რაფიელ ერისთავის „აღდგომა“ (დაბადების დღისადმი) რაფიელ ერისთავის „აღდგომა“ (დაბადების დღისადმი) />


  07:29:19     21-04-2012

რაფიელ ერისთავის „აღდგომა“ (დაბადების დღისადმი)

a17292.jpg

1824 წლის 9 (ახალი სტილით 21) აპრილს სოფელ ქვემო ჭალაში (ახლანდელი კასპის რაიონი) დაიბადა ცნობილი ქართველი მამულიშვილი, პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი და საზოგადო მოღვაწე, რაფიელ დავითის ძე ერისთავი. იგი ეკუთვნოდა კახეთში გადასახლებულ არაგვის ერისთავების შტოს.

გავიხსენოთ მისი შესანიშნავი ლექსი „აღდგომა“. რაფიელ ერისთავის შემოქმედება უმნიშვნელოვანესი ქართული ეროვნული იდეოლოგიისათვის.

ბავშვობა გაატარა კახეთში, სოფელ ქისტაურში. წერა-კითხვა დედამ ასწავლა. რუსული ენის შესასწავლად საგანგებოდ მოუწვევიათ მასწავლებელი.

7 წლისა თელავის სამაზრო სასწავლებელში მიაბარეს. მაგრამ მამას არ მოეწონა, რომ იქ ქართულ ენას უგულებელყოფდნენ და 1831 წელს რაფიელი შუამთის მონასტრის წინამძღვრისათვის, ფილადელფოს კიკნაძისთვის მიუბარებია.

საქართველოს თავისუფლების იდეისადმი ფილადელფოს კიკნაძეს როგორი დამოკიდებულება ჰქონდა, ყველამ იცის. დავით ერისთავმა, ალბათ, საგანგებოდ ფილადელფოს ბერზე გააკეთა არჩევანი.

1832 წელს რუსებმა მამა ფილადელფოსი დააპატიმრეს შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით. 1833 წელს რაფიელ ერისთავი მშობლებმა გორში, ხოლო 1836 თბილისში გადაიყვანეს სასწავლებლად. 1845 წელს წარმატებით დაამთავრა გიმნაზია.

ოჯახის ხელმოკლეობის გამო სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო და თარჯიმნად დაიწყო მუშაობა თუშეთ-ფშავ-ხევსურეთში. 1849 წელს ამიერკავკასიის მთავარ სამმართველოში გადმოიყვანეს კანცელარიაში სამუშაოდ. 1852 წელს მაგიდის უფროსის თანაშემწედ დანიშნეს.

საზოგადოებრივ საქმიანობაში გიმნაზიის დამთავრებისთანავე ჩაება. დაახლოებული იყო ცნობილ ქართველოლოგთან, აკადემიკოს მარი ბროსესთან. მათი მიმოწერა წარმოგვიდგენს იმდროინდელი საქართველოს საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების მიმდინარეობას.

1852 წელს ჟურნალ „ცისკარში" დაიბეჭდა ახალგაზრდა რაფიელ ერისთავის ლექსები: „დარიგება" და „ყვავილს". გაზეთ "კავკაზში" იბეჭდებოდა მისი ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები.

1855 წელს გადაიყვანეს ქუთაისში სამუშაოდ. 1857-1867 წლებში მუშაობდა ზუგდიდის მაზრის უფროსად. 1889 წლიდან 1996 წლამდე კავკასიის საცენზურო კომიტეტში მუშაობდა ცენზორის თანამდებობაზე. შემდეგ თავი დაანება მუშაობას და კახეთში დასახლდა.

სრაფიელ ერისთავი იყო დიდი პატრიოტი. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პატრიოტულ თემატიკას. მისმა ლექსმა "სამშობლო ხევსურისა" დიდი პოპულარობა მოიპოვა. რაფიელ ერისთავი ზრუნავდა სოფელ ქისტაურზე. სოფელში წერა-კითხის გამავრცელებელ საზოგადოებას დაარსებინა დაწყებითი სკოლა. 

მისი სახლი სოფელ ქისტაურში ლიტერატურის მოყვარულთა თავშეყრის ადგილი იყო. პოეტს სტუმრობდნენ მთელი საქართველოდან, მათ შორის, ილია, ვაჟა-ფშაველა და სხვები.

რაფიელ ერისთავის დამსახურებების შესახებ ბევრი რამის თქმა შეიძლება. როგორც მოღვაწემ, დრამატურგმა, ლექსიკოლოგმა, ისტორიკოსმა, ეთნოგრაფმა დიდი სამსახური გაუწია სამშობლოს.

ხალხის მხრიდან რაფიელ ერისთავის პოეზიის დიდი სიყვარულის სათავე ხალხურ პოეზიასთან მისი შემოქმედების სიახლოვე და ხალხური პოეზიის მელოდიური რიტმების გათავისება უნდა იყოს. მანამდეც ჩანს ამგვარი ტენდენცია ქართულ პოეზიაში, მაგრამ რაფიელ ერისთავის პოეზიის საყოველთაო დაფასება, ალბათ, ამიტომაც მოხდა. ის ითვლება ე. წ. მთის კილოს შემომტანად ქართულ პოეზიაში.

ვაჟა-ფშაველა წერდა: "რაფიელის ლექსებმა, როგორც საერო კილოთი ნაწერმა და ისიც ჩვენებურის მთის კილოთი, სხვანაირად ააჩქროლა ჩემი გული. სხვანაირად შესძრა იგი. ჩვენმა სახელოვანმა მხცოვანმა მგოსანმა რაკი საერო კილო დაუმკვიდრა ლექსებს და ჟურნალმა „ივერიამაც" გზა დაუთმო, მეც გაბედულება შემემატაო".

იაკობ გოგებაშვილთან ერთად, რაფიელ ერისთავი ითვლება ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებლად. აღსანიშნავია მისი, პოემები, თარგმანები...

1995 წლის ოქტომბერში, დიდი ზეიმით აღინიშნა მისი მოღვაწეობის 50 წლის იუბილე.

1999 წლიდან ავადმყოფობდა. 1901 წლის იანვარში რაფიელ ერისთავის  ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და 4 მარტს იგი გარდაიცვალა.

რაფიელ ერისთავის დაკრძალვას ზღვა ხალხი დაეწრო. ერისკაცის ნეშტი თელავიდან სოფელ ქისტაურში წაასვენეს. პროცესიას წინ მიუძღოდნენ ძაძებით მოსილი ხევსური ცხენოსნები. მთელი გზა მოფენილი იყო ღვიით, დაფნითა და სუროთი. შუამთაში, იყალთოში, ალავერდში ზარები რეკდნენ. პოეტი უკანასკნელად დაიტირეს ქისტაურში და იქვე დაკრძალეს.

1911 წელს რაფიელ ერისთავის საფლავი მოინახულა აკაკიმ და პანაშვიდიც გადაახდევინა. სოფელ ქისტაურში მოქმედებს პოეტის სახლ-მუზეუმი.

აღდგომა

შუაღამე გადავიდა,
ასტყდა, ასტყდა ზარის რეკა,
დიდი ზარიც ბოხს ხმას აძლევს,
ზარბაზანმაც დაიჭექა!..
ადექ გიგო, ადე, ადე!
ხალხი მიდის საყრდისკენა,
ადე ჩქარა, ტანთ ჩავიცოთ,
დავგვიანდით მარტო ჩვენა...
ყველა ახლით მოკაზმულა,
ხელთ უჭირავთ კელაპტრები;
ადე, ბიჭო, ტანთ ჩაიცვი,
მაგ საბანში რაღას ძვრები?!
აგერ ზარებს მოუხშირეს,
ხალხი იყრის მეტანიას,
საყდრები სულ ლაპლაპებენ,
გარს უვლიან ლიტანიას!..
მოვიკაზმეთ და გავსწიეთ,
ეკლესია მხიარულობს,
ყველას ტუჩზედ ღიმი უქრის,
მღვდელი გალობს და ლოცულობს!..
აგერ მღვდელმა შეიძახა:
,,ქრისტე აღდგა!” და ჩვენც ცქვიტად
ვუპასუხეთ სუყველამა:
,,ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად!..”
ქრისტე აღდგა! - მიყვარს ეს დღე -
მიყვარს, მიყვარს, მიყვარს დიდად;
მოდი, გიგო, გადაგკოცნო!
,,ქრისტე აღდგა!”- ,,ჭეშმარიტად!..”
მოდი, კვერცხი კვერცხსა დავკრათ,
მაგრა იყავ და კირკიტად...
,,ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა!”_
,,ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად!..”

 5 (ახალი სტილით18) მარტი, 1881 წელი

0

ავტორი: