აფროდიტა - სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტა - სიყვარულის ქალღმერთი />


  12:21:17     23-04-2012

აფროდიტა - სიყვარულის ქალღმერთი

a17342.jpg

აფროდიტა ან ვენერა - სიყვარულის ქალღმერთი. მისი სახელი სიყვარულისა და სილამაზის სინონიმად იქცა და მას შემდეგ, მხატვრები თუ მოქანდაკეები ამ ქალღმერთის სახით აღნიშნული გრძნობის იდუმალების გადმოცემას ცდილობენ.

უძველეს მითებში ამ ქალღმერთზე საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ. ერთ-ერთი თქმულების თანახმად, აფროდიტა დასაჭურისებული ურანის სისხლისგან წარმოიშვა. სხვა ლეგენდების თანახმად ეს ქალღმერთი ზღვის ქაფისგან შეიქმნა. ამ მითების თანახმად, აფროდიტა თავდაპირველად არა სიყვარულის, არამედ ზღვის, სამუდამო გაზაფხულისა და ცხოვრების, მრავალრიცხოვანი შთამომავლობის ქალღმერთი იყო. იგი ზევსზე უფრო ადრე იშვა და სწორედ ის ითვლება ადამიანებისთვის ცხოვრებით დასაჩუქრების სიმბოლოდ. აფროდიტასთან ერთად ურანის სისხლისგან სიბრაზე და გოლიათებიც წარმოიშვნენ. ეს ქმნილებები კი გაურკვევლობისა და ბოროტების სიმბოლოებად შეირაცხნენ.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეში შექმნილი ქანდაკებები განასახიერებენ არა მიმზიდველ და ელეგანტურ ქალბატონს, არამედ მამაკაცური ვიზუალისა და ფიგურის მქონე ქალღმერთს. უძველესი ქანდაკებების სახით გამოკვეთილი აფროდიტა ტანისამოსითაა შემოსილი და მხოლოდ ერთი მხარი აქვს მოშიშვლებული.

თუმცა როგორც აღმოჩნდა, ადამიანებისთვის მეტად მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა ქალისა და მამაკაცის სიყვარული და არა მრავალრიცხოვანი შთამომავლობა. აფროდიტამ კი სიყვარულის სიმბოლოდ ქცევა ამჯობინა. ამის შემდეგ, მითოლოგიაში იგი მოიხსენიება, როგორც ზევსის ქალიშვილი და მისი დაბადება ურანის სისხლისგან მივიწყებულ იქნა. ქალღმერთმა მეტად ნაზი და ელეგანტური ვიზუალი მიიღო.

დროთა განმავლობაში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული, მას მეტად ეროტიკული ვიზუალი უყალიბდებოდა. განსაკუთრებულ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ აფროდიტა მილოსელი. მას არ შეგვიძლია ვუწოდოთ კეკლუცი, ნაზი, მშვიდი და მშვენიერი სიყვარულის ქალღმერთი.

მაგრამ ელინური კულტურა ასკეტურმა შუა საუკუნეებმა ჩაანაცვლეს და ვენერა, ქალისა და ამამკაცის სიყვარულის სიმბოლო ჩრდილით დაიფარა.

ახალი კულტურის ჩამოყალიბებასთან ერთად, მიუღებლად იქცა ქალის შიშველი სხეულის გამოსახვა. ამიტომ ვენერას სილამაზე დროებით მივიწყებას მიეცა.

ერთ-ერთი პირველი მხატვარი, რომელმაც ვენერას დახატვა შეძლო გერმანელი ლუკას კრონახ უფროსი იყო. სამხრეთ ევროპაში საკუთარი ქმნილებებით უკვე იწონებდნენ თავს ტიციანი და ჯორჯონე, მაგრამ გერმანიისთვის შიშველი ვენერას შექმნა ახალი ეტაპის დასაწყისს გულისხმობდა. კრონახის ვენერა კი უნიკალური და იდეალურია. მიმზიდველი მკერდი, მოზარდი გოგონას მრგვალი ფორმების მქონე სხეული. ეს ყველაფერი ვენერას სილამაზეს შეუდარებლად და შთამაგონებლად გამოსახავს.

რაც შეეხება ტიციანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამუშევარს, ეს „ვენერა ურბინელი“ გახლავთ. უნიკალური და იდეალური გოგონა, წითლად შეფაკლული ღაწვებით. რომელსაც თმის ხვეული ბოლოები მხრებზე ნაზად ეღვრება. იგი უცოდველობის სიმბოლოდ იქცა.

რაც შეეხება ჯორჯონეს „მძინარე ვენერას“, იგი ჰარმონიულობას, მშვენიერებას და ღვთიურ სილამაზეს გამოხატავს.

რაც შეეხება ბოტიჩელის „ვენერას დაბადებას“, ნახატზე გამოსახულ ქალბატონს არ შეიძლება სინაზის სიმბოლო ვუწოდოთ. მხატვარმა საკუთარი შემოქმედების სახით ქალი გრაციოზულ და პოეტურ ქმნილებად წარმოაჩინა. შემოქმედისთვის მთავარი ქალის მეტყველი სახე და მოქმედი უკანა ფლანგი იყო. მან ყურადღება სულიერ სილამაზეზე გაამახვილა.

ვენერას სახე ნებისმიერ შემოქმედს თავისებურად წარმოუდგენია. ისინი ცდილობენ ამ წარმოდგენის ნახატისა თუ ქანდაკების მეშვეობით წარმოჩინებას. სწორედ ამიტომ აფროდიტა მუდამ ახალგაზრდა ვიზუალს ფლობს და მისი სახელის ხსენებისას ნებისმიერ ადმიანს ის დიადი გრძნობა ახსენდება, რომელსაც ქალისა და მამაკაცის სიყვარული ჰქვია.

0

ავტორი: