კატინის სასაკლაო - „ბანაკების განტვირთვის ოპერაცია“ კატინის სასაკლაო - „ბანაკების განტვირთვის ოპერაცია“ />


  09:26:10     19-04-2012

კატინის სასაკლაო - „ბანაკების განტვირთვის ოპერაცია“

a17226.jpg

ვარშავაში, კატინის ტრაგედიის მსხევრპლი იმ ათასობით პოლონელი ოფიცრის ხსოვნის აღსანიშნავი მარში გაიმართა, რომლებიც 1940 წელს, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ბრძანებით დახვრიტეს. მარში სრული დუმილის ატმოსფეროში ჩატარდა. მისი მონაწილეები სპეციალურად, სამხედრო ფორმებში იყვნენ გამოწყობილნი.

ათწლეულების შემდეგაც, კატინის საქმედ წოდებული ტრაგედია ისევ აქტუალურია. სულ რამდენიმე დღის წინ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ აღიარა, რომ საბჭოთა ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლონელ სამხედრო ტყვეთა მასობრივი მკვლელობები მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო დანაშაული იყო; რომ რუსეთი არაჰუმანურად მოექცა კატინის მსხვერპლთა ნათესავებს და დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. საუბარია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც პოლონელთა ერთი ჯგუფის სარჩელს შეეხება. ეს ადამიანები რუსეთს იმის გამო უჩივიან, რომ მოსკოვმა მათ არ მისცა საშუალება, გაცნობოდნენ დოკუმენტებს კატინის სასაკლაოს შესახებ.

თუმცა ამ ტრაგედიის შესახებ ბევრი რამ უკვე ისედაც ცნობილია. მაშინდელი იმპერიული ხელწერა  თითქმის არც განსხვავდება საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრის თანამედროვე ხელწერისაგან.

1939 წელს ფაშისტური გერმანიის ჯარები პოლონეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. 2 დღის შემდეგ, გერმანიას ომი გამოუცხადეს საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, რომლებიც ამ ფორმით, ასე ვთქვათ, პოლონეთის წინაშე აღებულ პოლიტიკურ ვალდებულებებს ასრლებდნენ. თუმცა ამ ვალდებულებების შესრულება ფორმალური იყო: ფრანგული და ბრიტანული სამხედრო ნაწილები არ შეწინააღმდეგებიან გერმანიას. ამ ომმა მიიღო კიდეც „უცნაური ომის“ სახელი.

ამის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ოფიციალური ნოტა, რომელშიც მიმდინარე მოვლენებს პოლონური სახელმწიფოს დაცემა უწოდა და გამოაცხადა თავისი მიზნები - დაეცვა პოლონეთის ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინული და ბელორუსული დიასპორები.

1939 წლის 17 სექტებერს,  წითელი არმია პოლონეთში შევიდა. საფრანგეთსა და ინგლისს მისთვის ომი არ გამოუცხადებია. წითელი არმიის პოლონეთში საბჭოთა კავშირს სურვილს უკავშირდებოდა - გერმანიასთან, ევროპაში გავლენის საფეროები განესაზღვრა.

წითელი არმიის ქვედანაყოფებმა დასავლეთ ბელორუსისა და დასავლეთ უკრაინის ნაწილები დაიკავეს და პოლონეთის სიღრმეში შევიდნენ. 1917 წლამდე, ეს ტერიტორიები, ავსტრო-უნგრეთის და რუსული იმპერიის შემადგენლობაში იყო, 1921 წლის რიგის სამშვიდობო შეთანხმებით კი პოლონეთის ნაწილი გახდა.
1939 წლის 19 სექტემბერს, საბჭოთა კავშირის შს სახალხო კომიტეტმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც შს სახალხო კომიტეტთან უნდა შექმნილიყო სამხედრო ტყვეთა და ინტერნირებულ პირთა განყოფილება. ადამიანებისთვის, რომლებიც საბჭოთა არმიამ დაატყვევა, 8 ბანაკი შეიქმნა.

ტყვეთა საერთო რაოდენობამ ნახევარი მილიონი შეადგინა. თუმცა მათი ნაწილი გაათავისუფლეს კიდეც. ბანაკებში სულ 130 242 ადამიანი მოხვდა, უმრავლესობა სამხედრო მოსამსახურეები, ძირითადად ისინი, რომლებზეც საბჭოთა ხელმძღვანელობა ეჭვობდა, რომ მათ პოლონეთის დამოუკიდებლობა სურდათ.

1939 წლის 3 ოქტობერს, რიგითები და უმცროს ოფიცერთა შემადგენლობა გაათავისუფლეს. 40 ათასი ტყვე გერმანიას გადასცეს, დანარჩები - დაახლოებით 41 700 ადამიანი კი საბჭოთა ბანაკებში დარჩნენ.

1940 წლის ზამთარში დაიწყო ტყვეთა გადასახლება რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონებში. ციმბირსა და ჩდილოეთ ყაზახეთში 26 ათასი პოლონური ოჯახი გაგზავნეს.
1992 წელს ცნობილი გახდა ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც 1940 წლის 3 მარტითაა დათარიღებული და ხელმოწერილია შს სახალხო კომიტეტის მიერ. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროსადმი მიმართვაში ლავრენტი ბერია წერდა, რომ ყველა სამხედრო ტყვეს სძულს და ყოველთვის სძულდა საბჭოთა კავშირი. რომ ამ მომენტისათვის პატიმრობაში იმყოფებოდა 14 736 ოფიცერი, ჩინოვნიკი, პოლიციელი და საზოგადოების მაღალი ფენების წარმომადგენლები. რომ მათგან 97% პოლონელი იყო… ტყვე რიგითებისა და უმცროსი ოფცრების ზუსტი რაოდენობა მიმართვაში არ იყო ნახსენები. ბერიას წინადადება ასეთი იყო:

„ბანაკებში მყოფი 14 700 ადამიანის - ყოფილი პოლონელი ოფიცრების, ჩინოვნკების, პოლიციელების, მზვერავების, ჟანდარმების საქმეები, ასევე უკრაინისა და ბელორუსის დასავლეთ რაიონებში ციხეებში მყოფთა საქმეები - სულ 11 000 ადამიანისა, რომლებიც სხვადასხვა ჯაშუშური და დივერსიული ორგანიზაციებიდან არიან, განხილულ იქნას განსაკუთრებული წესით და მათ მიმართ გამოყენებულ იქნას სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა“.

პოლიტბიუროს წევრებმა დაიწყეს კიდეც განსაკუთრებულო წესით საქმეების განხილვა, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ მათ ყოველგვარი დაკითხვისა და სასამართლოს გარეშე გამოიტანეს სასიკვდილო განაჩენები. ყველა პოლონელ ტყვეს დახვრეტა მიუსაჯეს. საქმეებს „განიხილავდენენ“ მერკულოვი, კობულოვი და ბაშტაკოვი.

„ენკავედემ“ ტყვეების დასახვრეტად გაყვანის გეგმაც შეიმუშავა: სამხედრო ტყვეები უკრაინის ციხეებიდან ხარკოვში, ხერსონსა და კიევში გაგზავნეს. ბელორუსის ციხეებიდან კი მინსკში. ისინი, ვინც ოსტაშკოვსკის ბანაკში იყვნენ, ქალაქ კალინინის ციხეში გადაიყვანეს. სოფელ მედნოეში, კალინინთან ახლოს, ექსკავატორებმა წინასწარ გათხარეს ორმოები.

სიკვდილმისჯილთა დახვრეტის ადგილებზე გადაყვანა აპრილის პირველ რიცხვებში დაიწყო. მიჰყავდათ 350-400 ადამიანი. მათ ეჭვიც კი  არ ჰქონდათ, რომ სასიკვდილოდ მიდიოდნენ. ბევრს უხაროდა კიდეც, რადგან ფიქრობდნენ, რომ მათ გაშვებას აპირებდნენ. არქივებში შემორჩენილია ერთ-ერთი სამხედრტო ტყვის ჩანაწერები. მაიორი ადამ სოლსკი წერს:

„20 აპრილს 12 საათიდან ვდგავართ სმოლენსკში, სათადარიგო გზაზე. 21 აპრილი. ვემზადებით ვაგონებიდან გასასველად. ჩვენ სადღაც გადავყავართ მანქანებით. რა იქნება მერე? გამთენიიდან, დღე, რაღაც, უცნაურად დაიწყო. მიგვიყვანეს სადღაც ტყეში, სააგარაკო ადგილს ჰგავს. ჩაატარეს საგულდაგულო ჩხრეკა. დაინტერესდნენ ჩემი საქორწინო ბეჭდით, წაიღეს ფული, დანა, საათი, რომელიც 6:30 უჩვენებდა“...

ხარკოვსა და კალინინში ციხეებშივე ხვრეტდნენ. კატინში, ხელებშეკრულები, პირდაპირ ამოთხრილ ორმოსთან მიჰყავდათა და კეფაში ესროდნენ. იყენებდნენ, ძირითადად, გერმანულ პისტოლეტს „ვალტერსა“ და „ბრაუნინგს“. სწორედ ამის გამოც წარმოიშვა ვერსია, რომ კატინის მკვლელობებთან გერმანელებს ჰქონდათ კავშირი.

დახვრეტები მაისის შუა რიცხვებამდე გრძელდებოდა. მას კოდური სახელწოდება ჰქონდა - „ბანაკების განტვირთვის ოპერაცია“. დახვრეტების დასრულების შემდეგ, „კგბ“-ს  ხელმძღვანელი შელეპინი სამსახურეობრივ წერილში იტყობინებოდა, რომ ოპერაციის დროს განადგურდა 21 857 ადამიანი, მათგან კატინში დახვრიტეს 4 421, ხარკოვში 3 820, კალინინში 6 311. კიდევ 7305 ადამინი კი უკრაინისა და ბელორუსის დასავლეთ რაიონებში ციხეებშივე ჩახოცეს.
0

ავტორი: