ვაჟა-ფშაველას „კაი ყმა“ ვაჟა-ფშაველას „კაი ყმა“ />


  12:36:52     03-05-2012

ვაჟა-ფშაველას „კაი ყმა“

a17678.jpg

ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წელიწადი გავიდა. ქართველმა ხალხმა დიდი სიყვარულით აღნიშნა მთის ბუმბერაზის 150 წლის იუბილე.

უამრავი მისი თაყვანისმცემელი ესტუმრა პოეტის მშობლიურ სახლს, ბევრი მის საფლავზე გადიოდა და ლექსებს კითხულობდა თვალცრემლიანი. ჩატარდა ახალგაზრდა პოეტთა კონკურსი. სახელმწიფომაც რამდენიმე ღონისძიება მიუძღვნა საქართველოს საამაყო შვილის იუბილეს.

კარგა ხანია ვაჟა-ფშაველას რომელიმე ნაწარმოები არ გაგვიხსენებია. დღეს გვინდა შემოგთავაზოთ ლექსი „კაი ყმა“, რომელიც ვაჟკაცობის სადიდებელია. ერთხელ ვთქვი და უნდა გავიმეორო, ვაჟა უკვდავია, როგორც უკვდავია იმ მთა-ბარის მცხოვრებთა მომავალი, რომელმაც ის შვა და აჩუქა მსოფლიოს. თუმცა, მსოფლიო ჯერ ისე კარგად ვერ ჩაწვდება მის შემოქმედებას, როგორც ეს საჭიროა. მაგრამ, მოვა დრო და ქართული ენა უფრო მეტად პოპულარული გახდება მსოფლიოში, უფრო მეტი და მეტი ადამიანი შეისწავლის ქართულს და უცხოელთა შორისაც გაიზრდება ჩვენი საამაყო პოეტის თაყვანისმცემლები, კიდევ და კიდევ გამოჩნდებიან მისი შემოქმედების მთარგნელნი და კიდევ უფრო ცნობილის გახდება ვაჟა-ფშაველას სახელი.

სანამ მსოფლიო კარგად არ შეისწავლის საქართველოს ფენომენს, რომლის ერთ-ერთი საუკეთესო სახეა ვაჟა-ფშაველა, მანამდე ხოგაის მინდიასეული მსოფლმიმართება, ჰუმანურობა და ბუნების ნამდვილი შვილობა, ძნელი დასამკვიდრებელი იქნება მსოფლიოში. სანამ ეს მსოფლმიმართება, ამგვარი დამოკიდებულება არ გახდება კაცობრიობისათვის კარგად ცნობილი, მანამდე დემოკრატია, თუმც ძალიან კარგია, მაინც არ იქნება დედამიწის გადასარჩენად საკმარისი, როგორც მორალური, ისე მატერიალური და ეკოლოგიური თვალსაზრისითაც.

წინამდებარე ლექსი კარგად წარმოგვიდგენს ქართველთა დამოკიდებულებას ვაჟკაცობისადმი. აქ კარგად ჩანს ნამდვილი დამოკიდებულება „კაი ყმისადმი“. ნამდვილი ქართველებისათვის „ყმა“ მეომარია, მამაკაცია, როგორც ეს რუსთველთველთანაა. გვიან შუა საუკუნეებში ჩვენმა დაკნინებულმა სახელმწიფოებრიობამ, გადაგვარებულმა იდეოლოგიამ „ყმა“ მონასთან გააიგივა... ეს იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ხალხისათვის, მაგრამ მთაში და დიდი იდეოლოგის, ვაჟა-ფშაველას შეგნებასი ყმა ისევ მამაკაცის შინაარსს ატარებს. შესაძლოა სიტყვა „ყმა“ „ყრმიდანაც“ იყოს ნაწარმოები და ახალგაზრდა მამაკაცს აღნიშნავდეს, თუმცა რუსთველისათვის და ვაჟა-ფშაველასათვის ეს სიტყვა მეომრის აღმნიშვნელია.

კაი ყმა

(ხევსურულ ჰანგზე)

კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო,
ნათქვამი არა გვცხვენოდეს,
მსმენლის გულს აბორგოვებდეს,
არავის არა სწყენოდეს?
ვინა, ვინ არი კაი ყმა,
ვის ტანზე ხმალი ჰშვენოდეს?

მიდით, იქ მიდით, სადაცა
ხალხი ხალხზედა ჰღელავდეს,
მტერი ჩვენ გვცემდეს, ჩვენ - მტერსა,
ხმლები, ხანჯრები ელავდეს.
სისხლის ტბა მუხლებს სწვდებოდეს,
ცოცხლები მკვდრებსა სთელავდეს;
ფარების დადგეს ჯღრდეები,
თვალები თვალებს სწველავდეს;
მოციქულობდნენ ტყვიანი,
შუბები შუბებს სწვერავდეს.
ჭიაფრად მუზარადებსა
სისხლის წვიმაი ჰფერავდეს;
დაგელაობდეს სიკვდილი,
სუდარაებსა ჰკერავდეს.

ვინც მიეგებოს მტერს წინა,
წინ-წინ ვინც რისხვას ეტყოდეს,
სახე სისხლგადამდინარი
ტკივილს არ გამოიტყოდეს,
თავზარსა სცემდეს სიკვდილსა,
ზედ ქორებულად ფრინავდეს,
სიცხეში სიოდ დაჰბეროს,
დაათბოს, როცა ჰყინავდეს.
პირველად ომის დამწყები
ბრძოლის ველს ბოლოს სწირავდეს;
სხვანი იყოფდენ ნადავლსა,
ის ისევ მტრის წინ გრგვინავდეს;
მიძღვნილსა საუფროსოსა
ამხანაგებსვე სწირავდეს.
დარაჯად ედგას ლაშქარსა,
როს ის ღრმა ძილით ხვრინავდეს.
სწორს ფიქრს აძლევდეს თემ-სოფელს,
ცდუნება არა სძირავდეს.

მტრის ჯავრის ედგას ლოგინი,
მტრის ჯავრი საბნად ჰფარავდეს.
იქ იდგას ხმალამოწვდილი,
საც ძალა აღმართს ჰკვალავდეს,
დაბეჩავებულს სიმართლეს
უსამართლობა სძალავდეს.
სხვისა იუბნოს სახელი,
თავის გარჯასა ჰმალავდეს.
მზედ იდგეს ხევსურეთისა,
უხვად შუქს ჩამოჰლალავდეს.
სჯობ, მოკვდეს მშიერ-ტიტველი,
კვდებოდეს, არა გმინავდეს;
თავის სამარხად, სუდრადა,
მარტო სახელსა სწირავდეს.

ვადღეგრძელებდეთ ცოცხალსა,
მკვდრისა ვსვათ შესანდობარი.
წყლული სცნას დედის კოცნადა,
თავის ლოგინად - სამარი,
საკაცე - თავის ლურჯადა,
ქვა-ლოდი - ნაბდად საფარი,
ქალისა, რძლისა ქვითინი
ეგონოს სიცილ-ხარხარი,
დენა ცრემლისა - ხორხოშა,
ღრუბელთა გადმონაყარი.

სულეთს შავიდეს ხმლიანი
ლაღი ლაღისა ცხენითა,
წინ მიუძღოდეს არწივი
ხმით მოყაშყაშე, ფრენითა.
ქება უყივლონ გმირებმა,
გადასრულებმა ჩვენითა.
ერეკლემ ხელი მაჰხვიოს,
დაისვას თავის გვერდითა,
გამაეგებოს თამარი
მცინარი, თავის ფეხითა.
გახარებული უფალი
კარგს ყმას ჯვარს სწერდეს ზენითა.
ანგელოზები ხარობდენ,
ალ-ქაჯნი იყვნენ წყენითა.

აი, ვინაა კაი ყმა,
მოსაგონარი ქებითა!
არა თქვენ, სადიაცენო,
რო ძროხებივით სძღებითა;
ღამე მაძღრები დასწვებით,
დილით მშივრები სდგებითა;
თავის ჯამს ჩასცქერთ, საქვეყნოდ
არც როს არ გამასდგებითა.
თავისად სცოცხლობთ, მცონარედ,
ლეში ალაღოთ, ჰკვებდითა;
გაიგებთ კარგის გარჯასა,
გწყინსთ და შურითა ხდებითა;
უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს,
უქმად საფლავში სწვებითა.
დაჰკარგავთ სააქაოსა,
ვერც საიქიოს სწვდებითა.
არ იცით, დასჩნდით რისადა,
ან რისათვისა ჰკვდებითა! 0

ავტორი: