17:22:13     07-05-2012
„ბირთვულ ჩემოდანს“, მედვედევის პრეზიდენტობის პერიოდშიც, პუტინი აკონტროლებდა...

პუტინი კვლავ პრეზიდენტია. როგორც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, მან უკვე მიიღო „ბირთვული ჩემოდანი“, რომელიც მას, ტრადიციისამებრ, თავდაცვის მინისტრმა გადასცა.
„ბირთვული ჩემოდანი“, ეს არის მოწყობილობა, რომელშიც ბირთვული არსენალის მოქმედებაში მოსაყვანი კოდები ინახება. მისი საშუალებით ხორციელდება კავშირი სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებთანაც.
ადამიანები, რომლებიც პირველ პირებს „ბირთვული ჩემოდნით“ დაჰყვებიან და მათ მითითებებს ასრულებენ, როგორც წესი, ეს სამხედრო-საზღვაო ძალების პირველი რანგის კაპიტნები არიან.
სისტემა აკადემიკოს სემენიხინის სახელობის ავტომატური აპარატურის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, თავად სემენიხინის ხელმძღვანელობით შექმნეს. მისი ექსპლუატაცია 1983 წლიდან დაიწყო. საბჭოთა კავშირის პირველი ხელმძღვანელი კი, რომელსაც „ბირთვულ ჩემოდნიანი“ ოფიცრები დაჰყვებოდნენ, 1984 წელს კონსტანტინ ჩერნენკო იყო.
უფრო დეტალურად მისი შენახვა-გამოყენების სქემა ასეთია: „ბირთვული ჩემოდანი“ აქვს ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს, თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის ხელმძღვანელს. თუმცა „ბირთვული ჩემოდნის“ მოქმედებაში მოყვანა მხოლოდ სამი დადასტურებული სისტემიდან მიღებული კოდირებული სიგნალის შემთხვევაში შეიძლება. „ჩემოდნის“ გასაღები კი ზემოაღნიშნულ „თანმხლებ ოფიცერ-ოპერატორთან“ ინახება.
ცნობილია, რომ „ბირთვულ ჩემოდანს“ განსაკუთრებით „უფრთხილდებოდა“ ბორის ელცინი და ის ყველა საზღვარგარეთული ვიზიტისას თან დაჰქონდა. 1996 წელს, როცა მას გულზე ოპერაციას უკეთებდნენ, ოფიციალურად ითქვა, რომ პრეზიდენტმა „ბირთვული ჩემოდანი“ მთავრობის მეთაურს ვიქტორ ჩერნომირდინს გადასცა.
თუმცა როგორც მოგვიანებით პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ განაცხადა, ელცინს „ჩემოდანი“ არავისთვის გადაუცია: ის ოპერაციის მსვლელობისას საავადმყოფოს ვესტიბიულში ოფიცერს ეკავა ხელში და როგორც კი პრეზიდენტი გონებაზე მოვიდა, „ბირთვული ჩემოდანი“ პალატაშივე უკან დაუბრუნეს.
1999 წლის 31 დეკემბერს, ელცინმა სახელმწიფოს ეს „სიმდიდრე და უსაფრთხოება“ ვლადიმერ პუტინს გადასცა და მას შემდეგ, ის უცვლელად აკონტროლებს „ღილაკს“, მათ შორის, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მედვედევის პრეზიდენტობის პერიოდშიც. „ბირთვული ჩემოდნის“ გადაცემის წუთიერი ცერემონიალი ინაუგურაციის შემდეგ შედგა, რომელიც თავის მხრივ, ხაზგასმით იზოლირებულ გარემოში ჩატარდა, - მას არცერთი მსოფლიო ლიდერი არ ესწრებოდა. როგორც კრემლში განმარტავენ, სახელმწიფოთა მეთაურები ინაუგურაციაზე არც არავის დაუპატიჟია.
0