16:40:42     12-04-2012
რუსეთი ცხინვალს ისევ ატყუებს, რომ ის „დამოუკიდებელი ქვეყანაა“

ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ლეონიდ თიბილოვი თავისი „მთავრობის“ რუსული კადრებით დაკომპლექტებაზე უარს ამბობს. ამიერიდან „ხელისუფლებაში“ მხოლოდ ადგილობრივი კადრები დაინიშნებიან - განაცხადა თიბილოვის წარმომადგენელმა როდიონ სილკაევმა.
ამის რეალური მიზეზი ცხინვალში ძალიან ბევრია. სწორედ რუსეთიდან მოვლენილი კადრის, ვადიმ ბროვცევის პრემიერობის დროს რეგიონში გამოგზავნილი რუსული ფული უგზო-უკვლოდ დაიკარგა და ცხინვალი დღეს ნაომარს უფრო ჰგავს, ვიდრე აღდგენილს.
სილკაევის თქმით, დღეს ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს, რადგან თიბილოვს არ სურს კოკოითის მსგავსად მოსკოვს უთანხმოს გადაწყვეტილებები:
„ეს ყოფილ პრეზიდენტს ჰქონდა შეთანხმებითი, დათმობითი პოლიტიკა. ის არანაირად არ ავლენდა დაინტერესებას რესპუბლიკის პოზიციებით. ლეონიდ ხარიტონოვიჩი კი სხვა ადამიანია - ის პირველ რიგში რესპუბლიკის ინტერესებს დაიცავს“ - განაცხადა მან.
ცხინვალში ახალი ლიდერის „მამულიშვილური“ მიდგომები მოეწონათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნელ-ნელა მიხვდნენ, რომ მათი „დამოუკიდებელი რესპუბლიკა“ მთლიანად კრემლის მარწუხებშია მოქცეული, მოსკოვის მიერ ბოძებული „დამოუკიდებლობის“ აღარ სჯერათ.
იმის, რომ მოსკოვი თიბილოვს თუნდაც საკადრო პოლიტიკაში ნებაზე მიუშვებს, არც ექსპერტებს სჯერათ.
რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენელი იანა ამელინა ამბობს, რომ თიბილოვის მიერ გაჟღერებული იდეა - აღარ დანიშნოს რუსეთიდან მოვლენილი პერსონა პრემიერად, რეალურად, არა ცხინვალში, არამედ მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილებაა:
„ახლა, როცა ნოემბრის კრიზისის შემდეგ რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობებში ბევრი ცვლილება მოხდა, მოსკოვში, უეცრად, გააცნობიერეს მარტივი რამ: აზრი არ აქვს მოითხოვონ, რომ ხელისუფლების სათავეში რუსი იყოს. ეს მხოლოდ პრობლემებს ქმნის ოსებთან ურთიერთობაში, ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დაინიშნოს ადამიანი, რომელსაც კავშირი აქვს რესპუბლიკასთან“ - განაცხადა ამელინამ „ეხო კავკაზა“-სთან საუბარში.
ის ამბობს, რომ ეს „თვითდინებაზე“ მიშვება ფარსია, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი კადრების უპირატესობის შესახებ გადაწყვეტილება მართლაც ცხინვალში მიიღეს. ეს კადრი ისევ მოსკოვთან იქნება შეთანხმებული.
როგორც ირკვევა, ცხინვალის „მთავრობის“ დაკომპლექტების თემით რუსეთი გაცილებით ადრე დაკავდა, ვიდრე თავად თიბილოვი. ექსპერტის ინფორმაციით, მოსკოვში უკვე განიხილეს პრემიერის თანამდებობაზე სამარელი ბიზნესმენის როსტისლავ ხუგაევის დანიშვნა. ეს ადამიანი, მართალია, წარმოშობით ოსია, მაგრამ 30 წელია, „გარუსებულია“, რადგან ამ ხნის განმავლობაში ის ცხინვალიდან ძალიან შორს ცხოვრობს.
ამელინას თქმით, ცხინვალის „დამოუკიდებლობა“ დღეს ასე გამოიყურება: „მოსკოვმა გადაწყვიტა - ოსეთი დათანხმდა“ და ასე იქნება უახლოეს პერიოდში. ამისთვის ბევრი სერიოზული მიზეზია და ეს პრაქტიკა მალე არ შეიცვლება“ - განაცხადა მან.
ასე რომ, ცხინვალელები კვლავ მოსკოვის ქვეშევრდომობას უნდა დასჯერდნენ. მათ შესაძლოა „თავისი“, თუმცა მაინც ორმაგი დაქვემდებარების პრემიერ-მინისტრი დაუნიშნონ, რომელიც, ისევე როგორც ახალი „პრეზიდენტი“ მოსკოვის ნება-სურვილის აღმსრულებელი იქნება.