18:04:27     06-04-2012
Stratfor: რუსეთის ჯარები სოხუმსა და ცხინვალში, მუდმივი საფრთხეა რეგიონისთვის…
ამერიკული ანალიტიკური კომპანია Stratfor პოსტსაბჭოთა სივრცის არაღიარებულ რესპუბლიკებზე რუსეთის გავლენის შესახებ დასკვნებს აქვეყნებს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს “რესპუბლიკები” მოსკოვს მხოლოდ და მხოლოდ ბერკეტად სჭირდება იმისთვის, რომ ყოფილ საბჭოთა მოკავშირეებზე მოახდიოს გავლენა.
კვლევაში გაანალიზებულია „სამხრეთ ოსეთში“ ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებიც, როცა რუსეთის მხარდაჭერილმა კანდიდატმა ანატოლი ბიბილოვმა ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება, თუმცა როგორც Stratfor აღნიშნავს, ის მოვლენები, რაც ცხინვალში ამის შემდგომ განვითარდა, - მათ შორის საპროტესტო აქციები, საბოლოო ჯამში, მოსკოვს პრობლემებს არ უქმნის, რადგან მისთვის ყველაზე მთავარი, სეპარატისტულ რესპუბლიკებზე სამხედრო და ეკონომიკური გავლენაა.
ანალიტიკოსების მონაცემებით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაახლოებით 7 ათასი რუსი სამხედრო დგას, მათი ეკონომიკა კი მთლიანად მოსკოვზეა დამოკიდებული, რამდენადაც რუსეთი მარიონეტულ რეჟიმებს ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ურიცხავს.
ამასთან, „რუსეთმა აჩვენა, რომ შეუძლია და გამოიყენებს კიდეც ამ თვითაღიარებულ რესპუბლიკებში თავის დომინანტურ პოზიციას იმისთვის, რომ დასაჯოს თავისი ყოფილი მოკავშირეები იმ მოქმედებებისთვის, რომლებიც არ მოსწონს მოსკოვს. მაგალითად, რუსეთი თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს, როცა თბილისი აქტიურად მისდევდა პროდასავლურ კურსს (იგულისხმება მისი მცდელობა შევიდეს ნატო-ში). მოგვიანებით კი მან აღიარა „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. მას შემდეგ განათავსა თავისი სამხედრო ძალები ამ ტერიტორიებზე, რაც შეიძლება მუდმივი საფრთხე იყოს საქართველოსთვის“ - ნათქვამია ანალიტიკური ცენტრის დოკუმენტში.
მასში ასევე საუბარია იმაზე, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ძალთა ბალანსი აშკარად არათანაბარია, ამის გამო კი საქართველოს არ შეუძლია რეალობა ომის გზით შეცვალოს. ამასთან, რუსეთს არ აქვს არანაირი სურვილი, რომ ეს ტერიტორიები კვლავ მიუერთდეს ყოფილ მფარველს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში, მოსკოვი ზეწოლის ბერკეტებს დაკარგავს - წერს Stratfor.
ექსპერტების დასკვნით, რუსეთს სრული მონოპოლია აქვს სეპარატისტულ რესპუბლიკებზე და გარკვეული შიდაპოლიტიკური რყევები ამ ტერიტორიებზე, მოსკოვის სტრატეგიულ პოზიციებს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა იმასაც შენიშნავენ, რომ მოვლენები ამ რეგიონებში ყოველთვის ისე არ ვითარდება, როგორც ეს მოსკოვს სურს.
0