ვახტანგ ღლონტის ნამდვილი ცხოვრება მის ლექსებშია ვახტანგ ღლონტის ნამდვილი ცხოვრება მის ლექსებშია />


  08:50:07     25-04-2012

ვახტანგ ღლონტის ნამდვილი ცხოვრება მის ლექსებშია

a17430.jpg

ქართველი მკითხველი კარგად იცნობს პოეტ ვახტანგ ღლონტს. მის შესახებაც ბევრი რამ თქმულა თუ დაწერილა, თუმცა სჯობს თავად გვიამბოს საკუთარი თავის შესახებ:

„დავიბადე 1954 წლის 4 დეკემბერს ბათუმში, იმხანად ძალიან ცნობილი კაცის, პაატა ღლონტის ოჯახში, რომელსაც მძიმე ბავშვობა და კიდევ უფრო მძიმე ახალგაზრდობა ჰქონდა. მან ღირსებით და სახელით განვლო ამქვეყნიური ჯოჯოხეთის ყველა სკნელი. ამიტომაც განსაკუთრებით უყვარდა ქალაქს.

მახსოვს, უკვე სამი შვილის მამა, თავისი მცირე შემოსავლის უმეტეს ნაწილს წიგნებში ხარჯავდა...ჩვენთვის,რა თქმა უნდა, თუმცა, არანაკლები მკითხველი იყო თავად. მე დავამთავრე - ჯერ ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდგომ სასულიერო აკადემია. ვწერდი ბავშვობიდან, უფროსი ძმის მიბაძვით, რომელსაც, ასევე, საინტერესო ბიოგრაფია ჰქონდა და ბოლოს ბერად შედგა...სამწუხაროდ, მამაჩემი ვერ მოესწრო ჩვენს „დალაგებულ“ ცხოვრებას (თუ არსებობს ასეთი რამ საერთოდ),რადგან თვითონ დროება იყო დაულაგებელი.

ეს მერე იყო ყველაფერი...იყო ჩემი წიგნებიც და ლიტერატურული პრემიებიც. საკმარისი სიხარული და საკმარისზე მეტი მწუხარება. იყო, რა თქმა უნდა, სიყვარულიც და ზიზღიც, გამარჯვებაც და გაწბილებაც. იყო ელდაც, სიკვდილთან სიახლოვით გამოწვეული და მოულოდნელი აღდგომით განცდილი ნეტარებაც. „იყო“ -  სწორედ ეს გახლავთ ის მთავარი სიტყვა,რომლის შიშიც შობს კაცში - პოეტს, ფილოსოფოსს, მეოცნებეს ბოლოსდაბოლოს. დედამიწა ხომ უზარმაზარი მრგვალი კათედრაა, საიდანაც უხსოვარი დროიდან კითხულობს უჩინარი პოეტი იმ უკვდავ და უთავბოლო პოემას, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია.

„ერთხელც, ვიცი, ბნელ ღამეში
დაშნის წვერი იელვებს...
კი არ ვტირი, კი არ ვმღერი,
სიკვდილს ვათვინიერებ.“

ყველა, ვინც წერს, ხატავს ან მღერის - სინამდვილეში სიკვდილის მოთვინიერებას ცდილობს. ყველა სხვა მიახლება სიტყვასთან, ფერთან, მელოდიასთან, უბრალო მომხმარებლობაა და მეტი არაფერი... დანარჩენს ჩემს ლექსებში ამოიკითხავთ; პოეტის ნამდვილი ცხოვრებაც იქ არის...

***

გაცვდნენ საუკუნენი მხსნელის მოლოდინში,
საუკუნოდ იძინებს უძველესი ჯიში.
საშომ შეგინებულმა ღმერთი როგორ შობოს,
ღმერთო, რა ეშველება სამშობლოთი ობოლს.
როგორც დიაცს, დაცემულს, ათრევენ და ყვლეფენ
მხედარიც და ვაჭარიც, ბოგანოც და მეფეც!

ვეღარც ლექსით გაფხიზლებ, ვეღარც ხანჯლით გიშველი,
(ყველა ბავშვი ბრძენია, ყველა მეფე - შიშველი!)

ერთი კაციც არა ჩანს, მრწმენი და უზადო,
ნათელს ჭეშმარიტების გზა რომ განუმზადოს.
ისევ ამპარტავნების მივდგომივართ ფლატეს,
ამ ჩვენს მარადიულად ერთგულ მოღალატეს.
ისევ მშობლის საფლავზე წარმართული როკვა,
რამაც ჩემი სამშობლო არაერთხელ მოკლა.

ვეღარც ლექსით გაფხიზლებ, ვეღარც ხანჯლით გიშველი,
(ყველა ბავშვი ბრძენია, ყველა მეფე - შიშველი!)

ისევ რომ გადაიხსნას სანუგეშოდ ზეცა,
ბრმანი, ბრმათა მოძღვარნი, ვით შევიცნობთ ღმერთკაცს.
ისევ რომ შეიკრიბოს საიდუმლო დასი,
ისევ გაიჩხრიალებს ვერცხლი იუდასი.
ისევ მივგვრით ქალწულებს სისხლით გამტყვრალ ლოთებს
ისევ იწიწამურებს, ისევ იგოლგოთებს.

ვეღარც ლექსით გაფხიზლებ, ვეღარც ხანჯლით გიშველი,
(ყველა ბავშვი ბრძენია, ყველა მეფე - შიშველი!)

გუნდი სირაქლემების ხმაშეწყობით გალობს:
„ფენიქსივით აღვდგებით! - (აღდგომა და ხვალო!)
ვინ შეისმენს ქვრივ-ობლის მოთქმასა და წუწუნს.
ჩაფრენიან კბილებით მომაკვდავის ძუძუს.
დახვევიან დედის მკერდს მაღრჩობელა გველად...
ყველა დამნაშავეა, ყველა, ყველა, ყველა!

ვეღარც ლექსით გაფხიზლებ, ვეღარც ხანჯლით გიშველი,
(ყველა ბავშვი ბრძენია, ყველა მეფე - შიშველი!)

1994

***

სხივი ბეთლემის ქვაბიდან
აღწევს ბათუმის ბაგამდეც,
მე ისე შეგითამამდი,
ვგრძნობ, მალე უნდა დაღამდეს!

დეკემბრის ოცდახუთიდან
რაა დეკემბრის ოთხამდე,
დეკემბრის თვეში დედები
ახალ სამოსში მოგვრთავენ.

შავი ზღვის სანაპიროდან
გეძებდი იორდანემდე,
ვიცი, ეშმაკის პირობას
რადაც არ უნდა დანებდე.

ვნახე დევნაც და პატივიც,
ვარ განწირულთა სახლიდან,
ვერც მე ვგუობდი ტაძრისპირ
ფარისეველს და დახლიდარს.

მებრალებოდნენ მეძავნი,
ვამქრობდი ავაზაკებთან,
ათასი კაცი მლანძღავდა,
ათჯერ ათასი მაქებდა.

ვცნობდი კანონისმცოდნეთ და
კაცობის უვიც მწიგნობართ,
სუყველგან იუდაური
ხვევნა-კოცნა და ციგნობა.

ცრემლიც და სისხლიც მადინეს
ბრმათა სიგლახით მომძღარი,
ბრბოს მიმხედრებდა რამდენი
ერის მამა და მოძღვარი.

გაყიდულ-გამოყიდულის
ქვეყნად პატრონი არი ვინ?!
ვარ ასე, გამოკიდული,
ჯვარზე გაკრული ჯვარივით...

გეთსიმანიის ბაღიდან
მოვლენ ბათუმის ბაღამდეც,
მე ისე გიახლოვდები
ვგრძნობ, მალე უნდა დაღამდეს!

1994

***

როცა მზე ლომზე შევალს,
როცა შემოვალს ჰეროდე;
როკავდეს სალომეა,
ჰეროდეადა მღეროდეს.
ვიგრძნობ სიკვდილშიც შველას,
ოღონდაც უფლის მჯეროდეს.

როცა მზეს მთვარე შეცვლის,
როს მოძღვარს გაცვლის იუდა;
მას ოცდაათი ვერცხლი
ოცდაათ სიკვდილს მიუტანს.
ამხელა ამბის შემსწრეს
მქონდეს იმედი კი უნდა.

და, როცა სამი ჯვრიდან,
ერთი ისეა მაღალი;
ცასაც ხელს შეუწვდიდა
იმ ჯვარს ზედ ვინც დავაკალით,
ვით არ მიყვარდეს დიდად,
ვინც მაძლევს ასეთ მაგალითს.

მერყევი, მაინც კლდე ვარ;
მე - სამჯერ, სხვებმა - სამასჯერ...
ყურში ვუგმირე მხედარს,
ყურზე ხახვიც ვერ დამაჭრეს.
ჩემს უფალს ხელებს ხვევდა
ის საოხრე და საბაწრე.

აღდგა, ხომ მაინც აღდგა!
რისი „ვუი“ და რისი „ვა...“
მეც აქ დამაგდო, რადგან
იქ ყოფნის მე რა ღირსი ვარ...
ამ ბრმას, რა ძალა ადგას,
თვალები რომ დაისივა.

ახლა კი ვიყოთ ასე -
ერთად და, მაინც თავისთვის.
ღმერთს არ ვისვამდით თავზე,
ბოლოს ეშმაკი დავისვით.
მე თქვენთან როგორ დავრჩე,
წავალ... სად წავალ - რა ვიცი?!

მწამს... ვიმედოვნებ... მიყვარს...
მჭამს ეჭვი აუწერავი;
ყოველ ამბორში - სიძვა,
ყოველ მზერაში - მზვერავი ...
ამ უსამართლო მიწას
ვერ შემარიგებს ვერავინ!

1998

***

ყვავილნარში ყვავილები ყვავილობენ კვლავაც,
მზე სამზეოს ამზეურებს უმზეობით დაღლილს,
აღარ დევნის მადევარი დევნილს მოსაკლავად,
და ტალღებში ტალღა ტალღას ტალღასაც არ ახლის.

უნაპირო ნაპირებთან განაპირა ვდგავარ,
მარტოსული მარტოობას მარტოობით ვებრძვი,
სიყვარულო, შემაყვარე, ვინც მიყვარდა, კვლავაც
სიძულვილო, შემიძულე მძულვარების მსხვერპლი.

მახსოვრობავ, გამახსენე სახსოვარი ძველი,
საპოვნელავ, მაპოვნინე უპოვნელი კაცთა,
მოლოდინის მომლოდინე ველოდი და ველი,
სიცოცხლეო, გამიცოცხლე უსიცოცხლო განცდა.

დავბრუნდი და, უბრუნებლის დაბრუნებას ვცდილობ,
წასასვლელი წასულა და წაუსვლელიც წავა,
დე, სიკვდილმა, სასიკვდილო, მომკლას უსიკვდილოდ,
ყვავილნარში ყვავილები ყვავილობენ კვლავაც.

1980

0

ავტორი: