12:36:12     03-05-2012
გრიგოლ რობაქიძის „საქართველოს“
ეროვნული იდეოლოგია ხშირად გამოსჭვივის ერთ პატარა ლექსში, ან ლექსის სტრიქონშიც კი. შეიძლება პოეტის ერთმა ლექსმა ისეთი აღფრთოვანება გამოიწვიოს, რომ რამდენიმე იდეოლოგიური ტრაქტატის ფასი ჰქონდეს.
ქართველები ბედნიერი ხალხი ვართ, ჩვენი ყველა დიდი მწერალი დიდი ნაციონალისტიც იყო, ეროვნული იდეოლოგი. ალბათ, სხვაგვარად არც შეიძლებოდა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ პატარა ქვეყნის შვილები ვართ, და ჩვენს სამშობლოს მუდამ უამრავი მტერი ეხვია გარშემო; მაგრამ, ეს არ არის მთავარი, ჩემი აზრით, ყველა დიდი ქართველი მწერალი კარგად ხედავ და გრძნობდა და განიცდიდა საქართველოს მისიას.
„ჩვეულებისამებრ მამულისა სვლა“ არა მხოლოდ ჩვეულებრივი მამულის ჩვეულებრივი სიყვარულია თუ ერის შენარჩუნების შეგნებისათვის წარმოთქმული დევიზი. იოანე საბანისძის, გიორგი მერჩულისა და იოანე-ზოსიმეს შემდეგ (და მანამდეც) ყოველ შეგნებულ ქართველს ესმოდა, რომ საქართველო რაღაც უფრო სხვაა, უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ქვეყანა...
იოანე-ზოსიმემდეც ასე იყო. „წმინდა ნინოს ცხოვრება“, რომლის პირველი რედაქცია მეოთხე საუკუნეშივე უნდა დაწერილიყო, სავსეა საქართველოს მისიის შეგნებით. აღნიშნულ დიდებულ თხზულებაში, საქართველო გააზრებულია, როგორც ახალი ეპოქის, ქრისტიანობის, ახალი რჩეული ერის ერთ-ერთი ცენტრი, შეიზლება ითქვას, ერთ-ერთი უმთავრესი ცენტრი.
წმინდა ნინო არა მარტო ჩვენი განმანათლებელია, არამედ ახალი ღვთის რჩეული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მესაძირკვლეც, რომელიც 12 ღირს დედასთან ერთად აყალიბებს ახალ ისრაელს და აშენებს ახალ იერუსალემს...
თუ ძველი ისრაელი დაარსეს იაკობმა და მისმა 12 ძემ, ახალი ისრაელი, უფრო თუ დავაზუსტებთ, ახალი ისრაელის უმნიშვნელოვანესი ნაწილი - საქართველო დაარსეს წმინდა ნინომ და მისმა 12 მოწაფემ, 12 ღირსმა დედამ...
საოცარი სიმბოლოკაა...
ეს მე განმეორდა ვახტანგ გორგასლის დროს, როდესაც ჩვენმა დიდმა ხელმწიფემ ავტოკეფალია მოუპოვა ჩვენს ეკლესიას და საქართველოში ჩამოიყვანა კათალიკოსი და 12 ახალი მღვდელმთავარი...
ეს საოცარი სიმბოლიკა კიდევ ერთხელ განმეორდა, როდესაც ჩვენს სამშობლოში მოვიდნენ იოანე ზედაზნელი და მისი 12 მოწაფე...
გრიგოლ რობაქიძე, ისევე როგორც სხვა დიდი ქართველი მწერლები, დიდი იდეოლოგი გახლდათ. შესაძლოა სხვებზე მეტადაც. მისი წერილები და ესეები საქართველოს საკრალურ მნიშვნელობაზე უმნიშვნელოვანესი ნაშრომებია ქართული ეროვნული იდეოლოგიისათვის. მე თუ მკითხავთ, ასეთი ესეები სკოლაში უნდა ისწავლებოდეს, რათა მომავალმა თაობამ სიყმაწვილიდანვე გაიაზროს როგორი ქვეყნის შვილია.
დღეს გავიხსენოთ გრიგოლ რობაქიძეს შესანისნავი ლექსი „საქართველოს“. ლექსი დამუხტულია იდეოლოგიით. როგორც ბოლოში ჩანს, ჩვენი დიდი მწერალი ქართველთა გაერთიანებას მიელტვის, რაც აუცილებლად მიაჩნია.
„ამაყი ნება“, დიახ, ქართველებს არა მარტო თავისუფალი, არამედ ამაყი ნებაც აქვთ, რის გამოც თავისთავადია, თავისუფალია მუდამ ქართველი და... ეს შურს ბევრს...
უამრავი რამის თქმა შეიძლება ამ ლექსის შესახებ, დღეს კიდევ ერთ წინადადებას დავამატებდი მხოლოდ - ჩვენ ერთიანი სულიკვეთება უნდა გვქონდეს, ყველა საკითხში და „თეთრი ლოცვით ათოვლებული“ ოშკის ტაძარი უნდა გადავარჩინოთ.
საქართველოს
ამაყი ნება: თავადობის და შურის კერძი.
ლაღი თარეში: სილამაზის ეშხით შვებული.
ხელმწიფებისთვის ოქროვანი კოლხეთის ვერძი.
და სისხლის გმირის: შმაგი რიტმით ზარხოშებული.
ტაძარი ოშკის: თეთრი ლოცვით ათოვლებული
საშო ზმანების: ხან მყოფელი და ხან კი ბერწი
სევდათა ვაზის ცრემლიანი მოჭრილი ლერწი
და ცხელი ჯვარი: ნინოს თმებით განათებული.
მე მიყვარს შენი გამოხედვა: ძველი, მესხური,
მზის სინელეში შოთას სიტყვით რომ მოესხურა.
მაგრამ ხედავდე: სააკაძე ლანდივით მოდის:
უცხო შორეთის სიყვარულით პირგამეხილი, -
და უცდის გმირი: გამთელდება ნეტავ თუ ოდეს
შენს უნდო მკერდში მისი ხმალი გადატეხილი.
0