09:52:16     20-04-2012
წირქოლის ციხე
ქსნის ხეობაში რამდენიმე ათეული არქიტექ- ტურული ძეგლია, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის ისე მოხდენილად წამოდგმული მთის წვერზე, როგორც წირქოლი. ციხე ახალგორის რაიონის სოფელ წორქოლის მახლობლად მდებარეობს. ამასთან სტრატეგიულად მას მეტად მარჯვე ადგილი უჭირავს: ამ ადგილას მდინარე ქსანი ვიწრო კალაპოტიდან გამოდის და მცირედ ფართოვდება. სწორედ ამ ყელს სდარაჯობდა ეს ციხე.
ციხის წარმოშობაზე და მის მფლობელებზე ბევრი არაფერია ცნობილი. პირველად იგი X საუკუნის 70-იან წლებში იხსენიება, როდესაც საქართველოს გაერთიანების საქმეს წინ აღუდგა ზოგიერთი აზნაური, გასცეს უფლისციხე და მეფის დატყვევებული ოჯახი კახეთში გადაიყვანეს. დავით კურაპალატმა კახეთს მიაშურა და საქმეები უომრად მოაგვარა. კახელებმა წირქოლისა და იქვე ახლოს მდებარე გრუას გარდა ყველა მიტაცებული ადგილი დაიბრუნეს. მართალია, არა ჩანს, თუ რამდენ ხანს იყო წირქოლის ციხე კახელების ხელში, მაგრამ ეს მფლობელობა, ალბათ, დიდ ხანს არ გაგრძელდებოდა, რადგანაც თვით კახეთმა ამის შემდეგ მალე დაჰკარგა დამოუკიდებლობა.
წირქოლი და ,,წირქუალელნი“ შემდეგ საუკუნეებშიაცაა ცნობილი. მაგალითად, XII საუკუნის ბოლოს, გიორგი რუსისა და მისი მომხრეების დამარცხების შემდეგ თამარმა ზოგი დიდებული დასაჯა, ზოგიც დააწინაურა. ,,წირქუალელნი“ შეწყალებულთა რიგებში არიან მოხსენიებულნი.
აქედან მოყოლებული XVIII საუკუნემდე წირქოლის შესახებ ცნობები არ შენახულა. ვიცით, რომ XVIII საუკუნეში იგი ერთ-ერთ ძლიერ ციხედ ითვლებოდა და შიდა ქართლის სხვა ციხეებთან ერთად ეკუთვნოდა დიდ სარდალს გივი ამილახორს. როდესაც თეიმურაზ II ქართლის მეფე გახდა, მან შეძლო ქსნის ხეობის დამორჩილება, მაგრამ წირქოლის ციხე, სადაც გივის შვილი, რევაზი იყო გამაგრებული, ვერ აიღო. მაშინ მან დახმარება თავის შვილს, კახეთის მეფეს, ერეკლეს სთხოვა. გაერთიანებული ძალით მეფეებმა ციხეს ალყა შემოარტყეს. როცა საქმე "მისჭირდა", დაიწყო მოლაპარაკება. პატიებისა და სხვა დაპირებების შემდეგ ამილახორმა დათმო ციხე. სიმაგრეში მეფის გარნიზონი ჩადგა.
როგორც ვნახეთ, წირქოლი ისეთ მტკიცე სიმაგრეს წარმოადგენდა, რომ მისი აღება მეფეთა შეერთებულ ჯარსაც კი გაუძნელდა.
1777 წელს წირქოლის ციხემ უკანასკნელი სამსახური გაუწია საუკუნეთა მანძილზე მის მფლობელ ქსნის ერისთავებს.
ამ წელს მეფეს აჯანყებია ქსნის ერისთავი გიორგი და გაუმაგრებია საერისთავოს საიმედო ციხეები. მათ შორის წირქოლის იმედიც ჰქონია. მიუხედავად ამისა, ურჩი ფეოდალი მაინც დამარცხებულა მეფის ჯარების რადიკალური მოქმედების შედეგად.
ამ აჯანყების შემდეგ ერეკლემ ქსნის საერისთავო გააუქმა და წირქოლის ციხეც უშუალოდ სახელმწიფო ციხეთა ჯაჭვში შევიდა.
დღეს უკვე ძნელია ციხის ძველი გრანდიოზულობის წარმოდგენა. თავდაპირველი ციხე მთის წვერზე იდგა. მოგვიანებით ჩრდილოეთის მხარეს მისთვის ახალი ნაგებობები დაუმატებიათ, რომელთა სიდიდე ორჯერ აღემატება ძველს. ძველი ციხის სქელი და მტკიცე კედლები მთის რელიეფს მიჰყვება შიგნითა ტერიტორია რამდენიმე ნაკვეთად ყოფილა დაყოფილი. ციხეს ჰქონია თავისი წყალსაცავი და სხვა სათავსოები.
ახალი სიმაგრეც რთული რელიეფის მაქსიმალური გამოყენებით აუგიათ. ციხე რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. ეზოს ირგვლივ განლაგებულია: აღმოსავლეთით - ოთხსართულიანი სასახლე, სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეში - კოშკი და ჩრდილო-დასავლეთით საცხოვრებელი სადგომი. ამას გარდა, სხვა კუთხეებში კიდევ რაღაც ნაგებობები ყოფილა. ციხეს ჰქონია ერთადერთი შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან.
ციხის შიგნით ოთხსართულიანი სასახლისა და დანარჩენი ნაგებობების არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ იგი მხოლოდ ციხე კი არ იყო, არამედ ფეოდალის საცხოვრებელსაც წარმოადგენდა. შესაძლოა, აქ ქსნის ერისთავთა ძლიერი გვარის რომელიმე წარმომადგენელიც კი იჯდა.
ოთხსართულიანი სასახლის პირველ სართულში სამეურნეო ხასიათის სადგომები იყო; მეორე სართული მომსახურე პერსონალისათვის ყოფილა განკუთვნილი; მესამე სართული საცხოვრებელს წარმოადგენდა; მეოთხე კი - მისაღებ დარბაზს.
სამხრეთ-დასავლეთის კოშკიდან შემორჩენილია სამი სართული. პირველ სართულში ყოფილა ეზო და შესასვლელი. იქვე მაღალი და ვიწრო გვირაბი გადიოდა. მოგვიანებით, გვირაბის ფუნქციის დაკარგვის შემდეგ, მასში წყალსადენი გაუტარებიათ. ეტყობა, წყალი შორიდან იყო გამოყვანილი.
ციხის დასავლეთი ნაწილიც ორი ან სამსართულიანი ყოფილა. პირველი სარდაფი იყო, ხოლო ზედა სართულები - საცხოვრებელი. ყველა სართული აღჭურვილი იყო სათოფურებით.
ასეთი სახით მოღწეულ წირქოლის ციხე-დარბაზს დღეს მაინც აღტაცებაში მოჰყავს ადგილობრივი თუ უცხოელი მოგზაური. გამვლელი დიდხანს ვერ აცილებს მას თვალს.
0