ლაზარეს შაბათი - ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ ლაზარეს შაბათი - ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ />


  06:45:44     07-04-2012

ლაზარეს შაბათი - ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

a16856.jpg

მართალი ლაზარე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერსონაა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ქრისტიანობაში, რამდენიმე მიზეზის გამო:

მართალი ლაზარე იყო მეგობარი უფლისა, რომელიც უყვარდა იესოს.

მართალი ლაზარე წმინდა ოჯახის წარმომადგენელი გახლდათ, მისი დები, მართა და მარიამი, იყვნენ მაცხოვრის მოწაფეები და სულითა და გულით ემსახურებოდნენ იესოს.

მართალი ლაზარეს გარდაცვალებითა და მაცხოვრის მიერ მისი მკვდრეთით აღდგომით, კიდევ ერთხელ ეუწყა ადამიანებს, რომ იესო მაცხოვარია.

მართალი ლაზარეს მისტერია წინ უძღვის მაცხოვრის ჯვარცმას.

მართალი ლაზარე სიმბოლოა, მაგალითია ადმიანისა, რომელიც უფლისთვის მოკვდება - ის უსათუოდ გააგრძელებს სიცოცხლეს უფლის წიაღში, ის უსათუოდ აღდგება.

მართალი ლაზარე სიმბოლოა ადამიანისა, რომელიც უფალმა იმიტომ დააბრუნა იმ ქვეყნიდან, რათა ცოდვაში მცხოვრებ ადამიანებს აუწყოს ღვთის გზით სიარულის აუცილებლობა, რათა არ დაიმძიმონ სული. მართალი ლაზარეს სიკვდილი და მკვდეთით აღდგენა, მართალი ლაზარეს მისტერია უფრო მეტად დამარწმუნებელია ადამიანებისა, ვიდრე წინასწარმეტყველთა ქადაგებანი (ლუკა, 16, 19-31.). უფრო დაწვრილებით  ამის შესახებ პრესა.გე-ზე იხილეთ ჩემი წერილი: „შობის საიდუმლო ქართულ ენაში“.

ლაზარე იცნობს, ატარებს ისეთ საიდუმლოებას, რომლის შესახებაც ამქვეყნად სხვა ადამიანებისათვის უცნობია, მას უფლისათვის სიკვდილი აქვს განცდილი, ნანახი აქვს იმქვეყნიურობა და აღმდგარია მკვდრეთით, კვლავ მოვლინებულია ამქვეყნად, რათა კვლავ სწამოს უფლისათვის.

საქართველო ჯვარს ეცვა ქრისტესთვის, საქართველომ, ქართველმა ხალხმა თავის შესწირა ქრისტეს... ჩვენი წინაპრებისათვის ლაზარე ქართველი ხალხის, ქართული ენის, საქართველოს სიმბოლოდ იქცა.

ქართული ენა, როგორც ამტკიცებენ მეცნიერები, არ ჩამოუვარდება სხვა ენებს, ხშირ შემთხვევაში კი მნიშვნელოვანია სხვადასხვა საკითხთა გამოკვლევის დროს. არა ერთი მეცნიერი თვლის რომ ქართულ ენაში და ქართულ ანბანში შენახულია მრავალი საიდუმლო, რომელთა ამოხსნასაც მიესწრაფვის კაცობრიობა, ან რომელთა ამოხსნაც გამოადგება კაცობრიობას.

ზემოთ მოხსენიებულ ჩემს წერილში, ადრე,  მკითხველს შევთავაზე ერთი დაკვირვება, რომელიც ახლაც მინდა გავიმეორო.

კერძოდ, მაცხოვრის კაცობრიული სახელი ქართულად არის იესო (ძველქართულად იესუ). ასე უწოდეს მას შობის, განკაცების ჟამს დედამიწაზე. იესო ძველებრაულ-არამეულად გამოითქმის როგორც იეშუა  – Yēšûă. ქართულად დაახლოებით ასე დაიწერება: იეშუა, ეშუა, ჲეშუა, ჲშუა, იშუა.

მხოლოდ ქართული ენას შეუძლია ახსნას ეს მოვლენა. დაიბადა ძველქართულად იქნება – იშვა. 
ლაბიალური ვ და უ ფონემების მსგავსება ცხადია, მით უმეტეს, ამ შემთხვევაში, როცა უ და ვ მოსდევს ხმოვანს – იშვა და იშუა. აქ ვ თანხმოვანი უ ხმოვნის თანხმოვნითი ვარიანტია. მით უმეტეს, ძველებრაულ-არამეულად სიტყვა იეშუა-ში უ ბრჯგუ (უმარცვლო) ჩანს (თუნდაც არ იყოს უმარცვლო). საერთოქართული ძირი იქნება შვ (უ ბრჯგუ, უმარცვლო უ).

მაშასადამე, ქართული ენით მაცხოვრის სახელი პირდაპირ მიუთითებს რომ იშვა იგი, უფალი. ამასთან, იგი, უფალი შეეძინა ღვთისმშობელს, კაცობრიობას – ეშვა (ეშუა).

ძველებრაული ვარიანტი, რომლისგანაც არის ნაწარმოები იეშუა, დაახლოებით ასე გამოითქმის: იეჰოშუა (Yĕhōšuă). ეს გამოთქმა უკავშირდება ძველი აღთქმის ღმერთს, იაჰვე-ს, რომელიც უნდა გამოითქმოდეს იეჰოუა, მერე ეჰოშუა (გელოვანი აკაკი, რელიგიურ ტერმინთა ლექსიკონი, თბილისი 1990, გვ. 74) და ნიშნავს – იაჰვე მხსნელია.

იაჰვე მხსნელია, აბსოლუტია, რომელმაც კაცობრიობას მოუვლინა მესია – მხსნელი, მისივე ძე, მისივე ერთარსი.

ქართული ენით კი ეს საიდუმლოც იხსნება (ისევ ჩემი ვარაუდით, რა თქმა უნდა): იეჰოუა+შუა > იეჰოშუა = იაჰვემ შვა (ქართული შინაარსი – იაჰვეს შობილი).

მრწამსის მიხედვით იესო ქრისტე არის "ძე ღვთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა". შობილი ნაწარმოებია სიტყვიდან შვა (შობა).

მაშასადამე ქართული ენით აიხსნება იესოს შობისა და მაცხოვრობის საიდუმლო...

ქართული ანბანიც შესაბამისია ქართული ენისა. ქართული ანბანში ყოველ ბგერას აქვს შესატყვისია ასო და მაქსიმალურად მარტივად არის შესაძლებელი ყოველის სიტყვის ზუსტი გადმოცემა და სწორი წაკითხვა...

მოკლედ, ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ ქართული ენა, ქართული ანბანი, ქართველი ერი,  ზოგადად საქართველო - ლაზარეა!

გავიხსენოთ დიდი ქართველი მოღვაწის იოვანე-ზოსიმეს „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“, სადაც ამ და სხვა მისტერიების შესახებაა საუბარი.

ქართული ეკლესია ლაზარეს შაბათს აღნიშნავს „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲს“,  ანუ ქართული ენის, დღესასწაულს. ასე გაერთიანდა, გაიგივდა ლაზარეს აღდგინების დღესასწაული ქართული ენის დიდების დღესასწაულთან.

თუმცა, ქართული ენის დღესასწაული მხოლოდ დღეს არ აღინიშნება, ჩვენ ვიცით, რომ 1978 წლის 14 აპრილს ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით მაშინდელმა ახალგაზრდობამ, მოახერხა და დაიცვა ქართული ენა, თავი გასწირა დედა ენისათვის და გაიმარჯვა.

ლაზარეს შაბათიდან 14 აპრილის ჩათვლით ქართული ენის დღესასწაულის დღეებია!

შეიძლება ითქვას მეტიც, ყოველი დღე, როდესაც იქმნება მშვენიერი ქართული ლექსი, მოთხრობა, ან ყოველი დღე, როდესაც კიდევ თუნდაც ერთი პაწაწინა ქართველი ატიტინდება ქართულად, პირველ ქართულ სიტყვას იტყვის, ქართული ენის დღესასწაულია!

დარწმუნებული ვარ, სანამ იარსებებს კაცობრიობა, მანამ იარსებებს ქართველი ხალხი, საქართველო, ვითარცა მართალი ლაზარე.

ყოველ ქართველს ვულოცავთ ლაზარეს აღდგინებისა და ქართული ენის დღესასწაულს!

ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

დამარხულ არს ენაჲ ქართული დღედმდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებელად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.

და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან.

და ახალმან ნინო მოაქცია და ჰჱლენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარც მარიამ და  მართაჲ.                                                              

და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს,

და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაწარმეტყველმან, რამეთუ: წელი ათასი ვითარცა ერთი დღჱ.

და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ ათასსა მარაგსა.

და ესე არს ოთხი დღჱ და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთვის მის თანავე დაფლული სიკუდილითა ნათლის-ღებისა მისისაჲთა.

და ესე ენაჲ, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა.

და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსვლითგან ვიდრე დღესამომდე.

და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ, ასი ესე წილი ანბანისაჲ.

0

ავტორი: