08:01:02     07-05-2012
ინაუგურაცია საპროტესტო ფლეშ-მობის ფონზე - დღეს, პუტინი მესამედ დაიფიცებს

დღეს, კრემლში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია ჩატარდება. ცერემონიალი საპროტესტო ფლეშ-მობის პარალელურად გაიმართება. ოპოზიციის აქცია - „თეთრი ქალაქი პატიოსანი ხელისუფლებისთვის“ პუტინის კორტეჟს კრემლის კარიბჭემდე გაჰყვება, შემდეგ კი ქალაქის ცენტრს დაიკავებს.
საპროტესტო ტალღა, რომელიც რუსეთში, თითქოს მინელდა, გუშინ კვლავ გააქტიურდა. „მილიონების მარშმა“ ხელისუფლებას არა მხოლოდ დისკომფორტი შეუქმნა. ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერებმა პოლიციისა და ომონის ჯაჭვის გარღვევა მოახერხეს და ბალოტნაიას მოედანზე მჯდომარე აქცია და კარვების გაშლა დაიწყეს. იუწყებიან 400-მდე დაკავებულის შესახებ. მათ შორის მოხვდნენ ლიდერები - ბორის ნემცოვი, სერგეი უდალცოვი და ალექსანდრე ნავალნი. იყო მსხვერპლიც, - ფოტოგრაფი, რომელიც „მილიონების მარშის“ გადასაღებად ერთ-ერთი შენობის სახანძრო კიბეზე ავიდა, 5-6 სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა. უამრავი ადამიანი დაზიანდა პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგადაც, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები, მათ შორის სერგეი უდალცოვიც.
ოპოზიცია აქციის სისასტიკით დარღვევის შესახებ ყვება, თუმცა ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სამართალდამცველები საკმაოდ „ლოიალურები და რბილები“ იყვნენ.
მოსკოვის გარდა, საპროტესტო აქციები რუსეთის არაერთ ქალაქში გაიმართა, მართალია, არცთუ ხალხმრავალი, მაგრამ ისინი, ვინც ქუჩაში გამოსვლა გაბედა, ერთხმად - „პუტინის გარეშე რუსეთს“ მოითხოვენ, რადგან ცვლილებების პერსპექტივას ვერ ხედავენ.
ამ აზრს რუს ექსპერტთა უმრავლესობაც იზიარებს. მათი განცხადებით, პოლიტიკური რეფორმები, რომლებზეც ვლადიმერ პუტინს წინასაარჩევნო კამპანიისას ჰქონდა საუბარი, ბუტაფორია აღმოჩნდება და რეალობად, მხოლოდ, პოლიტიკური რეპრესიები იქცევა.
ანალიტიკური ცენტრის „პანორამას“ ხელმძღვანელი, ვლადიმერ პრიბილოვსკი ვარაუდობს, რომ პუტინი არ აპირებს რამე შეცვალოს თავის პოლიტიკაში.
საზოგადოებრივი მოძრაობა „მემარჯვენე ძალების კავშირის“ პრეზიდენტი, ლეონიდ გოზმანი კი პირიქით, დარწმუნებულია, რომ პუტინმა, არათუ დაინახა ამბოხებული საზოგადოება, არამედ ძალიანაც შეეშინდა მისი. თუმცა რაიმე ცვლილებებს, ამის გამო, არც გოზმანი პროგნოზირებს. „ჯერ არ ჩანს, რომ მან სერიოზული დასკვნები გამოიტანა იმისგან, რაც ხდება“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ რუსეთის მოქალაქეები პუტინს უკვე 12 წელია უყურებენ და მისი მართვის სტილი საერთოდ არ იცვლება.
სწორედ ვლადიმერ პუტინის მოქმედების ტიპური სტილი აძლევს დუმის ოპოზიციონერ დეპუტატს, ილია პონომარიოვს იმის საფუძველს, რომ ივარაუდოს - საპროტესტო მოძრაობზე პუტინის ერთადერთი პასუხი ოპოზიციის წინააღმდეგ ნაბიჯები იქნება. „ინაუგურაციის შემდეგ პუტინი ოპოზიციის მიმართ შურისძიებას დაიწყებს“ - ამბობს დეპუტატი „სპრავედლივაია როსიადან“.
მიუხედავად ამისა, მოსკოვის დროით 12:00 საათზე, ვლადიმერ პუტინი მარჯვენა ხელს დაადებს რუსეთის კონსტიტუციას და უკვე მესამედ გაიმეორებს ფიცს: ვფიცავ, პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებისას პატივი ვცე და დავიცვა ადამიანისა და მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები…
იმისათვის, რომ ინაუგურაციამ უსაფრთხოდ ჩაიაროს, კრემლის შემოგარენი და ცენტრალური ქუჩები პოლიციის მიერ კონტროლდება, სადაც მეტალის ბარიერები დგას.
0