07:27:27     21-04-2012
მარკ ტვენი - „ამერიკული ლიტერატურის მამა“ (გარდაცვალების დღისადმი)
ამერიკის მნიშვნელობა შეიძლება გამოხატული იყოს არა რომელიმე პოლიტიკოსის, არამედ დიდი ამერიკელი მწერლის შემოქმედებით. დღეს რომ ამერიკა არ არსებობდეს, საქართველოს კიდევ ერთხელ გადაყლაპავდა რუსეთის იმპერია...
რომ არა ამერიკა, რუსეთის იმპერია, „ევროპის ჟანდარმობიდან“ მსოფლიო ჯანდარმად გადაიქცეოდა. და მსოფლიოში გავრცელდებოდა ისეთი მოვლენები, რაც საქართველოს გადაუტანია, „მთავარმართებელი“, „ეგზარქოსი“, „გუბერნატორი“, „ცენტრალური კომიტეტის მდივანი“ და ა. შ. რომ არა ამერიკა, დღესაც იარსებებდა ისეთი გეოპოლიტიკური მონსტრი, როგორიც იყო სსრკ.
ამერიკის მნიშვნელობის დაკნინება არ ღირს. არ ღირს ამერიკის იდოლოგიის გაიგივება რუსულ იმპერიალიზმთანაც... რომ არა ამერიკის მიერ გაწონასწორება რუსული პოლიტიკისა, ღმერთმა უწყის, რა მდგომარეობაში იქნებოდა კაცობრიობა...
ამერიკის იდეოლოგიას ქმნიდნენ ამერიკელი მწერლები.
ამერიკულ სულს გამოხატავენ დიდი ამერიკელი მწერლები... ამაზე ადრეც ვწერდით.
ამერიკის იდეოლოგია, რაც შეიძლება ჩვენ მოგვწონდეს, შექმნილია დიდი ამერიკელი მწერლების მიერ. რაც ჩვენ არ მოგვწონს, ის ამერიკელ მწერლებსაც არ მოსწონდათ, არ მოსწონდათ დიდ ამერიკელებს...
დიდი ადამიანების ბიოგრაფია, ხშირად, განსაკუთრებულია. ხშირია დიდ ადამიანთა ბიოგრაფიაში „ზებუნებრივი“ მომენტები. მარკ ტვენის დაბადება საოცრად უკავშირდება კომეტა ჰალეის დედამიწასთან ჩაქროლებას 1835 წელს, იმ წელს ყველაზე ახლოს კომეტა დედამიწას მიაუახლოვდა ნოემბერში, როცა დაიბადა მწერალი.
1835 წელს კომეტა ჰალეი (ოფიციალური სახელწოდება1P/Halley) კიდევ ერთხელ მოუახლოვდა დედამიწას. კომეტა ჰალეი ყოველ 75-76 წელიწადში ერთხელ უახლოვდება დედამიწას.
კომეტას სახელი უწოდეს ცნობილი ინგლისელი ასტრონომის, გეოფიზიკოსის, მათემატიკოსის, მეტეოროლოგის, ფიზიკოსისა და დემოგრაფის ედმონდ ჰალეის (Edmond Halley) საპატივცემულოდ (1655-1742). კომეტის სახელი ქართულად არის - ჰალეი, ამგვარად უწოდებენ სპეციალურ ლიტერატურაში, თუმცა, ხშირად რუსული ენის გავლენით ვამბობთ - გალეა.
როგორც ვთქვი, კომეტა ჰალეი დედამიწიდან 75-76 წელიწადში ერთხელ შეინიშნება. ის არის ყველაზე ცნობილი პერიოდული კომეტა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწიურად არაერთი უფრო ხანგრძლივად მანათობელი კომეტა ჩნდება ზეცაში. მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალით, სპეციალური ხელსაწყოების გარეშეც შეიძლება. მას ამჩნევდნენ უძველესი დროიდან. პირველი დოკუმენტური ცნობა ამის შესახებ არსებობს ჩვენს წელთააღრიცხვამდე 240 წლიდან.
კომეტა ჰალეის პერიოდულად არ აღიარებდნენ, სანამ, მეთვრამეტე საუკუნეში ედმონდ ჰალეიმ მისი ორბიტა არ გამოიანგარიშა. როგორც ვთქვი, მის საპატივცემლოდ ეწოდა ამ კომეტას - ჰალეი.
ამ „კუდიანი“ კომეტის გამოჩენას (ასევე სხვა „კუდიანი კომეტებისას“, ყველა კომეტა ხომ „კუდიანია“) ძველ დროში სხვადასხვა რწმენა-წარმოდგენას უკავშირებდნენ. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, მართლაც, უნდა დავუკავშიროთ მის გამოჩენას 1835 წლის ნოემბერში - იმ დღეს დაიბადა დიდი ამერიკელი მწერალი, მარკ ტვენი, რომელსაც უილიამ ფოლკნერი ნამდვილი ამერიკული ლიტერატურის მამად თვლიდა.
უილიამ ფოლკნერს ერთხელ უთქვამს სტუდენტებისათვის იაპონიაში:
„მიმაჩნია, რომ მარკ ტვენი პირველი ნაღდი ამერიკელი მწერალი იყო და ჩვენ ყველანი მისი მემკვიდრეები და საქმის გამგრძელებლები ვართ. მწერლები, რომლებიც ტვენამდე ამერიკელებად მიიჩნეოდნენ, სინამდვილეში არ იყვნენ ამერიკელი მწერლები, ისინი ევროპულ სამწერლო ტრადიციას, ევროპულ კულტურას ეფუძნებოდნენ. და მხოლოდ მარკ ტვენთან და უოლტ უიტმენთან ერთად გაჩნდა ნამდვილი, თვითმყოფადი ამერიკული ლიტერატურა... უიტმენმა, მართალია, ტვენზე ადრე დაიწყო წერა, მაგრამ იგი არ იყო დარწმუნებული, რომ ამერიკული ლიტერატურა არსებობდა. ტვენმა პირველმა გააცნობიერა ეს და ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ მესაფუძვლედ იქცა. სწორედ ამიტომ ვუწოდებ მას ამერიკული ლიტერატურის მამას, თუმცა იგი არ ყოფილა პირველი ამერიკელი მწერალი.“
შეიძლება, ნაწილობრივ, არ დავეთანხმოთ ფოლკნერს, მაგრამ მარკ ტვენის დამსახურება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო ამერიკული ლიტერატურისათვის, მთელი მსოფლიოსათვის, მთელი კაცობრიობისათვის. მარკ ტვენმა მოახერხა და თავისი ნაწარმოებით გვაბრუნებს ბავშვობაში, ყველაზე სანატრელ დროში ადამიანისათვის.
ბავშვობაში მარკ ტვენის ნაწარმოებების წაკითხვა ყველა თაობისათვის აუცილებლად იქცა. მარკ ტვენის სიცოცხლიდან დაწყებული ასეა დღემდე, ალბათ, მთელს მსოფლიოში. თუ ბავშვობაში "ტომ სოიერისა" და "ჰელკბერი ფინის" თავგადასავალი არ წაუკითხავს ადამიანს, ბევრი რამ დაკლებია. განათლებაში არა, შეიძლება ასეთმა ადამიანმა ენციკლოპედიური ერუდიციაც კი მიიღო, მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ ბავშვობა მაინც მთლიანად ვერ შეიგრძნო. მარკ ტვენის გმირების თავგადასავალი ხომ ყოველი ბავშვის თავგადასავლად და ცხოვრების რაღაც ნაწილად იქცა, რომლებმაც მარკ ტვენის წიგნები წაიკითხეს.
მარკ ტვენის "ტომ სოიერისა" და "ჰელკბერი ფინის" თავგადასავალი არ არის მხოლოდ ბავშვებისათვის დაწერილი. უფროსი და ხშირად ხნიერი ადამიანებიც უბრუნდებიან ხოლმე ამერიკელი კეთილშობილი და ხუმარა მწერლის ნაწარმოებებს და თავისი ლიტერატურული მეგობრების თავგადასავალთან ერთად თავის ბავშვობასაც იხსენებენ. იხსენებენ ოცნებებს - დახმარებოდნენ მათ. და სურვილებს, რომ უცნაური, ძნელი, საშიში, მკაცრი და საამაყო თავგადასავლები ჰქონოდათ თვითონაც...
ამ საკითხზე, ერთგან, თავად მწერალი წერდა: „ეს უმთავრესად ბიჭებისა და გოგონებისათვის მაქვს დაწერილი, მაგრამ ვიმედოვნებ, დიდებიც წაიკითხავენ, რადგან ჩემი განზრახვა იყო მოზრდილებისათვისაც მიმენიჭებინა სიამოვნება იმის გახსენებით, თუ რას წარმოადგენდნენ ერთ დროს თვით ისინი, რას ფიქრობდნენ და ლაპარაკობდნენ, რა უცნაურ ოინებს მოიგონებდნენ ხოლმე“.
მარკ ტვენის დაბადება მართლაც საოცრად უკავშირდება კომეტა ჰალეის დედამიწასთან ჩაქროლებას 1835 წელს, იმ წელს ყველაზე ახლოს კომეტა დედამიწას მიაუახლოვდა ნოემბერში, როცა დაიბადა მწერალი.
ცნობილია, რომ 1909 წელს დიდ ამერიკელს უთქვამს: „ამ ქვეყანას კომეტა ჰალეისთან ერთად მოვევლინე 1835 წელს. გაისად კომეტა ჰალეი კვლავ ჩამოიფრენს. იმედი მაქვს თან გავყვები“.
მართლაც, კომეტა ჰალეი, კიდევ ერთხელ, მზის სისტემაში შემოვიდა და მიუახლოვდა დედამიწას 1910 წლის აპრილში, სწორედ იმ წელს, 21 აპრილს გარდაიცვალა დიდი ამერიკელი.
სანამ კომეტა ჰალეი მოგზაურობს კოსმოსში, და სანამ დედამიწაზე არიან ადამიანები, ვინც ხედავს თუ ანგარიშობს ამ კომეტის გამოჩენას, ყველა მათგანი, და მათი მილიონობით თანამოასაკე, და მათი მამათა თუ შვილთა თაობბების წარმომადგენელი, მარკ ტვენის უკვდავი „საბავშვო“ ნაწარმოებებით იქნება აღზრდილი და მისი იუმორისტული და ადამიანური გრძნობებით გამთბარი თხზულებებით კიდევ უფრო გაკეთილშობილებული.
0