11:34:20     13-04-2012
გიორგი ჭალადიდელის „სიმღერა გარდახვეწილისა” (გარდაცვალების დღისადმი)
1898 წლის 1 აპრილს (ახალი სტილით13 აპრილს), მინსკი, გარდაიცვალა ცნობილი ქართველი პოეტი გიორგი ჭალადიდელი (გიორგი მაქსიმეს ძე ქოჩაკიძე).
მისი გარდაცვალების შესახებ მოსე ჯანაშვილი წერდა (ნაწყვეტი):
„შეიტყობ, დიდი და დიდბუნებოვანი მამულიშვილი გარდაიცვალაო და ჯერხნობით მაინც არ გეჯერება, რომ მოსპობოდეს სიცოცხლე თვით ამ ,,ცოცხლობის” მქადაგებელსა და დარაჯს.. გარნა შენი ურწმუნოება მალე რწმენად იქცევა და ძაძით შემოსილ მეინახე-მგლოვარს მხოლოდ ისღა გრჩება სანუგეშოდ, რომ შენი საყვარელი არსება არ მომკვდარა, არამედ მხოლოდ განუსვენია და ტკბილად დაუძინია. კაცი რჩეული, კეთილად მშრომელი მოღვაწე და მქადაგებელი არა კვდება. თვით ხორციელი სიკვდილი შარავანდოსან ჰყოფს მის სულიერს ნამუშაკარს. სიტყვა და ქადაგება მისი არის მის-მიერვე და მისდავე აგებული ხელთუქმნელი და უხრწნელი ძეგლი, მარადჟამ ჩვენი მანუგეშებელი და გამამხნევებელი..
აღარ გვყავს კოლხიდის შვილი და საქართველოს წარჩინებული მგოსანი. მოჰბერა სასტიკმა ჩრდილოეთის ქარმა და წარიტაცა სასურველი მამულიშვილი. განისვენა ჭალადიდელმა შორს საქართველოდგან, თეთრი ზღვის მიდამოებში...
დადუმდა ენა, რომელიც ატკბობდა ქართველს 30 წლის განმავლობაში: გადატყდა კალამი, დიდ-მშვენიერ ძეგლების მწერალი; შესდგა შვინვა აღმატებულ რიტორისა. წარვიდა იგი ნაღლით მოსილი და დაამკვიდრა იქ ,,სადა არა არს ჭირი, არცა მწუხარება, არცა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი”...
გიორგი ქოჩაკიძე დაიბადა 1847 წლის 15 (ახალი სტილით 27) ივნისს, სოფელ ფერსათში, იმერეთში, თავადის ოჯახში.
სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიასთან არსებულ პანსიონში, შემდეგ პეტერბურგის სამხედრო სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1873 წელს. მსახურობდა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში, მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878 წწ.). მიიღო პოლკოვნიკის წოდება, მსახურობდა რუსეთის სხვადასხვა გუბერნიაში.
გარდაიცვალა ახალგაზრდა, 51 წლისა, როგორც ვთქვით, 1898 წლის 1 (ახალი სტილით 13) აპრილს მინსკში. დაკრძალულია სენაკში.
მისი ნაწარმოებები 1869 წლიდან იბეჭდებოდა "დროებაში", "სასოფლო გაზეთში", "მოამბეში", "ივერიაში", "მნათობში", "კრებულში" და სხვა. გარდა ჭალადიდელისა იყენებდა კიდევ ფსევდონიმს "სირიაჩქონელი ქიშვარდიანი".
მიუხედავად იმისა, რომ თავადური წარმომავლობის გახლდათ, მისი შემოქმედება გამსჭვალული იყო უბრალო მშრომელებისადმი დიდი თანაგრძნობით ("ქება შრომას", 1868; "ფაცხა", 1870); ასევე პატრიოტიზმით ("სიმღერა გარდახვეწილისა", 1870; "გორდის მთაზე", 1872), მწერლობის მაღალი დანიშნულების შეგნებით ("მენავე", "მწერლისადმი", ორივე 1869), თავისუფლების სიყვარულით ("მოღალური გალიაში", 1872). წერდა სატრფიალო ლექსებს: "სატრფო" (1869), "ქართველო ქალო", "ფარვანა", "სიმღერა" (სამივე 1870). აქვეყნებდა წერილებს "ცივ-ცივი ამბების სახელწოდებით "დროებაში". იყო თერგდალეულთა მიმდევარი.
ჭალადიდელის ზოგიერთი პოპულარული ლექსი სიმღერად იქცა: "მოგონება" ("მახსოვს პირველად სასწავლებელში"); "ფაცხა" ("მიყვარს ფაცხა მე მეგრული").
გავიხსენოთ გიორგი ჭალადიდელის ლექსი „სიმღერა გარდახვეწილისა“.
სიმღერა გარდახვეწილისა
ვზივარ მარტო, მოწყენილი,
მსურს ფიქრით ვივსებოდე,
ამ ჩემს ოთახს, მარტოხელს,
მუდამ არ ვშორდებოდე, -
ჩემს სამშობლოს ვიგონებ,
ნახვას ვეღირსებოდე....
ოჰ, ფრთა მომცა, ჩიტი ვიყო,
მალმალ გავფრინდებოდე!
იქაურსა მწვანეზე
ნეტამც როსმე ვჯდებოდე,
ნორჩ ყვავილსა, ბუჩქებზე
ბავშვურადა ვცელქობდე,
დას ძმურად ხელს ვართმევდე,
ძმებს ყელზე ვეხვევოდე...
ოჰ, ფრთა მომცა, ჩიტი ვიყო,
ნეტამც გავფრინდებოდე!
ჩემს ტოლს, მოძმეს, ამხანაგს
ნუთუ ვაგონდებოდე
იმ დროს, ოდეს მე მარტო
ჯავრით აქ ვხელდებოდე...
ღმერთო, ისე ნუ მომკლავ,
ძმას ძმურად არ ვრგებოდე...
ოჰ, ფრთა მომცა, ჩიტი ვიყო,
მათკენ გავფრინდებოდე!
ოდეს მამულს, კეთილო,
მარად ვეკარგებოდე,
მომკალ, ნუ გეცოდები, -
არ მსურს გენაღვლებოდე!..
გამაცოცხლე, მანატრე,
თუნდ საფლავში ვდნებოდე,
აყვავებულ სამშობლოს
თუკი მოვესწრებოდე!
მოიფიქრე, კეთილო,
თუ ძნელად არ ვცხოვრობდე
მაშინ, ოდეს ტურფასა
აქედან ვეტრფობოდე, -
სამძიმოა, მერწმუნე,
თუნდ ეშხით ვივსებოდე...
მაშ, ფრთა მინდა, ფრთა მომეცით,
თქვენსკენ გავფრინდებოდე!