საქართველო რუსეთთან ნაკისრი ვალდებულებების  შეწყვეტას გეგმავს საქართველო რუსეთთან ნაკისრი ვალდებულებების შეწყვეტას გეგმავს />


  11:04:37     06-04-2012

საქართველო რუსეთთან ნაკისრი ვალდებულებების შეწყვეტას გეგმავს

a16821.jpg

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო რუსეთის ფედერაციის მიმართ „ღია ცის“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეწყვეტას გეგმავს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება ქართულმა მხარემ 3 აპრილს მიიღო, ხოლო ამის შესახებ ოფიციალურად დღეს გახდა ცნობილი.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ ქ. ვენაში, „ღია ცის“ საკონსულტაციო კომისიის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის მეშვეობით, უკვე აცნობა ხელშეკრულების წევრ ყველა ქვეყანას აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ.  როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქართულმა მხარემ ეს ნაბიჯი გადადგა რუსეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის საპასუხოდ.

„რუსეთის ეს ქმედება, რომელიც დაიწყო 2010 წელს, მიზნად ისახავს „ღია ცის“ ხელშეკრულების გამოყენებას, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეგრეთწოდებული დამოუკიდებლობის ლეგალიზაციისთვის.

2010 წელს, რუსეთის მხარემ, „ღია ცის“ ხელშეკრულების დარღვევით, ხელშეკრულების VI მუხლის, მე-2 ნაწილის, მე-2 პარაგრაფზე დაყრდნობით, თვითნებური შეზღუდვები დაუწესა ხელშეკრულების წევრ სხვა ქვეყნებს სადამკვირვებლო ფრენებზე. კერძოდ, რუსეთმა საბაბად გამოიყენა დებულება, რომელიც სადამკვირვებლო ჯგუფს უკრძალავს ხელშეკრულების არაწევრი ქვეყნის საზღვრებთან 10 კილომეტრზე ნაკლები მანძილით მიახლოებას.

შედეგად, რუსეთმა აკრძალა მის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენების 10 კილომეტრზე ნაკლები მანძილით მიახლოება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, იმ მოტივით, რომ ისინი წარმოადგენენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და არ არიან ხელშეკრულების წევრები. შესაბამისად, ხელშეკრულების VI მუხლის, მე-2 ნაწილის, მე-2 მუხლის გამოყენებით, რუსეთის ფედერაციამ, თავის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენის განხორციელებისას, განზრახ და უკანონოდ შეუზღუდა წევრ ქვეყნებს „ღია ცის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება სრულ ტერიტორიულ წვდომაზე“-აცხადებენ გრიგოლ ვაშაძის უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციას არ აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს მრავალმხრივი ხელშეკრულების დაფარვის გეოგრაფიული არეალი, ხელშეკრულების წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი წარმონაქმნის აღიარების გზით. ამასთან, ისიც ცხადია, რომ რუსეთს არ გააჩნია უფლება, აიძულოს ხელშეკრულების წევრი სხვა ქვეყნები დათანხმდნენ აღნიშნული წარმონაქმნის უკანონო აღიარებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველო თავის პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მოუწოდებდა რუსეთს და მიმართავდა მთელ თავის ძალისხმევას, რათა რუსეთი დაბრუნებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულფასოვან შესრულებას, თუმცა ქართული მხარის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

ამის გამო, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მიმართ შეეწყვიტა „ღია ცის“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

საგარეო უწყებაში ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობასაც აკონკრეტებენ. კერძოდ,  აღნიშნული გადაწყვეტილება უფრო კონკრეტულად მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო აღარ მიიღებს თავის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით და არ განახორციელებს სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

საქართველო განაახლებს რუსეთის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი დაუბრუნდება ხელშეკრულებასთან სრულ შესაბამისობას.  განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ საქართველო გააგრძელებს „ღია ცის" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ხელშეკრულების წევრი სხვა ყველა ქვეყნის მიმართ.

0

ავტორი: