12:47:44     01-05-2012
ივანიშვილების „არუჟიე“...

ქართული გამოთქმაა, „ხემ თქვა, ნაჯახი რას დამაკლებდა, ჩემიანი რომ არ ერიოსო“. ისევ, თავისიანები უთხრიან ბიძინას პოლიტიკურ „თაიმლაინს“ სამარეს. აბა რა ქვია იმას რაც ამ „ევროპულად მოაზროვნე“, „პროდასავლური“ ღირებულებების სუბიექტს საკუთარმა ძმამ გაუკეთა? ალიკოზე მოგახსენებთ, ივანიშვილზე.
ალიკო კომპანია „გლობალ tv“–ის მფლობელია. რამდენიმე დღის წინ, ამ კომპანიამ აბონენტებისთვის შესათავაზებელ ნუსხაში მეტად უცნაური რუსული არხი, სახელწოდებით „არუჟიე“ შეიტანა. შეიტანა კი არა, ეს არხი მაუწყებლობს კიდეც და ქართველებს აჩვენებს, რა ძლევამოსილია რუსული სამხედრო სისტემა.
ძნელი დასაჯერებელია, რომ „პროდასავლურმა“ ბიძინამ ეს ამბავი არ იცის. პუტინის ქართველი დესანტი საქართველოში რომელიც ვითომ ევროპისკენ იყურება, ამ გაცეცხლებული რუსულ–ქართული ურთიერთობის ფონზე, რუსულ „არუჟიეს“ უთმობს დროს...
ქვეყნის მტრის და მოღალატის გარდა, ასეთი რუსული იდეოლოგიური იარაღის გამოყენებას, ვინ დაუშვებდა. „გლობალ ტვ“ აშკარად გასცდა რიგითი მაუწყებლის საზღვრებს და უკვე ღიად, რუსული იდეების პროპაგანდას შეუდგა.
იქნებ ვინმემ წარმოიდგინოს, ისრაელის ტერიტორიაზე ვრცელდებოდეს იმ არხის მაუწყებლობა, რომელიც ირანის შეიარაღებას ასახავს.
ან პირიქით, თვით ირანში როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მის საეთერო სივრცეში, ისრაელის მართლაც საოცარი შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის შესახებ რომ გადიოდეს გადაცემები?
საინტერესოა, რისი თქმა სურს ბატონ ივანიშვილს, გნებავთ ალიკოს, გნებავთ ბიძინას. მართლა ბრიყვი თუ დაიჯერებს, რომ „არუჟიე“ უბრალოდ და მიზანმიმართულად არ მაუწყებლობს საქართველოში. გასაგებია, რომ ბიძინასთვის პუტინი დემოკრატია და ვალოდია რუსი ერის არჩევანია, მაგრამ არსებობს სახელმწიფო ინტერესები. საქართველო მარტო ჭორვილა არ არის, რომ ერთი ოჯახის „პოხონდრიებს“ ითმენდეს.
ალბათ, ჩვენთანაც უნდა იყოს მექანიზმები, რომელიც მოსისხლე მტრის შეიარაღების და სამხედრო ძალების იდეოლოგიური მანქანის პროპაგანდის შეზღუდვას მოახერხებს.
„პრესა.ჯი“ გლობალ tv-ს მარკეტინგისა და განვითარების მენეჯერს ზურაბ ბაზლიძეს დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ რუსული არხი „არუჟიე“ რამდენიმე თვეა უკვე გლობალ tv –ს ქსელშია. „ახლა არ ჩაგვისვამს ქსელში ეს არხი. რამდენიმე თვეა ჩასმული გვყავს. უბრალოდ, აქამდე, ჩვენს სხვა პაკეტში იყო და ახლა სხვა პაკეტში გადავიდა“, – ასე საინტერესოდ განმარტა ბაზლიძემ „არუჟიეს“ შესახებ.
ბიძინაც რამდენიმე თვეა პოლიტიკაშია. ბიძინას გამოჩენას მოჰყვა რუსული „არუჟიეც“. თუ საზოგადოება ამას უბრალო დამთხვევად ჩათვლის, მოგვიწევს დაველოდოთ, სხვა „არუჟიესაც“, მით უმეტეს ოლიგარქი უკვე იმუქრება..
0