08:59:08     19-04-2012
როულინგმა ჰარი პოტერის სამყარო აღადგინა
ჰარი პოტერის პერსონაჟის შემქმნელმა, ჯოან როულინგმა განაცხადა, რომ მუშაობა დაიწყო ენციკლოპედიაზე, რომელიც ჰარი პოტერის სამყაროზე აწვდის მსურველებს ინფორმაციას. „მე დიდი ხნის წინ დავპირდი თაყვანისმცემლებს, ჰარის ენციკლოპედიის შექმნას და ახლა, როგორც იქნა, დავიწყე მუშაობა“, - განაცხადა მწერალმა.
ეს სამუშაო როულინგს საკმაოდ დიდ დროს წაარმთმევს, ამიტომ წიგნის ავტორმა თაყვანისმცემლებს მოთმინების გამოჩენისკენ მოუწოდა. წიგნის გაყიდვებით შესულ ჰონორარს კი როულინგი ქველმოქმედებას მოახმარს.
როგორც ავტორმა განაცხადა, ენციკლოპედია ახალგაზრდა ჯადოქრის ისტორიის დამასრულებელი ეტაპი იქნება. მიუხედავად ამისა, მან დასძინა, რომ არ არის გამორიცხული ოდესმე მოისურვოს ჰარი პოტერის მერვე წიგნის შექმნაც. „მე ამ საკითხთან დაკავშირებით, არასდროს მითქვამს არასდროს“, - განუცხადა ჟურნალისტებს მწერალმა.
მიუხედავად ამისა, პოტერის თაყვანისმცემლები იმედგაცრუებას არ უნდა მიეცენ. ენციკლოპედიასთან ერთად ავტორმა კიდევ ერთი პროექტი წარმოადგინა - ვებ-გვერდი Pottermore.com. საიტის სტუმრები კი შეძლებენ როულინგის ახალი სტატიებისა და წიგნების განხილვას. ვირტუალური სამყაროს მეშვეობით, თაყვანისმცემლები პოტერის ცხოვრებით იცხოვრებენ მაგიურ სამყაროში.
აღნიშნული ენციკლოპედიის გარდა ჯოან როულინგი ამ დროისათვის მუშაობს წიგნზე, რომელიც არავითარ კავშირში არ არის პოტერთან. სამომავლო გამოცემა ზრდასრული აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი. ახალი რომანის შეფასება მიმდინარე წლის 27 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი. რომანი როგორც წიგნის სახით, ასევე ელექტრონული ვერსიითაც იქნება ხელმისაწვდომი.
ჯოან როულინგი დიდ ბრიტანეთში ყველაზე მდიდარი მწერალია: იგი 800 მილიონ ამერიკულ დოლარს ფლობს. ჰარი პოტერის შვიდი წიგნი 400 ეგზემპლარად გამოიცა და 60-ზე მეტ ენაზე ითარგმნა.
0