ნიზამი განჯელი - „ლამაზ ქრისტიან ქალზე ვლოცულობ“ ნიზამი განჯელი - „ლამაზ ქრისტიან ქალზე ვლოცულობ“ />


  10:35:05     06-04-2012

ნიზამი განჯელი - „ლამაზ ქრისტიან ქალზე ვლოცულობ“

a16819.jpg

ნიზამი განჯელი ჯერ კიდევ მოქმედებს თანამედროვე კულტურაზე. მისი „ლეილი და მაჯნუნის“ გავლენით ერიკ კლაპტონმა დაწერა შესანიშნავი სიმღერა, Layla, რომელიც თავის საყვარელ ქალს მიუძღვნა... ამ ისტორისა და ნიზამი განჯელის „ლეილი და მაჯნუნის“ შესახებ სხვა დროს ვისაუბროთ, ახლა კი დიდი პოეტის სხვა ნაწარმოებები გავიხსენოთ.

ნიზამი განჯელის სრული სახელია ნიზამ ად-დინ აბუ მუჰამედ ილიას იბნ-იუსუფ იბ-ზაქი იბნ-მუაიდი. პოეტის მამა, იუსუფი გადმოსახლებულა განჯაში შუა ირანიდან, დედა, რაისა, ქურთი ყოფილა წარმოშობით.

განჯა (ძველქართული წყაროების განძა) ოდესღაც დასახლებული იყო კავკასიური წარმოშობის ალბანური მოსახლეობით. მეთერთმეტე საუკუნისთვის განჯის ტერიტორია ძირითადად დასახლებული იყო ირანული მოსახლეობით. პოეტი დაიბადა 1140 წლის მერე. ის თამარ მეფის თანამედროვე იყო. მის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე, განჯა ძლიერმა მიწისძვრამ დააზარალა. ნიზამი განჯელი წერდა სპარსულ ენაზე. მართალია, მის დაბადებამდე დაახლებით ასი წლით ადრე ირანი დაიპყრეს თურქ-სელჩუკთა ტომებმა, მაგრამ სპარული კულტურა ისევ ჰყვაოდა. თურქ-სელჩუკებს ირანელი სწავლულები სჭირდებოდათ და ირანის დიდი კულტურის დამარცხებაც არ შეეძლოთ. შემდეგ საუკუნეებში ვითარება შეიცვალა... თუმცა ეს ჩვენს თემას არ ეხება.

ნიზამი განჯელი კარგად იცნობდა საქართველოს და ქართველებს. ერთგან მას უწერია, მეზობლებმა, აფხაზებმა (ე. ი. ქართველებმა) შემავიწროვესო. შესაძლოა გულისხმობდეს საქართველოს დამოკიდებულებას განჯის საკითხთან. ქალაქი განძა ხშირად პლაცდარმი ხდებოდა საქართველოში, ან საქართველოს ვასალი ქვეყნის, შირვანის ტერიტორიაზე შემოსაჭრელად გამზადებული აღმოსავლელი მტრებისათვის, როგორც მაგალითად შამქორის ბრძოლის წინ, 1195 წელს. ამის გამო, ქართველებს რამდენჯერმე მოუწიათ გალაშქრება განჯის წინააღმდეგ და მისი დამორჩილება. შუა საუკუნეებში ეს ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ.

საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობები იყო, მათ შორის კულტურული. საქართველოს სამეფო კარზე ხშირად სტუმრობდნენ აღმოსავლელი პოეტები თუ სწავლულები. ნიზამი განჯელი კარგად იცნობდა საქართველოს...

ნიზამი ადრე დობლებულა და ბიძასთან ცხოვრობდა. მისი ცხოვრების დეტალებზე ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს. მისი პირველი ბიოგრაფი იყო მუჰამედ ავფი, რომელიც ერთი საუკუნის მერე ცხოვრობდა. პოეტს ჰყოლია შვილი, მუჰამედი, ყივჩაღი ქალის, აფაყისგან, რომელიც მისი ლექსით აღტაცებულმა დარუბანდის მმართველმა გამოუგზავნა, თურმე, საჩუქრად. ის ორჯერ დაქვრივებულა. გარდაიცვალა განჯაში.

ნიზამი განჯელის ეკუთვნის ლირიკული ლექსების კრებული (დივანი) და "ხამსე" (ხუთეული) - 5 პოემა: „საიდუმლოებათა საგანძური" (1179), „ხოსროვ და შირინი" (1181), „ლეილი და მაჯნუნი" (1188), „შვიდი მზეთუნახავი" (1197) და „ისქანდერნამე" (დაახლ. 1200), რომელსაც ორ ნაწილად ჰყოფენ: „დიდების წიგნი" და „ბედნიერების წიგნი".

ნიზამი განჯელმა დიდი გავლენა იქონია სპარსულ და საერთოდ აღმოსავლურ პოეზიაზე. როგორც აღვნიშნეთ ზემოთ, მისი ნაწარმოებებით ჩვენს დროშიც არიან აღფრთოვანებულნი.


ლექსი „ლამაზ ქრისტიან ქალზე ვლოცულობ“, ალბათ სიმბოლური ნაწარმოებია და არ ასახავს სინამდვილეს...

* * *

(თარგმნა გრიგოლ აბაშიძემ)

ლამაზ ქრისტიან ქალზე ვლოცულობ,
ის ჩემი ხატი და ტაძარია,
სად მუსულმანი, სად ხატზე ლოცვა,
ჩემზე იტყვიან: რამ გადარია?!
უმშვენიერეს კერპის წინაშე
გაფენილია ჩემი ფარდაგი,
სალოცავის წინ, ტურფა კერპის წინ,
დაცემული ვარ, როგორც ქადაგი.
მე მის მონასტერს მივადექ დილით,
დავაკაკუნე კარზე მორჩილად.
მითხრეს: „ჯერ ბერად ვინც არ შემდგარა,
ამ მონასტერში არ შემოჭრილა“.
ჯვარი ვიწამე, ჯვარში სატრფოს ვჭვრეტ,
ჩემი არსება მას ემონება,
ჩემი ბერობა ყველამ გაიგო,
რამ ამირია ასე გონება?!
მესმის მონასტრის ზარების ჟღერა,
როგორც დავითის საგალობელი,
სასახლეში ვარ. თუ მონასტერში,
რა ზეიმია, რა სამყოფელი!
მისი სახება - ჩემი ხატია,
მზე არი მისი სახის სახატე,
მზე ბრწყინავს მხოლოდ მისი სახისგან,
მე მის ხატს შევცქერ და შევღაღადებ!
გულის სისხლით ვარ ნაზიარები,
ჯერ კიდევ სისხლის ჭიქა სველია,
ჩემი თვალები ტაძრად ქცეულან
და სატრფოს ხატი შიგ ასვენია.
ორმოც წელიწადს მორწმუნე ვიყავ,
სარწმუნოება ვიცვალე გვიან,
რჯულზე ფარულად ხელი ავიღე,
ჯერ თუმცა კიდევ მორწმუნე მქვიან.
ქააბას რწმენა რად დამნგრევია,
მიჯნურს გონება აგრე შემშლია?!
სატრფომ ნუგეშად მითხრა: „ნიზამი,
საუნჯე მხოლოდ ნანგრევებშია!“

განა მართლა ლომი ვიყავ

(სპარსულიდან თარგმნა მაგალი თოდუამ)

ბედო, ბედო, გირჩევ ჩემზე
ნუ გექნება გული ცხარი.
შენ ყასაბი არ ბრძანდები
და არც მე ვარ შენი ცხვარი.
გულში ცეცხლი ნუ შემინთე
და ნუ დამწვავ, ბედო, ავად,
ისიც კმარა, სანთელივით
რომ ვიწვები თავისთავად.
მე შუშა ვარ და თუ ახლა
შენგან ქვები მომეჯახა,
ხომ მომეჭრა ხალხში თავი,
და საქვეყნოდ მომეჯაყა!
თითბერი ვარ, მაგრამ ოქროს
ზარნიში მაქვს გარეთ ყალბად,
გახრწნილი ვარ, მაგრამ მუშკი
ნაპკური მაქვს, იცი, ალბათ.
ანგარებით სნეული ვარ,
მასულდგმულებს ავი ვნება,
ერთი ვინმე კუდაბზიკა,
ერთი ვინმე თავისნება.
გარეგნულად ლომს მძვინვარეს
დამამგვანა თუმცა ზეცამ,
განა მართლა ლომი ვიყავ,
მხოლოდ ლომის ტყავი მეცვა.
მტერს რომ მედგრად შევუტიო,
ხომ არა ვარ მართლაც ლომი,
ისიც კმარა, თავის თავთან
რაც მოხდება ცხარე ომი.
მქონდა შვება და სიამე,
დღეს რომ ასე გულით მინდა
და ხელიდან სიჭაბუკე
მერცხალივით გამიფრინდა.
ოცდაათ წელს რომ გადახვალ,
რაც არ უნდა თვალად ჩანდე,
ყრმათა ცოდვებს ნუ ჩაიდენ;
ნუ გიჭირავს თავი მჩატედ.
ორმოც წლამდე იშვებს კაცი,
იშოვება კიდევ შვება,
ამის შემდეგ კი, მშვიდობით,
ფრთები მშვიდად დაგეშვება.
ორმოცდაათს თუ გააღწევ,
აი, ჭირი მაშინ თვალე,
მუხლები რომ გიღალატებს
და დაუწყებ ჩივილს თვალებს!
სამოც წლისას რაღა გითხრა,
ხოლო ათით თუ ხარ მეტი,
შენი ბედი, დავრდომილმა
თუ იხმარე კარგად კეტი.
ოთხმოცსა და ოთხმოცდაათს
თუ მიაღწევ, კედელს ჩხირი!
დაჯექი და გამოსცადე
თუკი დაგრჩა კიდევ ჭირი.
ხოლო ასს თუ მიატანე,
შეგისრულდა წელი ასად,
მაშინ გიჯობს, სიკვდილს უხმო
და სიცოცხლე მისცე ფასად.
გინდა ერთი დღე იცოცხლე,
გინდა ასე წელს გაუძელი,
გული მაინც ამ სოფლიდან
არ გაგყვება დაუწველი!
რადგან მაინც უნდა მოკვდე,
მინდა მოგცე რჩევა ერთი;
მხიარული იყავ მუდამ
და გახსოვდეს მუდამ ღმერთი!
ჩვენ ანთებულ სანთელს ვგავართ,
ლხინში დარდი გვეცილება,
თვალებიდან ცრემლებს ვაფრქვევთ,
როცა პირით გვეცინება.

-------

ქააბა - მაჰმადიანთა ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი.

0

ავტორი: