06:30:23     09-04-2012
ტორტი „ჟოზეფინა"
მასალა:
ბისკვიტი:
პურის ფქვილი (გაცრილი) 200გრ.
კვერცხი 2ც.
ყავისფერი შაქარი 150გრ.
რძე 180მლ.
ქიშმიში 250გრ.
სოდა 1 ჩ/კ.
ძმარი 1 ს/კ.
ვანილი გემოვნებით.
კრემი:
კარაქი 180გრ.
შაქარი 150გრ.
არაჟანი 800გრ.
ვანილი გემოვნებით.
ლიქიორი (Амаретто) 50–70მლ.
გასაფორმებლად:
შოკოლადი გემოვნებით.
მომზადება:
კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ ერთმანეთისგან, ცილა ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე, დავამატოთ შაქარი, კვლავ ავთქვიფოთ, შემდეგ დავამატოთ კვერცხის გული. ქიშმიშს დავასხათ ცხელი წყალი, შემდეგ კარგად გავწუროთ, დავაბლენდეროთ, დავამატოთ რძე, სოდა ძმრით ათქვეფილი, კარგად ავურიოთ, შემდეგ მომზადებული მასა ჩავასხათ კვერცხიან მასაში და ვთქვიფოთ კიდევ 1–2 წუთი, ნელ–ნელა დავამატოთ ვანილი, ფქვილი, ავურიოთ ხის ჯოხით და მომზადებული მასა გავყოთ სამ ნაწილად, თითოეული ნაწილი ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმებში და გამოვაცხოთ 200* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 15–17 წუთის განმავლობაში.
კრემის მომზადება:
დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ შაქართან ერთად მიქსერით, შემდეგ დავამატოთ ვანილი, არაჟანი და კარგად ავურიოთ.
ტორტის აწყობა:
გამომცხვარი ბისკვიტები კარგად გავაცივოთ, თითოეული ბისკვიტი დავნამოთ ლიქიორით, პირველ ბისკვიტს წავუსვათ კრემი, დავაფაროთ მეორე ბისკვიტი, წავუსვათ კრემი, შემდეგ დავაფაროთ მესამე ბისკვიტი, კვლავ წავუსვათ კრემი ზედაპირზე და ირგვლივ, შევინახოთ მაცივარში 3–4 საათით ან ერთი დღით, შემდეგ გამოვიღოთ მაცივრიდან და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ან გახეხილი შოკოლადი. გავაფორმოთ სურვილისამებრ.
0