ჟაკ პრევერის „ესა ვარ, რაც ვარ“ ჟაკ პრევერის „ესა ვარ, რაც ვარ“ />


  11:06:32     11-04-2012

ჟაკ პრევერის „ესა ვარ, რაც ვარ“

a16981.jpg

1977 წლის 11 აპრილს გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი პოეტი და დრამატურგი ჟაკ პრევერი (Jacques Prévert).

ჟაკ პრევერი დაიბადა 1900 წლის 4 თებერვალს, პარიზთან ახლოს, ბურჟუაზიულ-არისტოკრატიულ ოჯახში. 14 წლის ასაკში მიატოვა სკოლა და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო. სხვადასხვა სამუშაოებს დაუზარებლად ასრულებდა. ცხოვრებდა ბოჰემური წესით. 1918 წელს ჯარში გაიწვიეს.

ჯარიდან დაბრუნების მერე ისევ ბოჰემური ცხოვრება განაგრძო. დაუახლოვდა სიურრეალისტურ მოძრაობას... გატაცებული იყო ანარქისტული, მერე კომუნისტური იდეებით. მეგობრობდა აპოლინერთან, პიკასოსთან, დალისთან. წერდა სცენარებს კინოფილმებისა და პიესებს თეატრისათვის. მისი სცენარით გადაღებულმა ფილმებმა დიდი წარმატება მოიპოვა და საუკუნის საუკეთესო ფილმებს შორის დასახელდა. მაგალითად, აღსანიშნავია ჟაკ პრევერის სცენარის მიხედვით, რეჟისორ მარსელ კარნეს მიერ გადაღებული ფილმი „რაიკის შვილები“, რომელმაც, 1946 წელს, ვენეციის კინოფესტივალზე ოქროს მედალი დაიმსახურა. მსოფლიოს 600 სპეციალისტმა აღნიშნული ფილმი საუკუნის საუკეთესო ნამუშევრად აღიარა. იუნესკოს გადაწყვეტილებით „რაიკის შვილები“ მსოფლიო კულტურის საგანძურადაა გამოცხადებული.

მის ლექსებზე არა ერთმა კომპოზიტორმა შექმნა სიმღერა, რომელთაც ასრულებდნენ კატრინ სოვაჯი, ივ მონტანი, ჟულიეტა გრეკო, მარლენ დიტრიხი, სიმონა სენიორე, ტონი როსი, სერჟ გენსბური და ედიტ პიაფი.

საინტერესოა, რომ თავისი პირველი წიგნი პოეტმა გამოსცა 1946 წელს, როცა უკვე ძალიან პოპულარული იყო. მისი წიგნი მრავალჯერ გამოიცა და გაიყიდა 3 000 000 ეგზემპლარზე მეტი.

მისი ნაწარმოებები ქართულადაც არის თარგმნილი. დღეს გთავაზობთ მის ლექსს, „ეს ვარ, რაც ვარ“, რომელიც მშვენივრად თარგმნა სერგო წურწუმიამ.

ესა ვარ, რაც ვარ

(თარგმნა სერგო წურწუმიამ)

ესა ვარ, რაც ვარ, ასეთად ვიშვი,
ასეთად გავჩნდი ამ ქვეყანაზე,
ვიცინი, როცა ჩემს თამამ სიცილს
ედება ცეცხლი და ალამაზებს,
მე იგი მიყვარს, ვუყვარვარ ვისაც,
ვისგანაც ბევრი მერგო სიამე,
მაგრამ თუ ტრფობას გავდენი ნისლად,
ამაში ბრალი მექნება რამე?

ეს მე ვარ, რაც ვარ, ასეთად ვიშვი,
ამგვარი გავჩნდი ამ ქვეყანაზე,
მე ჩემსას მაინც არასდროს ვიშლი,
რა გინდათ ჩემგან მეტი ამაზე?
ჩემით ტკბებიან.

და ვარ ასეთი,
მე არავისგან არაფერს ვითხოვ,
კენარი ტანით და სისავსეთი
და მოძრაობით ვმღერივარ თითქოს.
ჩემი მკერდია ასე მაღალი,
ჩემი თვალები კვესენ მეხებად,
თუმცა ამაში რაა ახალი,
ეს ყველაფერი თქვენ არ გეხებათ!

ესა ვარ, რაც ვარ, ასეთად ვიშვი,
სწორედ ასეთი ვსურვარ მრავალთა,
ნუ განმიკითხავთ მოგებით ნიშნის,
რაიც უნდილმა ბედმა დამმართა!
დიახ! მე იგი ადრე მიყვარდა,
დიახ! მე ადრე ვუყვარდი მასაც,
ვით ბავშვებს უყვართ, ისე მიყვარდა,
ისე სიწრფელით და ისე ნაზად.
ჰო, მე მიყვარდა, იგი მიყვარდა,
და აბა, რაღა დამრჩა სათქმელი?
სხვას თუ მოვწონვარ, მენუკვის, ანდა,
მე რა უნდა ვქნა? არც არაფერი...

0

ავტორი: