09:44:50     07-04-2012
პუტინისა და სერდიუკოვის „ახალმა იარაღმა“, რუსი ექსპერტებიც შეაშინა

ვლადიმერ პუტინისა და თავდაცვის მინისტრის მიერ გაჟღერებულმა, „ახალ ფიზიკურ პრინციპებზე დაფუძნებული“ იარაღის შექმნის იდეამ, თვით რუსი ექსპერტებიც შეაშინა. სხივური, გენური, ფსიქოფიზიკური იარაღი… სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ ამაში ერთგვარი ტერმინოლოგიის შერჩევის პრობლემაც არის და იდეის ავტორებმა არასწორად ჩამოაყალიბეს, რის შექმნას აპირებენ, რადგან ზემოთჩამოთვლილი ზოგიერთი იარაღი, აშკარად საერთაშორისო აკრძალვის ქვეშ ხვდება, რადგან ის პირდაპირი გაგებით გენოციდის მოწყობის საშუალებაა, - ამბობს რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ ხრამჩიხინი.
პუტინთან გამართული თათბირი, სადაც ამ თემაზე იყო საუბარი, უცხოური მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. ამერიკელი ჟურნალისტები გაოცებულები არიან, რომ რუსი სამხედროები აკრძალული იარაღის შექმნის გეგმაზე ღიად საუბრობენ, პრეზიდენტი კი მშვიდად ეთანხმება მათ. თუმცა საბოლოო ჯამში უცხოელებიც და თავად რუსი ექსპერტებიც თავდაცვის მინისტრის არაკომპეტენტურობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სერდიუკოვს, შესაძლოა, საერთდოდაც არ ესმოდა რას ლაპარაკობდა…
როგორც ჩანს, მინისტრსა და ახლადარჩეულ პერზიდენტს უნდა შეახსენონ საერთაშორისო კონვენციები, რომლებიც კრძალავს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოებასა და გამოყენებას - წერს Foreign Policy. სტატიის ავტორი დევიდ ხოფმანი მიიჩნევს, რომ თუ მინისტრები არასწორი სიტყვებით გამოხატავდნენ იმას, რის შექმნასაც აპირებენ, მაშინ, პუტინი ვალდებული იყო შეეწყვიტა ეს საუბრები. მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია, როცა სერდიუკოვი ყვებოდა, რომ უკვე შეუდგნენ დავალების შესრულებას: ეს არის 2015 წლამდე თანამდროვე შეიარაღებული ძალების შექმნა… ასევე, იარაღის შექმნა ახალ ფიზიკურ პრინციპებზე - სხივური, გეოფიზიკური, გენური, ფსიქოფიზიკური და სხვა იარაღი…- განაცხადა სერდიუკოვმა.
უცხოელი ჟურნალისტების ყურადღება ყველაზე მეტად „გენურმა იარაღმა“ მიიპყრო. თუმცა გარკვეულწილად, ისინიც უშვებენ, რომ რუსეთის თავდაცვის მინიტრს, შესაძლოა, „კარგად არ ესმის რას ლაპარაკობს“. მაგრამ „პუტინს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია, ის ვალდებული იყო შეეჩერებინა ეს ბოდვა. გენური, გნებავთ, ნებისმიერი ბიოლოგიური იარაღი აკრძალულია 1972 წლის კონვენცით“ - წერს Foreign Policy.
აღნიშნული ინფორმაციის კომენტირებისას, ტელეკომპანია „დოჟდთან“ საუბარში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭოს წევრმა, სამხედრო ექსპერტმა ანატოლი ციგანოკმაც განაცხადა, რომ „არ ვფიქრობ, რომ რუსეთი დაიწყებს გენური იარაღის შექმნას. როგორც ჩანს, მინისტრს, როცა ამ ყველაფერზე ლაპარაკობდა, კარგად არ ესმოდა, რაზეა საუბარი“ - განაცხადა ექსპერტმა. 0