთან.
რაც შეეხება უშუალოდ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დამოკიდებულებას, პუტინის განკარგულებაში მითითებულია, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების მხოლოდ თანაბარი და განუყოფელი სისტემები უნდა შეიქმნას. რა თქმა უნდა, ანალოგიური ეხება აშშ-სა და მის ანტისარაკეტო თავდაცვის ევროპულ სისტემებს, რაზეც პუტინმა დაავალა შესაბამის უწყებებს, მკაცრად მოითხოვონ აშშ-სგან გარანტიები, რომ აღნიშნული სისტემები რუსეთის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული. გარდა ამისა, პუტინი მოითხოვს გატარდეს კურსი, რათა ამერიკამ აღიაროს რუსეთის თანასწორუფლებიანობა და პატივი სცეს მას.
0