12:03:33     30-11-2010
სამხედრო-ფსიქოლოგიური სამსახურის არსი - დასავლური და ქართული პრაქტიკა
[თეონა აქუბარდია, სამხედრო ანალიტიკური ჯგუფი „ჰერი”]
ნოემბერის თვეში სასტუმრო თბილისი მარიოტში არასამთავრობო ორგანიზაციამ “ეროვნული უსაფრთხოების შემსწავლელი ცენტრმა” მოაწყო სამხედრო ფსიქოლოგური სამსახურის კონცეფციის პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე განხილულ იქნა სამხედრო მოსამსახურეთა ფსიქოლოგიური სამსახურის აუცილებლობის საკითხი, ამ სამსახურის როლი სახელმწიფო თავდაცვის სისტემაში, მათ შორის ფსიქოლოგიური ოპერაციების უზრუნველყოფის დარგში.
ასევე იყო საუბარი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური პრობლემების სტატისტიკაზე ამერიკის და დასავლეთ-ევროპის ქვეყნებში და ამ სამხედროების ფსიქო-რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამებზე ამ ქვეყნებში.
რამდენადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამგვარი სამსახური არ გააჩნია, რაიმე სტატისტიკურ ციფრებზე საუბარი არ შეიძლება, თუმცა საინტერესო იყო შედარებების გაკეთება იმავე დასავლეთის ქვეყნებსა და საქართველოს შორის. როგორ ხდება, როგორც შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილე, ასევე სამშვიდობო მისიებიდან დაბრუნებული ჯარისკაცების ფსიქორეაბილიტიაციის პროცესი, რა მნიშვნელობა ენიჭება ამ პროცესს შეიარაღებული ძალებისათვის და როგორია სამშვიდობო მისიებში გასაგზავნი სამხედროების ფსიქოლოგიური შემოწმების სტანდარტები ამ ქვეყნებში.
რადენადაც საკითხი ახალია და საკმაოდ მნიშვნელოვანი, ვფიქრობ დააინტერესებს მკითხველს დეტალური ინფორმაცია და ამ საკითხებთან დაკავშირებით ვესაუბრე კონცეფციის ავტორს ნონა თადუმაძეს. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
ნონა, როდიდან დაიწყო თქვენმა ორგანიზაციამ სამხედრო მოსამსახურეთა ფსიქორეაბილიტაციის პროექტი?
-ეროვნული უსაფრთხოების შემსწავლელი ცენტრი, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით, 2009 წლიდან ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების ფსიქოლოგიური კონსულტაცია, საომარი გამოცდილების მქონე სამხედრო მოსამსახურეებში პოსტ-ტრავმული ფსიქოლოგიური მდომარეობების დიაგნოსტირება, საომარი ფსიქოტრავმის შემდგომი გართულებების პრევენცია და ინტერვენცია, აგრეთვე - სახელმწიფო თავდაცვის უწყებაში დასავლეთის სტანდარტების შესაბამისი სამხედრო ფსიქოლოგიური სამსახურის ადვოკატირება და მისი განვითარებისთვის საზოგადოებრივი ბაზის მომზადება.
რა პერიოდში ჩატარდა კვლევა და რამდენი გამოკითხული იყო?
-საომარი გამოცდილების მქონე სამხედრო მოსამსახურეებში ომის შემდგომი ფსიქოლოგიური მდგომარეობის სადიაგნოსტიკო კვლევა 2009 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობდა ერთი წლის მანძილზე. დიაგნოსტიკა ტარდებოდა ფსიქოტრავმის კვლევის საერთაშორისო საზოგადოების მიერ აპრობირებული და ფსიქოტრავმის ქართული საზოგადოების მიერ ადაპტირებული დიაგნოსტიკური კითხვარის საშუალებით. პოსტტრავმულ სტრესულ დარღვევებზე დიაგნოსტირებული იქნა საომარი გამოცდილების მქონე 541 სამხედრო მოსამსახურე.
როგორი იყო გამოკვლევის შედეგები?
2008 წლის საომარ მოქმედებებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთაგან 17%-ში დიაგნოსტირდა PTSD-სიმპტომატიკა, 31%-ში - დეპრესიული მდგომარეობა, 15%-ში - ადიქციური ტენდენციები, 13%-ში აგრესიული ქცევის ტენდენცია, 11%-ში შფოთვითი მდგომარეობა.
როგორია ზოგადი სტატისტიკა სამშვიდობო მისიებიდან დაბრუნებული კოალიციური ჯარების სამხედრო მოსამსახურეებში და მათი დახმარების დასავლური პრაქტიკა?
-საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, სხვადასხვა საომარი მოქმედებებიდან დაბრუნებული, სამხედრო მოსამსახურეების, დაახლოებით, 20%-ში აღინიშნება პოსტტრავმული სტრესული მდგომარეობა. ერაყისა და ავღანეთის მისიებიდან დაბრუნებულ 50 000 სამხედრო მოსამსახურეს აღენიშნა სხვადასხვა სახის მენტალური პრობლემა, მათ შორის ნახევარში დიაგნოსტირდა PTSD.
აშშ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2002-2008 წლების მონაცემებით სამშვიდობო მისიებიდან დაბრუნებულ 178 483 სამხედრო მოსამსახურეს აღენიშნა სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემა, მათ შორის: 92 992 – პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, 63 009 – დეპრესია, 50 569 – ნევროტული აშლილობა, 35 937 – რეაქტიული ფსიქოზი, 27 245 – ადიქციური ქცევითი დარღვევები, 16 217 – ალკოჰოლიზმი.
აღნიშნულ, საგანგაშო, მაჩვენებელზე დაყრდნობით აშშ სახელმწიფო ბიუჯეტში სოლიდური თანხებია გათვალისწინებული საომარი ზონიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური დახმარების პროგამებზე. დასავლეთის ქვეყნებში სამხედრო მოსამსახურეთა ფსიქოლოგიურ დახმარებას ახორციელებს სახელმწიფო თავდაცვის სისტემისა და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დონეებზე არსებული ფსიქოლოგიური დახმარების სამსახურები, აგრეთვე - სხვადასხვა არასამთავრობო-პროფილური გაერთიანებები, რომელთა მიზნებში სამხედრო მოსამსახურეთა ფსიქოლოგიური კეთილდღეობის უზრუნველყოფა შედის.
ასე მაგალითად, აშშ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის (რომელიც, განსხვავებით საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მოწყობისგან, თავდაცვის დეპარტამენტთან არის ინტეგრირებული) საომარი ზონიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ორიენტირებულ სერვისებში შედის მომსახურებათა პაკეტი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის პრევენციული, ამბულატორიული და ჰოსპიტალური რგოლით, ურგენტული დახმარების სამსახურებთან ინტეგრირებული ან ცალკე პროგრამული კრიზისული დახმარების სერვისი, ვეტერანთა სუიციდის პრევენციის სამსახური და PTSD პროგრამა.
თვითონ თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სტუქტურაში, სამხედრო ჯანდაცვის სიტემაში, ინტეგრირებულია ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისა და ტვინის ტრავმული დაზიანების ცენტრი. სამხედრო მოსამსახურეთა ფსიქოლოგიური დახმარების სახელმწიფო სამსახურის ფუნქცია გულისხმობს სამხედრო მოსამსახურეთა ფსიქოჰიგიენას, პრევენციას, ინტერვენციას, ტრენირებას.
რაში მდგომარეობს სამხედრო-ფსიქოლოგიური კონცეფციის არსი და რა შესაძლო დადებითი შედეგები შეიძლება მოყვეს მის განხორციელებას?
-ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით ეროვნული უსაფრთხოების შემსწავლელმა ცენტრმა მოამზადა და საზოგადოებას წარუდგინა სამხედრო ფსიქოლოგიური სამსახურის კონცეფცია, რომელიც შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ნორმატიულ აქტებთან. შემუშვებულია დასავლეთის ქვეყნების შესაბამისი გამოცდილების, რეკომენდაციებისა და პროფესიული გაიდლაინების საფუძველზე. კონცეფცია წარმოადგენს ფუნდამენტურ დოკუმენტს, რომელზეც შემდგომში დაემყარება საქართველოს სამხედრო-ფსიქოლოგიური სამსახურის კანონპროექტი და ახალი საკანონმდებლო ინიციატივა.
თუ გქონიათ ამ საკითხზე თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობა?
-ჩვენი მუშაობის კვალდაკვალ ვახორციელებდით თავდაცვის სამინისტროს და მისი შესაბამისი უწყებების ინფორმირებას პროექტით მიმდინარე სამუშაოს და პრობლემის მნიშვნელობის შესახებ. სამხედრო-ფსიქოლოგიური საკითხის აქტუალობაზე იყო საუბარი თავდაცვის მინისტრთან გამართული შეხვედრების დროს, რომლებსაც სამხედრო თემატიკაზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრების ფორმატში მინისტრის და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების მხრიდან გამოითქვა აღნიშნული პრობლემით დაინტერესება, მეტიც, თავდაცვის მინისტრის მხრიდან წამოვიდა სამხედრო დანაყოფებში პირველი, პილოტური, აქტივობის განხორციელების ინიციატივა, შევთანხმდით აღნიშნულ საკითხებზე თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ბ-ნ ნოდარ ხარშილაძესთან კორდინირებაზე, თუმცა შეხვედრების ფორმატის გარეთ თავდაცვის სამინისტრო ისეთივე დახურული აღმოჩნდა მსგავსი თანამშრომლობისთვის, როგორც ყოველთვის.
მიუხედავად ჩვენი არა ერთი მცდელობისა, თავდაცვის სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა თანამშრომლობის ოფიციალური შეთავაზება, არ მიიღო მონაწილეობა არცერთ ღონისძიებაში (მათ შორის კონცეფციის პრეზენტაციაში), რომელიც აღნიშნულ პრობლემატიკას მიეძღვნა.
თუ გაქვთ ინფორმაცია რა ტიპის ფსიქოლოგიური დახმარების სამსახური მუშაობდა აქამდე თავდაცვის სამინისტროში?
-ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში სახეზეა სამხედრო ფსიქოლოგიური დახმარების სამსახურის არარსებობა. 2009 წელს ჩვენს მიერ შეტანილ წერილზე საპასუხოდ, სადაც ვინტერესდებოდით არსებობდა თუ არა სახელმწიფო თავდაცვის უწყებასთან არსებული რაიმე ინტიტუცია, რომელიც სამხედრო მოსამსახურის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე მუშაობს და 2008 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ გაეწიათ თუ არა საომარი ზონიდან დაბრუნებულ სამხედრო მოსამსახურეებს ფსიქოლოგიური დახმარება, პასუხად მივიღეთ, რომ მსგავს სამუშაოს ასრულებს სამხედრო დანაყოფებთან არსებული კრიზისის მართვის ჯგუფი. რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, რა დარგის სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული და კონკრეტულად რა სამუშაოს ასეულებენ ჩვენთვის გაუგებარია.
სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი ჯარისკაცები თუ გადიან რაიმე ფსიქოლოგიურ შემოწმებას და თუ არა, რა შედეგები შეიძლება ამას ჰქონდეს?
-სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა ფსიქოლოგიურ დიაგნოსტირებაზე, სამწუხაროდ, ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა აღვნიშნავ, რომ დასავლეთის ქვეყნების თავდაცვის სტრუქტურები ცალკე მიმართულებად განიხილავენ სამხედრო-სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებზე მიმართულ ფსიქოლოგიურ სამუშაოს, რაც თავის თავში გულისხმობს არა მხოლოდ ფსიქოდიაგნოსტირებას, არამედ ფსიქოლოგიურ მომზადებას, მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურის და მისი ოჯახის წევრების ფსიქოლოგიურ კონსულტირებას გაწვევის, მისიის მიმდინარეობის და მისიის დასრულების პერიოდში.
ამგვარ ღონისძიებებს მინიმუმზე დაჰყავს სამხედრო გაწვევის, მისიაში მონაწილეობისა და სამხედრო-საომარი გამოცდილების შედეგად გამოწვეული ფსიქოლოგიური სტრესის უარყოფითი შედეგები, როგორც სამხედრო მოსამსახურეებში, ისე მათი ოჯახის წევრებში. ზოგადად, სამხედრო მოსამსახურის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა, იმ მაღალსაპასუხისმგებლო სპეციფიკიდან გამომდინარე, რასაც ფორმიანი მოქალაქე ატარებს, სახელმწიფო მნიშვნელობის პრობლემაა და ჯარში პროფესიულ-ფსიქოლოგური ინსტიტუციის არარსებობა ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მნიშვნელოვანი ხარვეზია.
0