სიმონ ჩიქოვანის უკანასკნელი ლექსი სიმონ ჩიქოვანის უკანასკნელი ლექსი />


  08:51:04     25-04-2012

სიმონ ჩიქოვანის უკანასკნელი ლექსი

a17431.jpg

1966 წლის 24 აპრილს თბილისში გარდაიცვალა დიდი ქართველი პოეტი სიმონ ჩიქოვანი.

მისი გარდაცვალების დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ მისი უკანასკნელი ლექსი „...ჩემს სიყვარულში ნუ დაეჭვდები“, ასევე მისი ლექსი „მოსაგონარი“, რომელიც თავისი უდროოდ გარდაცვლილი დისადმი აქვს მოძღვნილი პოეტს.

1902 წლის 27 დეკემბერს სამეგრელოში, სოფელ ნასაეკავოში დაიბადა დიდი ქართველი პოეტი სიმონ ჩოქოვანი. მაშინდელი 27 დეკემბერი ახალი სტილით 9 იანვარია.

მამა, ივანე ჩიქოვანი განათლებული კაცი ყოფილა. დედა დაბადების წელსვე გარდაეცვალა... მამას ოცნება ჰქონდა, სიმონი სამთო ინჟინერი გამოსულიყო.

მის აღზრდაში დიდი როლი შეასრულეს ბებიამ და ძიძამ. ბავშვობის წლები გაატარა მეზობელ სოფელში, ტყვირში, ბებიასთან. ბებია განათლებული ქალი იყო და შვილიშვილს ქართული მწერლობისადმი სიყვარულს უნერგავდა. „ჩემი გვარეულობა, ცნობილი იყო ოჯახური პოეტებით - ბევრი ჩემი წინაპართაგანი ლექსად აწარმოებდა მიწერ-მოწერას და მე ვფიქრობ, რომ პოეზიისადმი მიდრეკილება ჩამესახა ბავშვობაში, საკუთარ ოჯახში“ - წერდა პოეტი.

1914 წლიდან სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, რომელიც დაასრულა 1921 წელს. ზაფხულობით სოფელში მიწას ამუშავებდა და ბავშვებს ამეცადინებდა, ამგვარად აგროვებდა სწავლის ფულს. 1918 წელს მამა გარდაეცვალა. რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1922 წელს თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.

თავიდან გატაცებული იყო ავანგარდიზმის ერთ-ერთი რადიკალური ფორმით, ფუტურიზმით. 1922 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, ჩამოაყალიბა ფუტურისტული ლიტერატურული ჯგუფი და გამოაქვეყნა ქართული ფუტურიზმის პირველი საპროგრამო მანიფესტი – „საქართველო – ფენიქსი“. 1924-28 წლებში მისი ხელმძღვანელობით გამოვიდა ქართული ავანგარდისტი მწერლების პერიოდული ორგანოები: “H2SO4″, „ლიტერატურა და სხვა“, „დროული“, და „მემარცხენეობა“.

შემდეგ მის შემოქმედებაში გარდატეხა მოხდა: „ჩემი ნამდვილი არსებობა დაიწყო მას შემდეგ, რაც დაიწერა ლექსები: “წვიმაში”, “უშგული”, “მიძღვნა ვარძიის ოსტატისადმი”, “თეიმურაზ პირველი”, “განშორება”, “შენი ჩრდილის საძებნელად”. სიმონ ჩიქოვანი სამშობლოს სიყვარულით აღვსილი პოეტია, ბუნების ფაქიზი მხატვარი...

პოეტის პირველი კრებული „ფიქრები მტკვრის პირას“ გამოვიდა 1925 წელს. ამას მოჰყვა კრებული „მხოლოდ ლექსები“, რომელიც 1930 წელს გამოვიდა.

1934 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი გახდა. 1944-1951 წლებში ხელმძღვანელობდა მწერალთა კავშირს. 1954-1960 წლებში იყო ჟურნალ „მნათობის“ რედაქტორი.

სიმონ ჩიქოვანი აქვეყნებდა ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს, ესეებს, თარგმნიდა. მისი ლექსები თარგმნილია არა ერთ ენაზე.

როგორც ვთქვით, დიდი პოეტი გარდაიცვალა 1966 წლის 24 აპრილს, თბილისში. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მოსაგონარი

ღარიბი იყო ბავშვობა ჩვენი:
კაკლის ჩრდილი და ოდის ლაფარო,
ეზოში მდგარი ნაზი ნაშენი,
როგორ გაზრდილხარ, ჩემო ზღაპარო!

კაკლის ჩეროში შენი აკვანი
დამირწევია ნიავისგვარად.
გაგიგონია ქათმის კაკანი,
შეგიწყვეტია ტირილი წყნარად.

ჩემო ოცნებავ, მაშინ აშენდი,
ჩემო პატარავ, ტირილით მენდე,
ჭილობზე როცა გათამაშებდი
ან როცა ფეხი აიდგი შემდეგ.

მე ვუცქეროდი ცაში არწივებს...
არ დაებჭყალეთ, მიპყრობდა ზაფრა.
როგორც ნიავმა, აკვნით გარწიე,
აგიფრიალე წყაროში აფრა.

ჩვენ სიღარიბემ წაგვართვა მამა.
კაკლის ჩეროში ობლები დავრჩით.
თუმც არ გვაკლებდნენ კერიის ამაგს,
მაინც ვნატრობდით მშობლიურ აჩრდილს.

დავიკარგენით ჩვენ სათითაოდ,
თითქო დიკენსის ბავშვებს ვხლებოდით.
ვერ გნახულობდი თვეობით, დაო,
მაგრამ მახლობლად მეგულებოდი.

შენ წარსულიდან წამოგყვა ჭლექი
და დაგიდუმდა გული ყმაწვილი.
და ვამბობ: დაო, დავკარგე-მეთქი
ჩემი ცხოვრების ერთი ნაწილი.

მაგრამ ვიფიქრებ, შემხვდები გზაში,
ისე შემრჩება შენი სალამი,
შენი ცხოვრებაც ყვავილობს ხალხში,
როგორც ბარი და ჩემი ვარამი.

1940

* * *

არ მშორდება ჭირვეული მარტი,
ჩამიქროლებს ქარით ეტლიანი.
გამომტაცა ყველა მისამართი
და ვერ შევძელ გზებზე ხეტიალი.

აფრებივით ფარფატებენ დღენი
ჯერ მთებია, მერე მკრთალი ხევი.
ჩემს ხელნაწერს ვერსად მივაგენი,
ვერ ვიპოვე მოძმის ნაკვალევი.

სად მივდივარ, ან მოვდივარ სიდან,
ნუთუ მართლა დამელია ჯადო
და სიცოცხლე, მხოლოდ ერთი ციდა,
ყველა გამვლელს როგორ ვუწილადო.

იანვარი, თებერვალი, მარტი,
სამი თვეა მეტად უღიმღამო.
გულის ჯამში დამიგროვდა ჭვარტლი
მოგიზგიზე სიყვარულის გამო.

1966 წლის 13 მარტი, დილის 10 საათი. უკანასკნელი ლექსი.

0

ავტორი: