საფარის სამონასტრო კომპლექსი საფარის სამონასტრო კომპლექსი />


  09:06:39     26-04-2012

საფარის სამონასტრო კომპლექსი

a17473.jpg

„ახალციხის წყლისა მტკურის შესართავს ზეით...ხევზედ არს საფარის მონასტერი, შუენიერად დიდშენი, გუმბათიანი, ყოვლადწმიდისა. ესე იყო შემკული ყოვლითა საეკლესიოსა და წმიდათა ნაწილებითა, და დაეფლოდნენ ათაბაგნი“. (ვახუშტი)

საფარის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ძირძველი ქართული მხარის მესხეთის მიწაზე, ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ათიოდე კილომეტრის დაშორებით. ადრე აქ სამცხის ათაბაგთა, ჯაყელთა, ერთ-ერთი რეზიდენცია იყო, ამიტომ ამ ადგილებში ძველ ნაგებობათა მრავალფეროვნებაა.

საფარის კომპლექსი მაღალი მთის ტერასაზე ტყით დაბურულ ვიწრო ხეობაშია განლაგებული, რომელიც ქვემოთ ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე ურაველისწყალი მიედინება. სამონასტრო კომპლექსში სხვადასხვა ეპოქის მრავალი ნაგებობა შედის. მათ შორის ცენტრალურია წმ. საბას ტაძარი. მის გარდა აქაა რადენიმე დიდი და პატარა ეკლესია, სამრეკლო, საცხოვრებელი სახლები, სასახლე, კოშკები, სენაკები და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა. ეს შენობები მთის ფერდობის სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარეობს. საფარის ანსამბლის დღემდე მოღწეულ ნაგებობებიდან უძველესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. იგი X საუკუნით თარიღდება. მას მოგვიანებით მიადგეს წმიდა საბას სახელობის ეკლესია, რომლის თანადროულია იქვე, დასავლეთით მდგარი სამრეკლო. წმიდა საბას სახელობის ტაძარი XIII-XIV სს. მიჯნაზეა აგებული. მისი აშენება უკავშირდება სამცხის მმართველებად ჯაყელთა ფეოდალური გვარის აღზევებას (XIII ს. ბოლოს). მართალია, მისი აგების შესახებ ისტორიული წყაროები თითქმის არაფერს გვაუწყებენ, მაგრამ ტაძრის კედლებსა და ფრესკებზე შემორჩენილი წარწერები მისი დათარიღებიისა და ქტიტორთა შესახებ ძალზე საინტერესო ცნობებს იძლევა.

ამ მხრივ ყველაზე მეტყველ მასალას გვაძლევს ტაძრის სამხრეთი კედლის მხატვრობის ქვედა რეგისტრზე არსებული ოთხი პირის ჯგუფური გამოსახულება. მათგან პირველი სასულიერო პირია შავი მოსასხამით, რომლის თავთან არსებული ასომთავრული წარწერა - (საბა ათაბაგი) იდნეტიფიცირებულია სამცხის ცნობილ ათაბაგთან სარგისთან (ე.თაყაიშვილი), რომელიც ბერად აღკვეცის შემდეგ საბას სახელს ატარებდა. საბას უკან დგას ბექა მანდატურთუხუცესი, რომელსაც ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს. იგი ქტიტორია ტაძრის, რომელიც მამის - სარგისის ბერად აღკვეცის შემდეგ ხდება ათაბაგი და მამის სიცოცხლეშივე, დიდად ნაამაგარი სარგისოყფილ საბას სახელზე აშენებს ტაძარს. ამ ცნობას ძველი ქართლის ცხოვრების ბოლო ასწლოვანი მონაკვეთის ავტორის ჟამთააღმწერელის უწყებაც ადასტურებს: „განდიდნა სამცხის სპასალარი და მეჭურჭლეთუხუცესი სარგის ჯაყელი და ძე მისი ბექა, რომელნი მთავრობდეს სამცხეს... იყო ესე ბექა... მაშენებელი ქუეყანათა, ეკლესიათა და მონასტერთა...“ ჯგუფური ფრესკის მეორე პირი, წარწერის მიხედვით სამცხის სპასალარი სარგისია, ხოლო ჯგუფის ბოლოს მდგარი უწვერული ახალგაზრდა, რომელსაც წარწერა არ შერჩენია, ესაა „ბექას მეორე ვაჟი ყუარყუარა“ (ე.თაყაიშვილი).

იქვე ფრესკაზე, სარგისის თავს ზემოთ, მოთავსებული ყოფილა მშენებლობისა და მხატვრის მაუწყებელი წარწერა, რომლის მარჯვენა ნაწილი ბათქაშიანად ჩამოცვენილა. წარწერის შერჩენილი ფრაგმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ტაძრის მომხატველიც ბექა მანდატურთუხუცესი ყოფილა.

ტაძრის კარიბჭის დასავლეთის სარკმლის ორივე თაღზე და მარჯვენა კედელზე საღებავით შესრულებული წარწერები იუწყება მისი ხუროთმოძღვრის შესახებაც: „სრულ იქნა საყდარი ესე საძრიკვლითვე ყოველითა ფერითა ხელითა ფარეზას ძისათა, შეუნდვენ ღმერთმან“. ამდენად, წარწერის მიხედვით ტაძრის მაშენებელი „ფარეზას ძე“ ყოფილა (პ.ზაქარაია), ხოლო კეხის ქვაზე გამოსახული პირი, რომელსაც გონიო და ჩაქუჩი უჭირავს, თავად ფარეზ ხუროთმოძღვრად არის მიჩნეული. ამ მოსაზრებას ფიგურასთან არსებული წარწერაც განამტკიცებს, რომელიც ამგვარად იკითხება: „ფარეზს შეუნდვნენ ღმერთმან“ (ვ.ბერიძე).

ტაძრის დასავლეთის კედლის, კარის ტიმპანის და პატრონიკეთა განაპირა მრგვალი სარკმელების ირგვლივ არსებული ეპიგრაფიკული წარწერები იმ კერძო პირთა ვინაობას გვატყობინებს, რომელთაც გარკვეული მონაწილეობა მიუღიათ ეკლესიის მშენებლობაში, ან შეწირულობები შეუწირავთ. მათგან იკითხება: „სვიმეონ ბე(რი...)ს“, ოქროპირ გაბეცას ძის“, „ღავასა შვილის“ და „მწირის გიორგი მალეს“ სახელები.

ეპიგრაფიკული წარწერების მრავალრიცხოვნების მიუხედავად ტაძრის აგების თარიღის შესახებ არაფერია უწყებული, თუმცა ქართლის ცხოვრების მიხედვით ცნობილია დაახლოებითი თარიღი ბექას სამცხეში გამთავრებისა და, აქედან გამომდინარე, საფარის წმიდა საბას სახელობის ტაძრის აგებას მე-13 ს. 80-იან წლების დასაწყისს მიაკუთვნებენ (პ.ზაქარაია).

ტაძრის ასაშენებლად რთულ რელიეფიან ხევში მშენებლებს საგანგებო ბაქანი შეუქმნიათ და ამისთვის ხელსაყრელ ადგილად უკვე არსებული მიძინების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია მიუჩნევიათ, ამიტომაც წმიდა საბას ტაძარი უშუალოდ არის მიდგმული ძველ საყდართან. ახალი ტაძრისთვის სამი მხრიდან - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მშენებლებს დაუტოვებიათ შესასვლელები, მაგრამ ხატმწერს სამხრეთის კარი ამოუშენებია და მთელი ფასადი ერთიან მოსახატ სიბრტყედ გადაუქცევია.

ტაძრის შიდა სივრცის მთავარი ნაწილი შექმნილია ცენტრალური ჯვრით, რომლის აღმოსავლეთის მკლავი აფსიდით მთავრდება, დანარჩენი კი სწორკუთხაა. ამათგან სამხრეთის და ჩრდილოეთის მკლავები მოკლეებია, ხოლო დასავლეთისა მათ თითქმის ორჯერ აღემატება. აფსიდისა და ბემისაგან შემდგარი საკურთხეველი შეისრული კონქითა და კამარითაა გადახურული. საკურთხევლის ცენტრში ტრაპეზია. საკურთხევლის სამხრეთით და ჩრდილოეთით სადიაკვნო და სამკვეთლოა. ორივე სათავსო ერთნარია. მათი ძირითადი სივრცის საფუძველი კვადრატს უახლოვდება და აღმოსავლეთით ღრმა აფსიდით მთავრდება. ამ სათავსოთა განათება აღმოსავლეთის მხრიდან არსებული თითო სარკმლით ხდება. სადიაკვნესა და სამკვეთლოს თავზე ე.წ. საიდუმლო ოთახებია განლაგებული. სადიაკვნისა და სამკვეთლოს შესასვლელები დარბაზიდანაა, სამკვეთლო საკურთხეველთან კარითაა დაკავშირებული.

ტაძრის ცენტრალური სივრცის დამაგვირგვინებელი გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის პილონებს. ტაძრის შიდა სივრცე საშუალოდაა განათებული. სინათლის ძირითადი წყარო გუმბათის ყელში არსებული რვა სარკმელი და ჯვრის ყოველ მკლავში განლაგებული თითო სარკმელია. წმიდა საბას ეკლესიის კედლის ძველი მიძინების კედელზე მიშენების გამო ერთმანეთში შესასვლელი კარი არის გაჭრილი. ეკლესიათა იატაკების დონეთა დიდი სხვაობის გამო ახალი ტაძრიდან ძველში ჩასასვლელად კიბეა მოწყობილი. ახალ ტაძარში, სადიაკვნოს ქვეშ დუღაბის კამაროვანი გადახურვითა და დიდ ლოდებიანი კედლებით ნაშენი სათავსი - საძვალე სამარხი ყოფილა. დასავლეთის კარიბჭე სანახევროდ ღია სათავსს წარმოადგენდა. მისი სამხრეთის მხარე პატარა სამლოცველოს უკავია, ხოლო მოპირდაპირე - ჩრდილოეთის მხარეს კედელია პატარა კარითურთ, დასავლეთის მხარე კი ღიაა სამი შეისრული თაღით.

საფარის წმიდა საბას სახელობის ტაძარი არქიტექტურული თვალსაზრისით შუაფეოდალური ხანის ცენტრალურ-გუმბათოვან ეკლესიათა განვითარების უკანასკნელ საფეხურზე დგას. მასში ჯერ კიდევ ჩანს ქართული საეკლესიო არქიტექტურის სიდიადე, იგი გრანდიოზულისა და დიდებულის შთაბეჭდილებას ტოვებს. ტაძრის ზომებია 21,6X16, 6 მ. სიმაღლე გუმბათის წვერამდე 22,5 მ. მას საკმაოდ ვრცელი ინტერიერი აქვს, გარე მასები კი იმპოზანტურად გამოიყურება. ინტერიერის ყველა ნაწილი კარგადაა ურთიერთშერწყმული, შიდა კედლების ჰორიზონტალური დაყოფა პროპარტიულ ჰარმონიას ქმნის.

ტაძრის თავისებურებას, რომელიც ორიგინალობადაც ითვლება წარმოადგენს პატრონიკე. იგი მდებარეობს დასავლეთით, გვერდითი ნავების თავზე. პატრონიკეები ორმხრივ ღიაა. მსგავსი დეტალი დამახასიათებელი არ არის ამ ტიპის ტაძრებისათვის, მაგრამ დროდადრო მაინც მიმართავენ ხოლმე. საფარაში პატრონიკეებს მუდმივი კიბე არა აქვთ, ამიტომ აქ მოხვედრა მხოლოდ ხის კიბით შეიძლებოდა ჩრდილოეთის პატრონიკედან არსებული ხვრელებით, მაგრამ, ეს ხვრელი ისე პატარაა, რომ ასვლა საკმაოდ ძნელი იქნებოდა (პ.ზაქარაია). ამის გამო საფარის პატრონიკეთა ფუნქციურობაზე სერიოზული ეჭვი არსებობს (ვ. ბერიძე). ინტერიერის გაფორმების მრავალფეროვნებას გუმბათქვეშა კვადრატის ოთხივე კუთხის ორ-ორი დამუშავებული ლილვით წარმოდგენაც მიანიშნებს. ლილვებს ბურთულების კაპიტელები და ბაზისები აქვს. ინტერიერის თავისებურებას ასევე წარმოადგენს ნიშა აფსიდში, რომელიც ცენტრში, სარკმლის ქვეშ მდებარეობს. იგი განკუთვნილი ყოფილა მღვდელმთავრის ჩამოსაჯდომად. იგი საგანგებოდაა მორთული შეწყვილებული ლილვებით, რომელთაც მარტივი კაპიტელები და ბაზისები აქვთ.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ საფარის ტაძრის შიდა სივრცე წარმოადგენს, ერთი მხრივ ტრადიციების გაგრძელებას, ხოლო მეორე მხრივ, მასში ძალიან ბევრი რამ ახლებურადაა გადაწყვეტილი. ექსტერიერშიც დაახლოებით ასეთივე სურათია და სწორედ ეს მხარე ქმნის მას ეპოქალურ ტაძრად. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ტაძრის არც ერთი ფასადი მორთულობით გადატვირთული არ არის. ორიგინალური გადაწყვეტით კი აღმოსავლეთის ფასადი გამოირჩევა, რომლის პირდაპირი ანალოგია არ მოიძებნება. მისი დამახასიათებელი ნიშანი ფასადის ცენტრალურ შვერილ ნაწილზე არსებული სამი სარკმელია, რომელთაგან პირველი და მესამე ცენტრში არსებული მოზრდილი მაღალი სარკმლის ზემოთ, მარჯვნივ და მარცხნივ არიან განლაგებული და მათი ზომები ძალზე მცირეა, რის გამოც „ხარისთვალა“ სარკმლებადაა სახელდებული (პ.ზაქარაია). საფარის ტაძრის ოსტატის მიერ შექმნილ აღნიშნულ კომპოზიციას არც წინამორბედი ჰყოლია და არც მიმდევარი.

საფარის ტაძრის ფასადებიდან თავის ხანას ყველაზე უკეთ ჩრდილო ფასადი წარმოადგენს. ჩრდილო ფასადზე ჯვრის მოთავსების ტრადიცია მანამდე არ არსებობდა.

საფარის გუმბათის ყელისა და კარიბჭეთა მორთულობის შესახებაც ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი შეიძლება გამოიკვეთოს, რითაც იგი წინა და შემდეგდროინდელი ტაძრებიდან მკვეთრად გამოირჩევა. საფარელ ოსტატს მორთულობის გამარტივებისა და სისადავისაკენ სწრაფვა ახასიათებს.

საერთოდ კი საფარა ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ტაძარია. მასში ერთი მხრივ ჩანს წინა საუკუნეების დიდებული მემკვიდრეობითობა და, მეორე მხრივ იმ დაღმართის საწყისი ეტაპი, რაც შემდეგდროინდელი ქართული სატაძრო არქიტექტურის დამახასიათებელ ნიშნად გვევლინება.

წყარო

0

ავტორი: