10:13:50     10-04-2012
ბელა ახმადულინას „ანა კალანდაძისადმი“
1937 წლის 10 აპრილს დაიბადა დიდი რუსი პოეტი, მწერალი, ესეისტი და მთარგმნელი - ბელა ახმადულინა (Белла (Изабелла) Ахатовна Ахмадулина). იგი ითვლება ერთ-ერთ უდიდეს პოეტად XX საუკუნის მეორე ნახევრის რუს პოეტთა შორის.
მამა წარმოშობით თათარი გახლდათ, დედა იტალიური წარმოშობის რუსი. ლექსებს წერდა ბავშვობიდან...
ბელა ახმადულინას ძალიან უყვარდა საქართველო. წინამდებარე ლექსში ჩანს, იგი კარგად იცნობდა ჩვენს ქვეყანას, იცოდა რას ნიშნავს ჩვენი პოეტებისთვის, ჩვენი ხალხისთვის მტკვრისა და არაგვის შესართავი... „თქვენს ლექსში ნუთუ გამოცანა ისეთი სახლობს, / როგორც მისნური შეერთება მტკვრის და არაგვის / დაისის სხივთა სინათლეში, იქ, მცხეთის ახლოს?“
ბელა ახმადულინამ თარგმნა ანა კალანდაძის ლექსები. იგი დიდი სითბოთი მოიხსენიებდა ჩვენს საყვარელ პოეტ-ქალს:
„70-იანი წლების დასაწყისში თბილისში სტუმრობისას ჩემი მასპინძლები ქართველი მწერლები და პოეტები იყვნენ. როდესაც პოეზიაზე ჩამოვარდებოდა საუბარი, ყველა ანა კალანდაძეს ახსენებდა. მისი რამდენიმე ლექსის რუსული თარგმანი წაკითხული მქონდა, რამაც ამ პოეტის შესახებ ძალიან თბილი შთაბეჭდილება დამიტოვა. ერთ-ერთ შეკრებაზე კი თავადაც მობრძანდა და რამდენიმე ლექსი წაიკითხა. ეს იყო დაუვიწყარი სიტყვები, ფრაზები, რითმები. თვითოეული ლექსი ჩემს წარმოსახვაში ულამაზეც ნახატებად იშლებოდა. მოგვიანებით მომეცა საშუალება ანას ლექსები რუსულად მეთარგმნა, კრებული გამოიცა და უდიდესი წარმატებით სარგებლობდა. თარგმნისას კი ჩემს სამუშაო ოთახში საქართველოს მშვენიერი ბუნება იშლებოდა და თითქოს იმ ისტორიულ ადამიანებსაც ვხედავდი, რომლებზეც ანა კალანდაძე წერდა”.
როგორც ვთქვით, ბელა ახმადულინას შემოქმედებაში დიდი ადგილი ეჭირა ჩვენს სამშობლოს. წლების მანძილზე მისი ლექსები პირველად „ლიტერატურნაია გრუზიაში“ იბეჭდებოდა... საქართველოში გამოვიდა ბელა ახმადულინას კრებულები „სიმღერა საქართველოზე“, რომელიც გამომცემლობა „მერანმა“ დაბეჭდა 1977 და 1979 წლებში. კრებულში შედიოდა ლექსები, პოემები, თარგმანები, პროზაული ნაწარმოებები, წერილები.
გარდა ანა კალანდაძის ლექსებისა, ბელა ახმადულინამ თარგმნა ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ტიციან ტაბიძის, სიმონ ჩიქოვანის, ირაკლი აბაშიძის, გრიგოლ აბაშიძის, იოსებ ნონეშვილის, თამაზ ჭილაძის, კარლო კალაძის, ოთარ ჭილაძის, მორის ფოცხიშვილის, არჩილ სულაკაურის, მიხეილ ქვლივიძისა და იზა ორჯონიკიძის ნაწარმოებებს რუსულად.
ამბობენ, რომ ბელა ახმადულინა მონათლულა სვეტიცხოველში. იმასაც ამბობენ, ერთხელ უთქვამს, როცა მოვკვდები საქართველოში დამასაფლავეთო...
დიდი პოეტი გარდაიცვალა 2010 წლის 29 ნოემბერს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად.
ანა კალანდაძისადმი
(თარგმნა გია ჯოხაძემ)
უცნაური და საკვირველი არ იყო, განა?
მთვარის ამოსვლას სევდიანი ხვდებოდა ანა.
მოულოდნელად გავიგონე სიტყვა პირველი:
- უცნაურია ყოველივე და საკვირველი!
იქ, იპოდრომთან, უცებ ჩეროს შეჰყროდი უნდა,
მოვდიოდით და მოგვყვებოდნენ ხეებიც თანა.
ხარობდა ხალხი. ბუნება კი დუმდა და დუმდა.
იყო სავანე. იყო მთვარე და იყო ანა.
ჩვენ ხალხით სავსე მღვიმეებთან გვედგა ნავები,
ანა კი, თითქოს, ბუნებასთან ერთად დადისო,
რომ ვერ გაკილავ და ვერასდროს შეედავები,
მხოლოდ ჭვრეტ - გუშინ, დღესაც, ხვალაც, სამარადისოდ.
ბალახი, მთვარე, ნისლეული, ფერდობი, ყანა -
სრულქმნილს უსრული ვერასოდეს ვერ დაიმგვანებ.
ჩვენ მხოლოდ ვბაძავთ, ასლი არის ბუნების ანა,
რადგან ღმერთმანი, მოვლენაა სწორედ იმგვარი.
იქ, იპოდრომთან, ბრიალებდა თრობის ცეცხლი და
რესტორნის მეხმაც მერამდენედ გაიხმაურა.
ანა კი იჯდა - მერე რა, რომ ცოტა შესცივდა -
იღიმებოდა თან საყვარლად, თან - უცნაურად.
და მე ვხდებოდი უფრო ანცი, მიცქერდნენ ხენი,
ჩემს სადღეგრძელოს ვერ ახშობდა ზარი, ყაყანი:
- ო ანა, კდემა და მშვენება მაგიჟებს თქვენი,
თქვენი მეტრფე ვარ, მაქებარი და მოთაყვანე.
ერთ რამეს გკითხავთ: თუმც, კითხვადაც, ალბათ, არა ღირს:
თქვენს ლექსში ნუთუ გამოცანა ისეთი სახლობს,
როგორც მისნური შეერთება მტკვრის და არაგვის
დაისის სხივთა სინათლეში, იქ, მცხეთის ახლოს?
ამ წყალთა შეყრა მნიშვნელობას ახალს დაბადებს -
მას ვერ ჩაწვდება ვერა მზირი, ვერა მზვერავი...
ამ ერთადერთი სასიტყვეთის წყალუხვ ნაკადებს
ამიერიდან ვერ გათიშავს ქვეყნად ვერავინ.
თქვენს სიტყვებს ბედად გადარჩენილ ყვავილნარს ვადრი,
რომ არ გახუნდა, არ გაქარწყლდა, არ გაიქვითა,
სვეტიცხოვლამდე რომ სუნთქავდა, ან უფრო ადრე,
სამარეშიც რომ ცოცხლობდა და იმას იქითაც.
მაგრამ ო, ანა, ამ თვალებმა დღეს რაც იხილეს,
ვერ შეცვლის ვერც ეს იპოდრომი, ვერც მთელი რემა,
თუმცა, მომესმის გამუდმებით როგორ ჭიხვინებს
მარადმღვიძარე ფაშატების ფხიზელი თვლემა,
ხან რაინდი ხართ, ხან ბალღივით ლაღობთ წვიმაში,
ხან - ციცქნა ღერო, თვალით რომ ვერც დაინახავდი...
უნდა გამოტყდეთ აქ, საჯაროდ, ყველას წინაშე,
რომ სახაშეში არ დაგიდგამთ ფეხი აქამდე.
განა არ ღირდა ანას შვებად და გახარებად -
ისმოდა ფიცი საყვარელი და საკვირველი:
- ვფიცავ განთიადს, სიწითლე რომ შეეპარება,
რომ აქ პირველად შემოვედი, მართლაც პირველად!
ო სიცოცხლეო, რარიგ მიყვარს შენი ბუნება,
ანა რომ შედგა და გული რომ გადაუქანდა,
მისი სიწითლე, შეყოვნება და შეცბუნება,
მასპინძლებივით მივიყვანეთ როცა დუქანთან.
სულის ცახცახი თან რთულია, თანაც იოლი,
ცისკენ რომ გზავნი, ღრუბლებში რომ გინდა დამალო...
დაგასაჩუქრებს, შენთანაა გალაკტიონი,
განთიადივით უნაპირო და უსამანო.
შემოიხედა იდუმალად, ალბათ, წარსულმა,
თვალით - ვერასდროს, რომ შენიშნავ მხოლოდღა გულით,
იტყვის: აქა ვარ, აქ ვლივლივებ, არსად წავსულვარ,
კლდის ქიმზე თურმე გეკარება არასდროს რული.
მეტეხის თავზე ვიტრიალებ, სულ აქ ვიქნები,
ამ სიმაღლიდან ადვილია თქვენი შემჩნევა.
ო, როგორ მიყვარს გულუბრყვილო თქვენი ფიქრები,
თქვენი გართობა და ბავშვური თავისშექცევა.
ვინატრე მაშინ: სანამ სულში შემრჩება ღონე,
სანამ მეზობლად დასახლდება ჩრდილი დიადი,
სიცოცხლევ, შენი სასწაულის მამყოფე მონა,
მიძღვენ ის ღამე, ის ანა და ის განთიადი.