ვასო გორგაძის „ძველი სოფელი“ და „სოფლის ავდარი“ ვასო გორგაძის „ძველი სოფელი“ და „სოფლის ავდარი“ />


  12:21:55     30-04-2012

ვასო გორგაძის „ძველი სოფელი“ და „სოფლის ავდარი“

a17590.jpg

ცნობილი ქართველი პოეტი და მთარგმნელი ვასო ვასილის ძე გორგაძე დაიბადა 1895 წელს იმერეთში, სოფელ ზედა ილემში, ზესტაფონთან ახლოს.

სწავლობდა კიევის უნივერსიტატში.

პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1910 წელს ჟურნალ „ჯეჯილში“. ვასო გორგაძე ავტორია რამდენიმე ლირიკული კრებულისა: „ექსპრესი“, „მიწა და ფოლადი“, „ორბის სიჭაბუკე“...

ვასო გორგაძემ თარგმნა ნიკოლოზ ნეკრასოვის ლექსები და პოემები, ალექსანდრე ბლოკის „თორმეტნი“, ოსური ხალხური ეპოსი „ნართები“ და სხვა.

ვასო გორგაძე გარდაიცვალა 1973 წელს.

ძველი სოფელი

(ლანდშაფტი)

უბრალო, სუფთა ლანდშაფტი სოფლის,
(ეგზოტიკური უცხო მორგანა),
ღარიბ ჩარჩოში სახე ღვთისმშობლის,
დაუვიწყარი, ვით „დონნა ანნა“.

ცა - ჭორფლიანი მთვარით ნაბური,
ტევრი - დატეხილ ლალის ტვირთებით,
საღამოს სერზე გაშლილი ბური
და ვაზის რტოზე - მწვანე კვირტები.

ნისლების საბანს მთები იცილებს,
ჭალებში ძროხებს ჰშიათ ალერდი,
ეზოში ქორი აფრთხობს წიწილებს,
ბარტყებს ახარებს დედის ალერსი.

მარგლიან სიმინდს მამაკაცები,
ქანაობს ზანტად მაღალი ყანა.
მზე გადიხრება! და აღტაცებით
ისმის ჩიტების წმინდა ოსანნა.

1922 წელი

სოფლის ავდარი

რა საშინელი იყო ავდარი!
გარეთ გამოსვლა ყველას გვიმძიმდა,
სერზე, ვით ძაღლი, გარბოდა ქარი
და განუწყვეტლად მთელი დღე წვიმდა.

აყალო მიწის მღვრიე ტბორებით
გაივსო ზვარის სოველი უბე,
და მეხმა - სეტყვის მაგარ ტორებით -
გადაურბინა მაღლიდან დუბეს.

დაცვინდა ბაღში მწიფე ხეხილი:
ატამი, კომში, ქლიავი, მსხალი,
და ვით გიენა პირგამეხილი,
გათენებისას მოვარდა წყალი.

უნდა გენახათ მაშინ სეირი!
ღელე ვეფხვივით ყეფდა, გრგვინავდა,
მიწა რუებით გადასერილი,
დანით გაფატრულ ხარის ფაშვს ჰგავდა.

და კიდევ დიდხანს ისმოდა შორით
ცოფიან ტალღის მძლავრი გუგუნი
და იოანნეს ცივი ამბორით
კოცნიდა სოფელს ღამის უკუნი!

1926

0

ავტორი: