მელენ დე სენ-ჟელეს „წინასწარმეტყველური გამოცანა“ მელენ დე სენ-ჟელეს „წინასწარმეტყველური გამოცანა“ />


  11:09:19     11-04-2012

მელენ დე სენ-ჟელეს „წინასწარმეტყველური გამოცანა“

a16982.jpg

მელენ დე სენ-ჟელე (Mellin de Saint-Gelais) რენესანსის ეპოქის ფრანგი პოეტი, ასტროლოგი და მუსიკოსი გახლდათ, რომელიც ცხოვრობდა 1491-1558 წლებში.

სწავლობდა პუატიეს (საფრანგეთი), ბოლონიისა (იტალია) და პადუის (იტალია) უნივერსიტეტებში. 1523 წელს დაბრუნდა საფრანგეთში. გახდა სასულიერო პირი, აბატი. დაუახლოვდა სამეფო კარს. გახლდათ ფანტენბლოს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. ფანტენებლო პატარა ქალაქია პარიზთან ახლოს, სადაც საფრანგეთის მეფეების ქალაქგარე რეზიდენცია იყო.

სენ-ჟელეები არისტოკრატები იყვნენ, მარკიზები. სენ-ჟელეს გვარით სამი მწერალია ცნობილი საფრანგეთში:

ჟან დე სენ-ჟელე (ცხოვრობდა XV საუკუნის ბოლოს და XVI საუკუნის დასაწყისში), 1270-1510 წლების „ქრონიკის“ ავტორი;

ოქტავიან დე სენ-ჟელე (1466-1502), პოეტი, მთარგმნელი;

და, წინამდებარე ლექსის ავტორი, მელენ დე სენ-ჟელე (შესაძლოა, ჟან დე სენ-ჟელეს შვილი, ოქტავიანეს ძმისშვილი), პოეტი, მთარგმნელი, რომელიც დაახლოებული იყო საფრანგეთის მეფის ფრანცისკ I-ისა (მეფობდა 1515-1547) და მისი ვაჟის, ჰენრიჰ II-ის (მეფობდა 1547-1559) სამეფო კართან. ჰენრიჰ II-ის დროს, იყო მეფის მოძღვარი და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.

იგი არის ავტორი პოეტური კრებულისა „პოეზია“ (Poésies), რომელიც გამოიცა 1574, 1582, 1665, 1719 წლებში. იბრძოდა ფრანგული ენის შერყვნის წინააღმდეგ. იტალიაში განსწავლის პერიოდში გატაცებული იყო პეტრარკას პოეზიით. მან ერთ-ერთმა პირველმა შეიტანა ფრანგულ პოეზიაში სონეტი.

რენესანსის ეპოქის დიდ ფრანგი მწერალს, სატირიკოსა და მოზროვნეს ფრანსუ რაბლეს (1494-1553), თავის უკვდავ „გარგანტუას“ ბოლო თავში (LVIII), რომელსაც ჰქვია „წინასწარმეტყველური გამოცანა“, გამოქვეყნებული აქვს მელენ დე სენ-ჟელეს ლექსი „წინასწარმეტყველური გამოცანა“. ფაქტიურად ამით მთავრდება „გარგანტუა“, სულ ერთი აბზაციღა მოსდევს ფრანსუა რაბლესი. „გარგანტუაში“ გამოქვეყნებული ლექსიდან რამდენიმე სტრიქონი ფრანსუა რაბლეს დამატებული შეიძლება იყოს. ნაწარმოების გმირები „წინასწარმეტყველებას“ სავანის საძირკველში იპოვნიან, სპილენზის ფიცარზე ამოკვეთილს. ფრანსუა რაბლე შესანიშნავად იყენებს მისი თანამედროვე პოეტისა და მოაზროვნის ნაწარმოებს.

მელენ დე სენ-ჟელე იყო ადამიანი, რომელიც, მიესწრაფვოდა სიბრძნის შეცნობას, და თავის მსგავს ადამიანებს, სიბრძნის მოყვარულებს მიმართავს. პოეტი სჭვრეტს განსაცდელიან მომავალს, ზოგადად განსაცდელს ადამიანებისათვის, როდესაც ბოროტება გაბატონდება ქვეყანაზე, დაუნდობლობა, ამორალურობა (საინტერესოა, რომ „სხვაგნებურების“, „სხვამხრელი კაცების“ მიერ) ... მაგრამ, განსაცდელს ამ „წინასწარმეტყველების“ მიხედვით  დასასრული აქვს. თუმცა, ზოგს მიეცემა ციური მანანა, ზოგს არა. ალბათ, პოეტი გულისხმობს, რომ კეთილი ადამიანები ციურ მანანას მიიღებენ... აქვე უნდა ითქვას, რომ ბოროტების აღკვეთა ზეციდან ხდება... 

სხვა ნაწარმოები მელენ დე სენ-ჟელესი ქართულად თარგმნილი მე არ შემხვედრია. ამ ნაწყვეტის წაკითხვით, მკითხველი დარწმუნდება, რომ მელენ დე სენ-ჟელეს ლექსი „წინასწარმეტყველური გამოცანა“ ქართულად შესანიშნავადაა თარგმნილი გურამ გოგიაშვილის მიერ. ასევე შესანიშნავადაა თარგმნილი, მშვენიერი ქართულითაა გადმოცემული ფრანსუა რაბლეს „გარგანტუა და პანტაგრუელი“ (ამაზე სხვა დროს).

მელენ დე სენ-ჟელეს წინასწარმეტყველური გამოცანა

(თარგმნა გურამ გოგიაშვილმა)

სიკვდილის შვილო, მეოცნებევ, ერთსა გთხოვ ძმურად,
სულით გამხნევდი, გაიგონე და იხვენ ყურად.
უკეთუ გჯერა წუთისოფლის წაღმა ტრიალი
და ცისა მნათობთ აზრს აართმევ ადამიანი,
უკეთუ ფიქრით დაიყენებ თვალწინ ხვალინდელს,
უკეთუ უწყი, მზე გამოვა და იამინდებს,
ოდესმე მაშვრალს შეგეწევა თავად განგება,
და გულით გწადის ამა ქვეყნად ყოვლის გაგება,
უკეთუ ძველთა ბრძენკაცთაგან ნამდვილად თქმულა,
რომ მომავლისა საიდუმლოს შეიტყობ სრულად,
მაშ, მომისმინე, სიტყვას გეტყვი უცილოდ მართალს:
ამ შემოდგომით ანდა დასტურ პირველსავ ზამთარს
მოგვიხილავენ სხვაგნებურნი, კაცნი სხვამხრელნი,
მოვლენ და სხვა მეხს მოიტანენ მკაცრნი, მსახვრელნი,
დაგვანატრებენ ლხინს, სიხარულს, ღიმილს და ალერსს,
ტკბილს დაგვიქცევენ, შეგვასმევენ მაძღისად მწარეს,
ღვარძლს ახარებენ, დაამყნობენ ძმობაზედ ძმაცვას,
მოგვაღორებენ, გამეფდება პარვა და ძარცვა.
ბევრი გაებმის საცთუნებლად დარწყმულ ბადეში,
მამას თვისივე ძე გაჰყიდის, პაპას - ბადიში,
სადაც ტრფობაა, ბოროტება მტრობას დათესავს,
ერთმანეთს ავად გადაჰკიდებს ძმას და ნათესავს.
დაისადგურებს ჭმინვა-ვიში, მოვა არჯალი,
ზურგს უკან დანა ილაპლაპებს, ცხვირწინ - ხანჯალი,
საგონებელი გაუჩნდებათ თვითონ მეფეთაც.
ვინ იცის, ვინ რას განუმზადებს, ვინ რას შეჰბედავს,
რამეთუ ურცხვად მოისურვებს ზოგი მეფობას,
ყველაფერს იზამს, არ დაზოგავს ოჯახს, მეგობარს,
არად ჩააგდებს, რა ერგება, რა არ ერგება,
შეერგება თუ საბოლოოდ არ შეერგება.
იქნება ერთი დაღდაღანი, შუღლი, ცილობა,
გაუტანლობა, უპირობა და გულძვირობა,
ქვეყანას კარი შეეხსნება, ვით სახლს ბოღდარას,
ხშირად ისეთი რამ მოხდება, რაც არ მომხდარა.
მრავალ კაი ყმას წამოუვლის ჟინი საგრობის,
მრავალმა უნდა ისახელოს თავი მაგრობით,
მაგრამ ვაი რომ ვერ ასცდება ვერვინ დამცრობას,
ბევრს ანანებენ გაჩენას და ყმაწვილკაცობას.
და ვის ბრძოლაში  უწერია სიკვდილის ნახვა,
ვეღარ დააგებს სავალალოდ ამოწვდილ ლახვარს,
მიწყივ იქროლებს ქარაშოტი ჯავრის და რისხვის,
ვინემ კრტიმლობას არ მოშლიან და იდენს სისხლი.
მართალი სიტყვა ეღირება მხოლოდრა ჩირად
და სიცრუე კი გასაღდება ყოვლისა ძვირად,
რადგანაც ფასი არ ექნება თავად გონებას,
ოდენ მაცდურთა საქებარი გაიგონება,
და ყოველივეს საზიზღარი სიხარბე წარყვნის.
დატრიალედება ქვეყანაზე კვლავ სუნი წარღვნის!
დიაღაც სწორად მოგახსენებთ და სწორად ვამბობ,
წარღვნად მიცვნია, წარღვნას ვუხმობ ჯანყსა და ამბოხს,
უნაპიროა წარღვნასავით სულის ფლიდობაც,
ხელად წალეკავს არემარეს, ვით წყალდიდობა,
და მიმოტბორავს მაღალ-დაბალს, გავა ბოლომდე,
საგრობით გართულთ ისერიგად გააბოროტებს,
რომ არ ინდობდნენ კაცთ კი არა, უცოდველ ხვასტაგს
და მძულვარება პირუტყვისა მრავალ ჟამს გასტანს,
არცარა მწყემსი შეებრალვით, არცრა ნახირი,
საწყალობელთა შესძრავს ზეცას კვნესა-ძახილი,
ვითარცა ძველკაცთ არ უწყოდნენ ზორვა სხვარიგად,
კვალად საკერპოს შესწირავენ მროწლეს ტარიგად.
აწ ალბათ ჩახვდით, სახვალიოდ რა მოაქვს მყოფადს,
კარგს არ დაგვაყრის არც არავის ესდენი მტრობა,
სულ პაწაწინა გაუჩდება რამე ნაბზარი,
და დამწუხრდება ბირთვი იგი უზარმაზარი!
ვისაც თავისიც ოხრად რჩება ქვეყნად ქონება,
ის მოუნდომებს დაპყრობას და დაპატრონებას
და რაოდენსაც მიუმატებს სამკვიდროს სიგრძეს,
უფრორე მეტად დაიჩემებს ჭკუას და სიბრძნეს
და ისეგვარად შეეწევა ერთბაშად ყველას,
გამჩენსა სთხოვენ უბედურნი ხსნასა და შველას.
და ბოლოს შავად გათენდება დილა ცრიატი,
ცას არ შეღებავს გარიჟრაჟი, არც განთიადი,
მზეს განაშორებს მიწისაგან ბინდის კედელი,
წყვდიადი შთანთქავს, უჩინი და განუჭვრეტელი,
ვეღარ გაარჩევს კაცის თვალი წყალსა და ხმელეთს,
თავს ვერ დააღწევს ხორციელი გაუვალ ბნელეთს
და გადიქცევა ცისქვეშეთი წამერთ იავარ.
ოღონდ სანამდის იხილავდეს ავბედ ნიაღვარს,
სანამ წარღვნიდეს უკუნეთი ნათელს სრულიად,
ატორტმანდება, უცაბედად იძვრის დუნია,
რარიგაც ეტნა ატორტმანა ერთხელ კრონიდმა,
ოდეს ტიტანიდს დააკვეთა, დასცა ღონივრად*,
ან როგორც მთანი ენარიის, დიდნი საზარად,
ვინმემ კი არა, ტიფონმა რომ შეაზანზარა,
ვინაც აიკლო იქაობა, სწყურდა თარეში
და რაც ხელთ მოხვდა გადუძახა ოკეანეში.
ესრეთ სამყაროს წაერთმევა ძველი იერი,
ერთსა ტაფაში დაიწვიან სუსტიც, ძლიერიც,
და თავად აზრი წაერთმევა ძალას, დიდებას,
ქვეყნად ყველაფერს სულ ფეხებზედ დაიკიდებენ.
გული კი ერთი იმედითღა იძგერებს მხოლოდ,
რომ ეგებ როსმე მტრობა-შურსაც მოეღოს ბოლო,
ვინათგან ყველას აღმა-დაღმა წაიღებს ღვარი,
და წარიშლება ყოველგვარი მიჯნა თუ ზღვარი,
მაგრამ ღვარამდის მეყსეულად შეამჩნევს თვალი,
ვით მოედება ცის კაბადონს ელვისებრ ალი,
რათა ააშროს დარჩენილი მიწაზედ წყალი
და არღა დარჩეს ბოროტების ბედითი კვალი.
როცა გაივლის განსაცდელი, ვაი-ვაგლახი,
აბიბინდდება ნახანძრალზედ როცა ბალახი,
ზოგს ისევ უხვად მიებოძოს ცისა მანანა
და არცრა ჰქონდეს გარდასული ჭირად, სანანად,
ზოგსაც კვალადვე მშიერ-მწყურვალს ამოსძვრეს სული.
მე ჩემი ლექსი გავასრულე, წინასწარ თქმული,
აწ თავად იცით სატკივარი ვისაც რა ელმის
და ვის რა ელის გარდუვალად კაცთაგან მერმისს.
სიტყვა სიტყვაა. ო, სუყველას ჯვარი გწერიათ,
ვინცა ბოლომდის თავს გაიტანს, ბედნიერია!

-------

* - რარიგაც ეტნა ატორტმანა ერთხელ კრონიდმა, ოდეს ტიტანიდს დააკვეთა, დასცა ღონივრად. ---- ბერძნული მითის მიხედვით, ზევსმა დაამარცხა ბუმბერაზი ტიფონი (მიწისქვეშა ვულკანურ ძალთა განსახიერება) და ტარტაროსში ჩააგდო, ზემოდან კი ეტნას მთა დაადგა. მაგრამ ტიფონი მაინც არ დაცხრა, დროდადრო ცეცხლს აფრქვევს და არყევს დედამიწას. სწორედ მაშინ ხდება მიწისძვრა ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე, კერძოდ, ენარიაზე (ამჟამად ისკია, პატარა კუნძული ნეაპოლთან ახლოს, 28 კილომეტრში).

0

ავტორი: