იოსებ იმედაშვილის „სიმღერა” იოსებ იმედაშვილის „სიმღერა” />


  12:46:46     07-05-2012

იოსებ იმედაშვილის „სიმღერა”

a17805.jpg

1952 წლის 5 მაისს, თბილისში, გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე იოსებ იმედაშვილი.

იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილი დაიბადა 1876 წლის 20 აპრილს (ახალი სტილით 3 მაისს), სოფელ ხაშმი. ბავშვობა მწყემსობაში გაატარა. სწავლობდა თბილისის სახელოსნო სასწავლებლებში. 1890-იანი წლებიდან ეწეოდა რევოლუციურ აგიტაციას თბილისის ქარხნებსა და რკინიგზის სახელოსნოებში, ავცელებდა არალეგალურ ლიტერატურას. 1903 წელს გახდა რსდმპ-ის წევრი. 1906 აირჩიეს I სახელმწიფო სათათბიროს ამომრჩევლად. 1905-1906 წლებში ხელმძღვანელობდა ივრის ხეობის, ე. წ. “გარეკახეთის ერთობის”, რევოლუციურ მოძრაობას.

1910 რევოლუციურ-პროპაგანდისტული ანობისათვის დააპატიმრეს და 4 წლის კატორღა მიუსაჯეს. თუმცა, შემდგომ ავადმყოფობის გამო გადასახლება მეტეხის ციხეში პატიმრობით შეუცვალეს.

ლიტერატურულ ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1895 წლიდან. მისი ლიტერატურული ფსევდონიმი იყო - იზიძე. გატაცებული იყო თეატრით. იგი ავჭალის (1893) და ავლაბრის (1902) მუშათა თეატრების ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი რეჟისორი გახლდათ. შეადგინა და გამოსცა თავისი და თარგმნილი პიესების ორი კრებული – “ცხოვრების სარკე” (1899, 1901). 1902 გამოსცა მაქსიმ გორკის მოთხრობათა პირველი ქართული თარგმანების კრებული. 1903–იდან გამოაქვეყნა ურბანისტული შინაარსის მოთხრობები, სატირული რომანი „აახ-ვაახ”, ლექსთა რამდენიმე წიგნაკი (“სიყვარულის ძალა”, 1904; “პროლეტარიატის ჰიმნი”, 1905; “წითელი დროშა”, 1907) და სხვა. 1904 გამოსცა პირველი უცხო სიტყვათა ლექსიკონი” (II, III გამოცემები, 1918, 1928).

1910-1926 წლებში იოსებ იმედაშვილი რედაქტორობდა ჟურნალს “თატრი და ცხოვრება”, გაზეთებს “ხალხის ერთობა”, “ხალხის თავისუფლება”. იოსებ იმედაშვილი ავტორია რომანებისა “განახლებული სიცოცხლე” (1919–1921) და “ციბრუტა” (1940). 1920–იან წლებში ცალკე წიგნად გამოვიდა იოსებ იმედაშვილის პიესები (“ნამუსიანი ხალხი”, “ალების ცეკვა”, “მზე ჩაესვენა” და სხვა) და პოემები (“მზეთა-მზე”, “მშვენიერა”).

იოსებ იმედაშვილს ეკუთვნის აგრეთვე პიესები “იოსებ ლაღიაშვილი” (1920), “უკანასკნელი დედოფალი” (1929). კარგი იქნებოდა ეს პიესები კვლავ დაიდგას ქართული თეატრის სცენაზე, რათა რუსეთის იმპერიის სიყვარულით ანთებულებმა ნახონ, როგორ აიძულეს დამპყრობლებმა ქრისტიანი ადამიანები, იოსებ ლაღიაშვილი და მარიამ დედოფალი, მკვლელობა ჩაედინათ. იოსებ იმედაშვილს ეკუთვნის ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევები ლადო აღნიაშვილსა და ივანე როსტომაშვილზე, ლიტერატურული და თეატრალური ხასიათის წერილები, მოგონებები, თარგმანები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებიდან. მან შეადგინა „ქართველ მწერალთა ლექსიკონი” (ძვ. წ. IV – ახ. წ. XX სს., არ გამოქვეყნებულა).

როგორც ვთქვით, იოსებ ლაღიაშვილი გარდაიცვალა 1952 წლის 5 მაისს. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

სიმღერა

ძმანო, ხანგრძლივ მონობამა
მთლად გაგვიქრო გმირის სული,
დაგვალაჩრა, არც კი ვიცით,
რასა ჰქვია სიხარული,
უსასოოდ ვიტანჯებით
ყველასაგან დაჩაგრული!..
მაგრამ, რაკი იმედებით
აგვიჩქროლდა მონებს გული,
ნუ შედრკებით, გამოვიდეთ
სამუშაოდ დარაზმულნი.
შრომის ველზე გავიწვრთნებით
სიბნელისგან დაჩაგრულნი.

ოდეს ქარი არა ჰბერავს,
კერის ცეცხლი ჩამქრალია,
ნაკვერჩხალი აღარ ჰღვივის,
ის ნაცარში მიმქრალია,
შინ სიცივე ისადგურებს,
ყველგან მეფობს მის ძალია,
ყოველ სულდგმულს ძარღვში ჰხუთავს,
ყველა მისით დამსილია, -
მაგრამ, თუ რომ დაუბერა
ქარმა კერას, რაც ძალია,
გაღვივდება, აენთება,
ჭერს ასწვდება მის ალია!

არ გინახავთ ხშირად ცაზედ
ღრუბლები რა ზანტად ვლიან,
მსოფლიოსაც თითქოს სძინავს,
ფრინველები არ იძვრიან.
ჰყუჩობს უტყვი და მეტყველი,
თითქოს უფსკრულს მიილტვიან,
მაგრამ თუ რომ ელვამ გაჰკრა,
მსწრაფლ ღრუბლები დაიძვრიან,
ცა იგრგვინებს, დაიჭექავს,
მეხი დაჰკრავს სამ ძალიან
ყოველივე გაცოცხლდება
და უქმად არ გაივლიან.
წვიმა მოვა... მთა და ბარსა
გადარეცხავს, ალამაზებს,
ქარი ხეებს დაუქროლავს,
ფოთოლ-შტოებს ათამაშებს.
მზეც ამოვა, თვის სხივებით
არა-მარეს აკაშკაშებს,
ველ-მინდორი აყვავდება,
მთესველის გულს გაახარებს.
ასე არის: დამონებულს,
ვისც მონობა ამწუხარებს,
შრომის ველზე თუკი გავა,
იმას იგი აღამაღლებს.

(„მოგზაური“, 1905 წელი, # 1)

0

ავტორი: