ღირსი ბასილის წინასწარმეტყველება დიმიტრი მეფისათვის, “ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ღირსი ბასილის წინასწარმეტყველება დიმიტრი მეფისათვის, “ქართლის ცხოვრების“ მიხედვით />


  08:49:24     01-05-2012

ღირსი ბასილის წინასწარმეტყველება დიმიტრი მეფისათვის, “ქართლის ცხოვრების“ მიხედვით

a17621.jpg

18 აპრილს (ახალი სტილით 1 მაისს) ქარტული ეკლესია აღნიშნავს ღირსი მამის ბასილ რატიშვილის ხსენების დღეს.

1270 წელს დავით ულუს გარდაცვალების მერე ტახტზე ავიდა მისი 11 წლის ვაჟი დიმიტრი II.

1282 წელს საქართველოს პატრიარქი ნიკოლოზ III გადადგა და თავის მამულში წავიდა. მისი გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი უნდა ყოფილიყო მეფის მიერ სამი ცოლის მოყვანა, რომელსაც უშლიდა კათალიკოსი, მაგრამ ვერა შეასმინა. მეფე დიმიტრის (მომავალ თავდადებულს) სულაც არ უნდოდა მრავალი ცოლი, მაგრამ პოლიტიკური ვითარების გამო იძულებული იყო ამგვარად მოქცეულიყო. სიყმაწვილეში ცოლად მოჰგვარეს ტრაპიზონის მეფის ასული, რათა ტრაპიზონზე, მონღოლთა მიერ დასუსტებულ საქართველის არ დაეკარგა გავლენა, მერე მონღოლთა ნოინის ასული შერთეს, ასე უნდოდა ნოინს... შემდეგ ბექა ჯაყელის ასული მოიყვანა მეფემ, რათა შემოემტკიცებინა სამცხე-საათაბაგო...

თუმცა, ამგვარი „პოლიტიკა“ რა თქმა უნდა, ეკლესიის საჭეთმპყრობელს არ მოეწონებოდა. მან თავისი ხელით აკურთხა მეფის ჯვარისმტვირთველი აბრაჰამ I (აბალაკი), რომელიც ქართლის კათალიკოსის ტახტზე იჯდა 1882-1310 წლებში.

ამგვარ ვითარებაში მთაწმინდიდან (ათონიდან) დაბრუნდა მომავალი ქართლის კათალიკოსის, ევფემიოსის (ექვთიმე III) ბიძა, ღირსი მამა ბასილი. იგი ამხელდა მეფეს მისი ცხოვრების წესის გამო. ღირს მამას წინასწარცნობის ნიჭი ჰქონდა მიმადლებული და უწინასწარმეტყველა კიდეც მეფე დემეტრეს:

„ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ და ოჴერ იქმნე სამეფოსაგან შენისა და შვილნი შენნი მიმოდაიბნინენ და სხუამან დაიპყრას მეფობა შენი და იავარ-ყონ სიმდიდრე შენი. და აჰა, ესერა შენ და მთავართა გეტყჳ და ვესავ ყოვლადწმიდასა ღვთისმშობელსა, რომელ სრულ იქმნეს და აღესრულოს სიტყუაჲ ჩემი. უკეთუ ეგო უწესობასა მაგას. მე აჰა ესერა წარვალ“.

დიმიტრი მეფემ არაფერი უპასუხა წმინდა მამას, რადგან იყო პატივისმცემელი სასულიერო პირთა.

გავიდა ხანი. როგორც ვიცით, 1282 წლიდან მონღოლთა ილხანური ურდოს ყაენი იყო აჰმადი. სწორედ მან დაამოყვრა დიმიტრი მეფე დიდ ნოინთან, ბუღასთან. ბუღას ვაჟს ცოლად შერთეს დემეტრეს ასული რუსუდანი.

მალე აჰმადი მოკლეს და ილხანთა ყაენი გახდა აბაღა ყაენის ძე არღუნი. 1288 წელს არღუნმა ბუღა ნოინი ღალატისთვის სიკვდილით დასაჯა, როგორც  „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს, „განუკითხავად“. მოკლეს ბუღას ვაჟი, ყველა ახლობელი, ნათესავი და მის მიერ დაწინაურებული მოხელე...

დემეტრე მეფეც იხმეს ურდოში.

ყველა ხვდებოდა, რომ საქართველოს მეფეს სიკვდილი ელოდა.

მამა ბასილის წინასწარმეტყველება ახდა...

მეფე დიმიტრი მოკლეს, მისი ტახტი ნარინის ძეს მისცეს, „შვილნი მისნი მიმოდაიბნინენ“: ტრაპიზონის მეფის ასული შვილებით, ვახტანგით, ლაშათი და მანოველით, მთიულეთს შეეფარა, მონღოლმა ცოლმა, სოლღარმა თავის მამულში წაიყვანა შვილები: ბაადური, იადგარი და ჯიგდა-ხათუნი, უმცროსი ძე, გიორგი (მომავალი გიორგი V ბრწყინვალე) და დედამისი ნათელა, ბაბუამ, ბექა ჯაყელმა შეიკედლა და გამოზარდა.

წინასწარმეტყველება კი ახდა, თუმცა, საქართველოს ღირსეულმა მეფემ გადამწყვეტ მომენტში სული თვისი დადვა ქართველი ხალხისათვის...

და მეფის მოწამეობრივი საქციელის გამო უფალმა არ გაწირა მისი შთამომავლობა და საქართველო.

მამა ბასილის წინასწარმეტყველების შესახებ გვიამბობს „ქართლის ცხოვრება“.

ქართლის ცხოვრება

ჟამთააღმწერელი

მესამეოცდასამე მეფე ქართლისა
 
დიმიტრი ძე დავით მეფისა, ბაგრატოანი

(ნაწყვეტი)

ხოლო შემდგომად მცირედისა მოკუდა აბაღაცა, და დასუეს ნოინთა ყაენად ძმა აბაღასი აჰმადალ არარა ნიჭთა საჴელმწიფოთა მქონებელი. მაშინ წარვიდა მეფე ურდოსა, აჰმადას წინაშე, სოლო მან პატივ-სცა და შეიწყნარა. მაშინ მუნ ყოფასა მეფისასა მისცა ასული თჳსი რუსუდანი შვილსა დიდისა ბუღასა, რომლისათჳს დიდად განრისხებული ნიკოლოზ კათალიკოსი ფრიად აბრალებდა, და ღმრთისა სასჯელთა თუალ-უხობასა უქადებდა. რამეთუ მუნ ყოფასა დიმიტრისსა ქმნა ბოროტი აჰმადა ყაენმან და მომყვანებელმან ძმისა მისისა ყონღარდასმან საბერძნეთით მოაკუდინა ორნი ძმანი, აბულეთის ძენი, სადუნისგან ლტოლვილნი, და ყონღარდას თანა მოაკუდინა ხუტლუბუღა, ძემან სადუნისმან.

აქამომდე მეფე დიმიტრი, კეთილად მმართებელი, სკიპტრათა სამეფოთა შემკობილი, და მოწყალებისა და მოსამართლეობისა, მონაზონთა და ეკლესიათა, ყოველთა წესთა საღმრთოთა და კაცობრივთა კეთილად ზედამიწევნით მმართებელი, სისრულისაგან მცირედ მიდრკა, და აღერია წარმართთა. და ისწავნა საქმენი მათნი, უძღებებისა და სიძვისა, გულის-სიტყჳსა უკანა შედგომილმან მოიყვანნა ცოლნი სამნი, ერთი ბექას ასული, და სხუა რომელი დედათა შეაცთუნეს სოლომონისებრ, და ურიცხუთა კეთილთა მიერ აღვსებული მცირედ სიბოროტედ მიდრკა, რომლისათჳსცა ნიკოლოზ კათალიკოსი განრისხებული უთქმიდავე და ამხილებდა მრავლად, და ვერ არწმუნა. ამისთჳს დაუტევა კათალიკოსობა, და ჴელითა თჳსითა აკურთხა ჯუარისმტჳრთველი მეფისა აბრაჰამ კათალიკოსად და თჳთ წარვიდა მამულად თჳსად, მოხუცებული, და მუნ იყოფოდა, მრავლითა მოღუაწებითა, მარხვითა, მღჳძარებითა და გლახაკთ მოწყალებითა, და სავსე სათნოებათა ტჳრთითა უფლისა მიმართ მიიცვალა.

მათ ჟამთა მოიწია მთაწმიდით ბასილი მონაზონი, ბიძა ევფემიოს კათალიკოსისა, საღმრთოთა წესითა აღსავსე და წინასწარცნობისა მადლითა განბრწყინვებული; მოიწია წინაშე დიმიტრი მეფისა, გამოცხადებითა ყოვლად-წმიდისა ღვთისმშობელისათა, და ვითარცა მოციქული ძლიერად ამხილებდა და წინააღუდგებოდა მეფესა უწესოსა მისთჳს ქორწინებისა, და ასწავებდა სიწმიდესა, და მოჴსენებდა ტაძრისა ღმრთისა ყოფასა ჩუენსა, და სხეულთა განუხრწნელობისათა, ხოლო ტაძრისა ღმრთისა განუხრწნელისა სიძვათა შინა სასუფეველისა ღმრთისა დამკჳდრებასა და უპოვართა მათ უსასყიდლო მარგალიტთა მოპოებასა ლოცვასა, მარხვასა, გლახაკთ მოწყალებასა, და ლმობიერებასა და უხუებასა, მდინარეთა თანა მწჳრიანთა და უყიანთა ლიამპალთა არა თანაშერთვად ყოფასა. ამას ესევითართა სწავლათა ეტყოდა:

„უკეთუ დაუტევნეს უწესონი ქორწინებანი, მე თავს-მდებ გექმნე, რათა კეთილად წარგემართოს მეფობა შენი“.

და მთავართაცა ამხილებდა უწესოებათა, და უმრავლესთა დაფარულნი გულის-სიტყუანი მიუთხრნის. ესევითარითა სათნოებითა განბრწყინვებულ იყო სანატრელი იგი მონაზონი, და ვითარ ვერა რა არწმუნა მეფესა და შეურაცხ-ყო სიტყუა მისი, კუალად წარმოუდგა მეფესა და მთავართა მისთა:

 „უკეთუ მე ჩემებით რასმე ვიტყჳ, ვითარცა ცრუ წინასწარმეტყუელი, შემაცთუნებელი კაცისა ღმრთისა, რომელი მიივლინა რობოამისსა, ძისა ნაბოტიანისსა, და არა ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა მიერ წარმოვლინებულ ვარ, ვითარ ცრუდ სჯულისა გარდამავალი შეურაცხეთ. და უკეთუ ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა მიერ მოვლინებულ ვარ სწავლად შენდა, არა ცუდ იქმნენ პირველნი საქმენი შენნი, ლოცვა და ცრემლნი შენნი. და უკეთუ არა განეყენო უწესოთა ქორწილ-შეყოფათა, და შეურაცხ-ყვენ სიტყუანი ჩემნი, ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ, და ოჴერ იქმნე სამეფოსაგან შენისა, და შვილნი შენნი მიმოდაიბნიენ, და სხუამან დაიპყრას მეფობა შენი, და იავარ-ყონ სიმდიდრე შენი. და აჰა ესერა შენ და მთავართა გეტყჳ, და ვესავ ყოვლად-წმიდასა ღმრთისმშობელსა, რომელ სრულ იქმნეს და აღესრულოს სიტყუა ჩემი, უკეთუ ეგო უწესოებასა მაგას. მე აჰა ესერა წარვალ“.

ხოლო მეფემან განკჳრვებულმან არა მიუგო სიტყუა, რამეთუ იყო წმიდათა კაცთა პატივისმცემელი...

0

ავტორი: