10:07:23     20-04-2012
მედეა კახიძე - “უცხო ცის ქვეშ”
ცნობილი ქართველი პოეტი მედეა კახიძე დაიბადა ყვარლის რაიონის სოფელ ახალოსფელში. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი. 1960 წელს სსრ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურული კურსები.
1970-იან წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის ლიტერატურის პროპაგანდის ბიუროს თავმჯდომარედ.
მედეა კახიძეს პირველი პოეტური კრებული, „სიყვარულის ასაკი", გამოიცა 1950 წელს.
გამოცემული აქვს კრებულები: „განა წყარო ვარ" (1959), „სადა ხარ, ჩემო მებაღეო" (1962), "სიყვარულს უშენებია" (1963), „ინდი-მინდი" (1964), „წინათგრძნობა" (1972), „ლექსები" (1963), და სხვა. მასვე ეკუთვნის საბავშვო ლექსთა კრებულები: „ჯიუტი ჩიტები" (1956), "მოდი, ეკა, შევრიგდეთ" (1970), "ინდი-ფრინდი"(1976) და სხვა. კახიძის ლექსები თარგმნილია რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, რუმინულ და სხვა ენებზე.
მის ლექსებზე სიმღერებია შექმნილი.
1987 წელს გამოსცა თავისი კრებული „ჩემი მიწის სადღეგრძელო“, სადაც თავი მოუყარა მანამდე გამოცემულ მის წიგნებს. წინასიტყვაობაში პოეტი წერს: „ვიცი, რომ პოეტმა თავი არ უნდა გაიზულუქოს, ნებივრად არ უნდა იცხოვროს. მარგალიტის მაძიებელივით თვალიც უნდა უჭრიდეს, გამბედავიც უნდა იყოს და მკლავმაგარიც, ძალიან ღრმად უნდა ჩაყვინთოს კაცის გულის ფსკერზე, რომ კენჭების ნაცვლად მარგალიტი მოიძიოს. ეს მარგალიტი მკითხველის გული და ცრემლია, ამიტომაც მუდამ თვალებში შევყურებ მკითხველს და რაც უფრო ხანი გამოდის, მისდამი შიში და კრძალვა უფრო მემატება“.
ჩემი ინფორმაციით, ახლა მედეა კახიძე საზღვარგარეთ ცხოვრობს, დროებით. პოეტს „უცხო ცის ჭერქვევით“, დაჰყვება თავისი „მზის სურნელი“.
რა თქმა უნდა, დაბრუნდება თავის სათაყვანებელ საქართველოში, რათა კიდევ არა ერთი სადღეგრძელო თქვას თავისი მიწისა. ჩვენც ვინატროთ, რომ „ღმერთმა შეიბრალოს სულყველა, ვისაც ზღვამ შორი გზა უყელა“.
გავიხსენოთ მედეა კახიძის რამდენიმე ლექსი.
ვისაც სიყვარული შეუძლია
იმ ქალს,
იმ ბერიკაცს
გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლდა,
მაინც სიხარული შეუძლია.
ვისაც იმედები პურად ყოფნის,
ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია,
ვისაც,
სიყვარულით უარყოფილს,
სხვისი სიყვარული შეუძლია.
იმ ქალს,
იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი სიმღერებიც მწუხარია,
ვისაც სიხარული გაუავდრდა,
სხვისი გაღიმება უხარია!
ვისაც შეუძლია ატირება,
მზით და სიკეთით ძლეულია,
დიდი შეცოდების პატიება
ვისაც დიდსულოვნად შეუძლია!
ვისაც უხარია ყველაფერი -
ტყეებია თუ ველებია,
ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს
ვერა და ვერაფრით შელევია!
ვისაც არასოდეს გაუვარდდა,
მაინც იმედებით გრძნეულია,
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს,
ვისაც სიყვარული შეუძლია!
ჩემი მიწის სადღეგრძელო
ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე
საქართველოს
საოცნებო გზები,
გრძელი, როგორც
ჩვენი მრავალჟამიერი,
ხვავრიელი,
როგორც პურის ძნები.
ვძებნე, ვძებნე, ვერ მოვძებნე
ოცნებაში დახატული მოყმე,
მინდა, ვიყო
თავანკარა გაზაფხული,
ჩემი მიწის
სადღეგრძელოდ მოვკვდე.
მუმლი მუხას ეხვეოდა,
ყორანივით დაგვყიოდა მტერი,
კაფეს, კაფეს, ვერ გაკაფეს
ეჭვებივით ჩახლართული ტევრი.
ლეწეს, ლეწეს, ვერ დალეწეს,
განა მართლა
თავზე ჩემოგვექცა
ვარკვლავების
ჩიხტიკოპით დახურული,
საქართველოს მადლიანი ზეცა.
მინდა, ვიყო
გმირი თინა წავკისელი,
შორი გზიდან
მიყიოდეს მოყმე,
ვიყო მისთვის
თავანკარა გაზაფხული,
ჩემი მიწის
სიცოცხლისთვის მოვკვდე.
უცხო ცის ქვეშ
დავდივარ
უცხო ცის ჭერქვევით,
გამვლელებს
პირქუშად შევცქერი,
არც ცაზე
ვარსკვლავი ასობით,
არც გზაზე
არც ერთი ნაცნობი,
დამყვება ჩემი მზის სურნელი
და მტკვრის ხმა
სულ ნელი
სულ ნელი,
ღმერთო! შეიბრალე
სუყველა,
ვისაც ზღვამ
შორი გზა უყელა!
საგალობელი დედებს
დიდება დედას,
ვინც გვაწოვებს სიმართლის ძუძუს,
ვისი მხრებითაც ბევრჯერ ლელო გატანილია,
ვინც უსახელოდ დაბადებულს
თითო ბავშვს უძლურს
სამშობლოს უზრდის
რუსთაველად,
ვაჟად,
ილიად!
მე ვლოცავ იმ ქალს,
ვინც არ იცის,
რა არის შიში,
ვისი თვალებით
გვიქარწყლდება ეჭვი ყოველი,
ვინც სალოცავად საქართველო უბოძა პირმშოს,
მარჯვენა მისცა
აღემართა სვეტიცხოველი!
დიდება დედებს,
ვინც ცრემლებით
მიწა აავსო,
ძუძუ აწოვა
მკლავდაკუნთულ სამას არაგველს,
მადლობას ვუხდი
დიდ წინაპრებს,
შვილი სამასი
სამშობლო მიწის
ჭრილობებს რომ წამლად დაადეს.
მადლი იმ დედებს,
უკვდავება ვინც გაინაღდა,
ვისი სახელიც
ხალხის გულში
ჩუმად სანთელობს,
დიდება იმ ქალს,
ვინც რწმენისთვის
დაწვეს ჩირაღდნად,
ვისაც საფლავში
დღესაც სცივა უსაქართველოდ.
მე ვლოცავ დედებს,
ვინც ელოდნენ
დილას ხვალინდელს,
ვინც შვილის საფლავს
უცხო მიწის გზებზე ეძებდნენ,
ჩუმად იცრემლეს,
ამ ქვეყნიდან
ჩუმად წავიდნენ,
ფარაჯიანის სურათები დარჩათ კედლებზე!
დაიზრდებიან კვლავაც ალგეთს
ლომის ბოკვრები,
და თუ მოგვიხმობს
საქართველოს მიწა ბებერი,
სამშობლო მიწის
დასახსნელად ისე მოვკვდებით,
ქართველი დედის სიამაყეს
როგორც შეჰფერის!