08:46:08     25-04-2012
მონრეალის ივერიის ღმრთისმშობლის მირონმდინარე ხატი
1981 წელს ათონის წმიდა მთაზე შეიქმნა ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ასლი, რომელსაც წილად ხვდა გამხდარიყო ერთ-ერთი უდიდებულესი მოწმობა XX საუკუნის ადამიანებისადმი ღმრთის დედის გამოუთქმელი წყალობისა. საკვირველთმოქმედი ხატის ისტორია დაკავშირებული ესპანური წარმოშობის ჩილელის, იოსებ (ხოსე) მუნიოს კორტესის ცხოვრებისეულ ხვედრთან.
იოსების მშობლები იყვნენ მგზნებარე კათოლიკები. როგორც თავად იოსები მოგვითხრობს, ბავშვობაში ზურგზე მოკიდებული ჩანთით შევიდა მართლმადიდებლურ ტაძარში და იმ დროიდან მისი გული იქ იმყოფებოდა. მართლმადიდებლობა მან თოთხმეტი წლის ასაკში მიიღო. ოჯახი გაგებით შეხვდა იოსების არჩევანს. იგი იყო ხატმწერი და ასწავლიდა ხელოვნების ისტორიას მონრეალის უნივერსიტეტში. 1982 წლის შემოდგომაზე იოსები მეგობრებთან ერთად ათონის მთაზე გაემგზავრა, რადგან დიდი სურვილი ჰქონდა მოენახულებინა ხატწერის მდიდარი ტრადიციებით განთქმული წმინდა დანიელის სკიტი. სკიტისაკენ მიმავალთ გზა აებნათ და შემოაღამდათ. ბილიკმა ისინი სხვა, ქრისტეს შობის სახელობის ღარიბულ სკიტში მიიყვანა, სადაც თოთხმეტი ხატმწერი ბერი მოღვაწეობდა. მათ სიხარულით მიიღეს სტუმრები და გულითადად გაუმასპინძლდნენ, რის შემდეგაც მიიწვიეს ხატწერის სახელოსნოში.
„აქ მე ვიხილე ღმრთისმშობლის ხატის ასლი, - იხსენებს იოსები. - ვერასოდეს გადმოვცემ სიტყვებით, თუ რა განცივადე იმ წუთას, უთუოდ მკერდში გული გადამიბრუნდა. ძლიერ მივეჯაჭვე ხატს, არ მინდოდა მასთან განშორება. ვთხოვე ბერებს, მოეყიდათ, მაგრამ უარი მითხრეს, ეს ხატი მათი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი აღმოჩნდა და არ შეეძლოთ მისი გაყიდვა. მე მაინც დიდხანს, ძლიერ დიდხანს და დაჟინებით ვთხოვდი, ვევედრებოდი. ბერებმა მითხრეს, შეგვიძლია ამ ხატის ასლი გადმოვიღოთ და გამოგიგზავნოთო, მაგრამ მე უარი ვუთხარი - სხვა არ მინდოდა, სწორედ ამ ხატის მიმართ ვგრძნობდი განსაკუთრებულ სიყვარულს. ბოლოს შევწყვიტე მუდარა, დავმორჩილდი ბედს.
ღამით სკიტში დავრჩი ლიტურღიაზე დასასწრებად. „ღირს არს“-ის გალობის დროს პირქვე დავემხე და შევევედრე ღმრთისმშობელს: „მე უკვე ყველაფერი ვიღონე, რისი გაკეთებაც ადამიანურად შემეძლო: მე მათ შევთავაზე ფული, ხვეწნით თავი მოვაბეზრე იღუმენს... ღმრთისმშობელო, წამოდი ჩემთან ამერიკაში, ჩვენ ხომ ძალიან გვიჭირს უშენოდ!“ ლოცვის შემდეგ სულიერი სიმშვიდე ვიგრძენი, იმედი მომეცა, რომ ყოვლადწმიდა ქალწული ჩვენთან ერთად წამოვიდოდა.
დილით, საუზმის შემდეგ ყველას გამოვემშვიდობეთ, იღუმენი კი არსად ჩანდა. და აი მონასტრიდან წამოსვლის უკანასკნელ წუთს დავინახეთ, რომ იგი სწრაფად ეშვებოდა კიბეზე ქაღალდში გახვეული ხატით ხელში. „ღმრთისმშობელს ჰნებავს, თქვენთან ერთად წამოვიდეს ამერიკაში“, - მითხრა მან და ხატი გამომიწოდა. იღუმენს, მამა კლიმენტის, ფული შევთავაზე, მაგრამ მან მტკიცე უარი განმიცხადა: „ასეთი სიწმინდე ფულით არ იყიდება“. მინდოდა რაიმეთი გამომეხატა მადლიერება, ფული შემეწირა სკიტისათვის, იგი ხომ ძალზე ღარიბი იყო, მაგრამ წინამძღვარი შეუვალი დარჩა.
ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ვიგრძენი, რომ უჩვეულო რამ მოხდა. პირჯვარი გადავიწერე, ვემთხვიე ხატს და ჩემს თავს აღთქმა მივეცი, რომ ეს ხატი არასოდეს გახდებოდა გამდიდრების წყარო. ძლიერი შინაგანი ხმის კარნახით პირდაპირ ივერთა მონასტერში გავემართეთ. აქ ნება მოგვცეს, ნაჩუქარი ხატი ივერიის ღმრთისმშობლის ხატის პირველსახეზე მიდებით გვეკურთხა. ხატი იმდენად დიდებული და ლამაზი იყო, ისეთ სულიერ ძალას აფრქვევდა, რომ ძნელი იყო მისთვის დიდხანს გეცქირა.
მონრეალში დავბრუნდით 1982 წლის 3 ნოემბერს. ხატი კიევის მღვიმეთა ლავრის ზოგიერთი წმიდანისა და რუსეთის ახალმოწამეების ელისაბედისა და ბარბარეს წმიდა ნაწილებს შორის დავაბრძანე. ხატთან ენთო უქრობი კანდელი. სამი კვირის განმავლობაში, ძილის წინ, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს ვუკითხავდი დაუჯდომელს.
24 ნოემბერს ღამის სამ საათზე გამომაღვიძა ძლიერმა კეთილსურნელებამ. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ მას გამოსცემდა წმიდა ნაწილები ან სუნამოს დაქცეული ფლაკონი. მაგრამ როდესაც მივუახლოვდი ხატს, დავინახე, რომ ხდებოდა რაღაც განსაკუთრებული, დიდი სასწაული - ხატი მთლიანად დაცვარული იყო კეთილსრუნელოვანი მირონით...“
მცირე ხნის შემდეგ ხატი გადაიტანეს ტაძარში და დაასვენეს ტრაპეზზე. წირვის დროს ყრმა იესოს ხელებიდან ნაკადულივით მოედინებოდა მირონი. მას შემდეგ არ შეწყვეტილა ხატიდან მირონის დენა გარდა დიდი მარხვის ვნების შვიდეულის დღეებისა. ბზობის კვირას ხატი თითქოსდა შრებოდა და კვლავ განაახლებდა მირონის დენას დიდ შაბათს, აღდგომის - მართლმადიდებელი ერის დიდი დღესასწაულის კარიბჭესთან. მირონი მოწვეთავდა მუდამ ერთი და იგივე ადგილიდან: ღმრთისმშობლისა და მაცხოვრის ხელებიდან და ყოვლადწმინდა ქალწულის მარჯვენა მხარზე გამოსახული ვარსკვლავიდან; ხშირად მირონს გამოჰყოფდა ხატის ჩარჩოც, თუმცა იგი შედარებით ახალი დამზადებული იყო. ერთხელ ხარების დღესასწაულზე მირონი წამოვიდა ხატის დამცველი შუშის გარეთა ზედაპირიდან: მასზე იწყეს გაჩენა ცვარის მსგავსი მირონის უმცირესმა წვეთებმა, ისე რომ ღმრთისმშობლის გამოსახულება თითქმის აღარ ჩანდა. ხატის უკანა მხარე მუდამ მშრალი რჩებოდა.
ივერიის მირონმდინარე ხატი ღმრთის დედის უძვირფასესი წყალობა იყო, მონიჭებული ჩვენ, უძლურთა, რწმენაში განსამტკიცებლად, სანუგეშოდ და გასახარად. მისგან აღსრულებულმა უთვალავმა სასწაულმა დასავლეთში ბევრი დააფიქრა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებაზე. მრავალი კათოლიკე და პროტესტანტი მოკრძალებით მოდიოდა, რათა თაყვანი ეცა საკვირველთმოქმედი ხატისათვის. ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ხატიდან მირონის ასეთი ხანგრძლივი დენა.
მთელს ქრისტიანულ სამყაროში გავრცელდა ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ფოტოები მასზე მიმაგრებული ბამბის ნაჭრებით, რომლებიც მკურნალი კეთილსურნელოვანი მირონით არის გაჟღენთილი. მაგრამ ყველაზე საკვირველი ის არის, რომ ხატის ზოგიერთი ფოტოდანაც ასევე მოედინება მირონი. ეს ხდება ყველგან - ამერიკაშიც და ევროპაშიც.
„დიდი ხანი დაბნეული ვიყავი, - ამბობდა იოსები, - მე ხომ ერთ-ერთი უძლური და უკანასკნელი ვარ მართლმადიდებელ ეკლესიაში, თუმცა უფლის ძალა ხშირად ყველაზე უსუსურში მჟღავნდება ხოლმე. ერთხელ უკვე მომიწოდა ღმერთმა ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ, მომაქცია. ახლა კი თავისი უდიდესი წყალობით მეორედ ამირჩია. უფალმა მომცა ეს მადლი, რომ თავი ვიგრძნო არარაობად; ყოველდღიურად თანდათან ძლიერდება ამის შეგრძნება ჩემში. „რატომ მაინცდამაინც შენ აგირჩია ღმერთმა?“ - მეკითხებიან; ვპასუხობ: მე ყოველთვის ვლოცულობდი ყოვლადწმიდა ქალწულის მიმართ, არასოდეს მითხოვია მისგან სასწაულები, არასოდეს შევვედრებივარ მას, რომ რაიმე ნიშნით დაემტკიცებინა ჩემთვის თავისი არსებობა. მე მწამს ღმრთისმშობლისა, თაყვანს ვცემ უფლის დედას. ასე მასწავლიდა დედა, სიყრმიდანვე მან შემაყვარა ღმრთისმშობელი. მრწამს, რომ ყოვლადწმინდა ქალწული თავის მადლსა და ძალას ამჟღავნებს იქ, სადაც თვითონ სურს, მიდის იქ, სადაც თვითონ ნებავს და მიდის მაშინ, როცა თვითონ სურს“.
იოსებ მუნიოსი თავის მოწამეობრივ აღსასრულამდე ივერიის ღმრთისმშობლის ხატის უცვლელი მცველი იყო. 15 წლის მანძილზე იგი მთელს მსოფლიოში მოგზაურობდა წმიდა ხატთან ერთად, რომლისაგან მრავალი სასწაული და საკვირველი კურნება აღესრულებოდა. ხატის ძალით ბევრი უღმერთო თუ არამართლმადიდებელი ადამიანი მოიქცეოდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მირონმდინარე ხატის დიდება სულ უფრო განითქმებოდა დედამიწაზე.
თავდადებული და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის ღმრთისმშობელმა იოსები მოწამეობრივი გვირგვინის მიღების ღირსი გახადა. 1997 წლის 30 ოქტომბერს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში იგი ტანჯვა-წამებით მოკლეს ღმერთის მოძულე ადამიანებმა, ხოლო საკვირველთმოქმედი ხატი გაიტაცეს და მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. იოსებ მინიოსის ცხედარი 10 ნოემბერს მონრეალში გადაასვენეს და როდესაც მეგობრებმა გახსნეს ლუსკუმა, მას გახრწნის არანაირი ნიშანი არ ეტყობოდა. იგი დაკრძალეს ჯორდანვილში, წმიდა სამების მონასტრის სასაფლაოზე. მაგრამ ბოროტი სული ამითაც არ დაკმაყოფილდა: სულ მალე, 1998 წლის იანვარში დაწვეს მონრეალის მართლმადიდებლური ტაძარი, სადაც ესვენა ხოლმე ივერიის ღმრთისმშობლის მირონმდინარე ხატი.
0