შექსპირი - თავის დაბადების დღეს გარდაცვლილი შექსპირი - თავის დაბადების დღეს გარდაცვლილი />


  09:11:26     23-04-2012

შექსპირი - თავის დაბადების დღეს გარდაცვლილი

a17328.jpg

უილიამ შექსპირის შესახებ ბევრი ცნობა დაზუსტებული არ არის. არსებობს ზოგიერთი გადმოცემა, რომელიც ინგლისელებისათვის და საერთოდ, ლიტერატურისა და თეატრის მოყვარულთათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

დიდი შექსპირი უნდა დაბადებულიყო 1564 წელს. მისი ნათლობა მომხდარა 26 აპრილს. გადმოცემით, ის უნდა დაბადებულიყო 23 აპრილს, ნათლობამდე 2-3 დღით ადრე. 23 აპრილს წმინდა გიორგის დღესასწაული აღინიშნება, რომელიც ინგლისი მფარველად ითვლება. ამგვარი დამთხვევებია ამ გადმოცემაში...

უილიამ შექსპირი გარდაცვლილა 1616 წლის 23 აპრილს. ესეც სიმბოლურად დაემთხვა. გამორჩეული ადამიანების ბიოგრაფიაში ხდება ხოლმე სიმბოლური დამთხვევები.

უილიამ შექსპირი ერთ-ერთი უდიდესი დრამატურგია კაცობრიობის ისტორიაში და ერთ-ერთი უდიდესი პოეტი. მისი პიესები პოეზიის უბრწყინვალესი ნიმუშებია. ის გახლდათ სონეტის დიდოსტატიც...

პრესა.გე-ს მკითხველს დღეს ვთავაზოთ შექსპირის 5, 6, 7, 8  სონეტებს, რომლებიც მშვენივრად თარგმნა ალექსანდრე ელერდაშვილმა.

როგორც ვთქვით, დიდი დრამატურგი მონათლეს 1564 წლის 26 აპრილს, უორიკის საგრაფოში მდებარე სტრეტფორდ-ონ-ეივონის ეკლესიაში. ინგლისის მომავალი დიდება დაიბადა  ცნობილი მეხელთათმანის, ჯონ შექსპირისა და სნიტერფილდელი ფერმერის რ. არდენის ქალიშვილის, მერის ოჯახში.

მამა, ჯონ შექსპირი, საზოგადოებრივი საქმიანობით იყო გატაცებული. უილიამის დაბადებიდან მალე ქალაქის მერიც გამხდარა. დედა, მერი არდენი ძველი საქსონური ოჯახიდან ყოფილა. 1576 წელს ჯონ შექსპირი რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის გამოც ვერ შეძლო ნიჭიერი შვილის უნივერსიტეტში გაგზავნა. თუმცა, როგორც ჩანს, უილიამი სწავლობდა სტრეტფორდის „გრამატიკულ სკოლაში“.

შექსპირის ბრწყინვალე სონეტები მსოფლიო ლიტერატურის განძია. მასში შეიძლება ამოიკითხო პოეტის დამოკიდებულება სამყაროსადმი, საკუთარი თავისადმი. მკვლევარები მის სონეტებში დიდი დრამატურგის ბიოგრაფიისა და ბიოგრაფიულ მომენტებსაც ხედავენ.

სულ დიდმა პოეტმა დაგვიტოვა 154 სონეტი, რომლებიც ძირიტადად შექმნილია 1592-1599 წელსბსი. ზოგიერთი მათგანი გამოქვეყნდა 1609 წელს.

დიდი დრამატურგი ამ ქვეყანას მოევლინა 23 აპრილს, და იმ ქვეყანასაც 23 აპრილს წავიდა...

სონეტი V

(თარგმნა ალექსანდრე ელერდაშვილმა)

დრო აქანდაკებს წუთისოფლის სანახაობებს,
დრო ქმნის სიცოცხლეს, ვით სჩვევია ნატიფ ხელოვანს,
მერე თავს ესხმის თავისსავე შექმნილ რაობებს
და გზად ახვედრებს სისასტიკეს მრავალფეროვანს.

დროის საშოში ნაალერსებ ლამაზ მაისებს
დროის საფლავში დეკემბერი ჩაენაცვლება,
მკვდარი სიტურფით ჟამთასრბოლა უბეს აივსებს,
გაუსაძლისი მჭმუნვარება საზღვარს გასცდება

და მხოლოდ ბროლის თხელ კედლებში გამოკეტილი
ნაზი ვარდების სურნელება სუნამოისა
დარჩება ხსოვნად, რომ დრო-ჟამი იდგა კეთილი
და რომ დროებით ნაშენები დროით მოისრა.

დაე, სიკვდილი იყოს სენი განუკურნელი,
ბროლის კედლებში დარჩეს ოღონდ ვარდის სურნელი..

სონეტი VI

(თარგმნა ალექსანდრე ელერდაშვილმა)

ნუ მისცემ ზამთარს შენს ბაღნარში შემოსვლის ნებას,
სანამ გაზაფხულს ვარდები არ აჰყვავებია,
სანამ საგანძურს გამიზნულს არ მიუჩენ დებას,
სანამ მომავალს გზა-სავალი არ დასწყებია.

ვით სადმე ვინმე მევახშეა, რომ გასცემს სესხად
თავის სიმდიდრეს, მოგებას რომ უხვად ეწიოს,
შენი სიცოცხლე გასესხებით მიეცი შენც სხვას,
რომ სარგებელი ერთი ათად უკან გეწვიოს,

რომ ათჯერ უფრო ბედნიერი და ღირსეული
ათი მემკვიდრით შეედარო საწუთროს გამჩენს,
რომ შენ სიკვდილმა გამოგტაცოს მხოლოდ სხეული
და შენს შვილებში ათჯერ მეტი სახელი დაგრჩეს.

...და თუ არავის უწილადე სიტურფის მადლი,
შვილის სანაცვლოდ გეყოლება სამარის მატლი...

სონეტი VII

(თარგმნა ალექსანდრე ელერდაშვილმა)

აგერ, მნათობმა გაახილა ზეცაში თვალი,
ამოაფრქვია აღმოსავლეთს სხივთა მძივები,
მერე თვისსავე სინათლეში მოხატა კვალი,
საწუთროს თაღზე სიდიადით ნალივლივები.

მერე შუადღის დაბრძენებით დამშვენებულმა,
ვეღარ მოირგო ყმაწვილური ვნება-სურვილი
და, ვით მოკვდავმა, სილაღეში თავაშვებულმა,
კვლავაც განაგრძო გზა-სავალი ოქროცურვილი.

მერე დაეშვა... ვეღარც ყელი მოიღერა და
გარდუვალობას ვეღარც ასცდა ბნელი ქაოსის,
სადღაც მიღმიერ სამყაროსკენ ტყორცნა მზერა და
ვეღარაფერი მოიტოვა სააქაოსთვის.

შენც, ვით მნათობმა, არ მიანდო გზას სიმარტოვე
და სიკვდილამდე ერთი შვილი მაინც დატოვე..

სონეტი VIII

(თარგმნა ალექსანდრე ელერდაშვილმა)

ნეტავ რას ნაღვლობ, როცა ანდობ მუსიკას სმენას,
მის სიტკბოებას რატომ ხვდები სევდის ჰანგებით?
ეგებ ის გიყვარს, რაც განიჭებს შეუცნობ წყენას,
ეგებ სიამე სატანჯველად გექცა განგებით?

ეგებ საყვედურს გეუბნება აქ ყველა ბგერა,
მწარე სიცხადე ეგებ ამხელს ფარულ იარებს,
ეგებ აქ მაინც ის სიმართლე გესმის და გჯერა,
რომ მარტოობა შენ სიკეთეს ვერ გაზიარებს.

შეხედე, სიმმა როგორ შექმნა სხვა სიმთან წყვილი,
როგორ დაიწყო სიმებს შუა ჰანგმა თარეში,
ერთად ამღერდა თითქოს მამა, დედა და შვილი
ბედნიერების აუმღვრეველ სიანკარეში.

და, ალბათ, გესმის, რასაც მღერის სამი არსება,
რომ მარტოობა შენთვის სიკვდილს დაემსგავსება..

0

ავტორი: