კუბლაშვილი: პოლიტიკური სპეკულაციები იზღუდება კუბლაშვილი: პოლიტიკური სპეკულაციები იზღუდება />


  17:48:13     05-04-2012

კუბლაშვილი: პოლიტიკური სპეკულაციები იზღუდება

a16811.jpg

„ქრისტიან–დემოკრატები“ საკონსტიტუციო წინადადებით გამოდიან, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქის პოლიტიკური უფლებებით აღჭურვა მოხდეს, რათა მან სრულიად ლეგალურად, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა მიიღოს და პოლიტიკური აქტივობები დააფინანსოს. საპარლამენტო ფრაქციის ინიციატივას, მმართველი გუნდი დადებითად აფასებს, ხოლო „ქართული ოცნება“ მას ხელისუფლების „გაპრავებად“ მიიჩნევს. რა ბედი ეწევა გიორგი თარაგაძის პროექტს?  – „პრესა.ჯი“ პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პავლე კუბლაშვილს ესაუბრა:

– „ქრისტიან–დემოკრატების“  საკონსტიტუციო წინადადებას, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს?

– საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, გიორგი თარაგამაძემ კონსტიტუციაში ცვლილებების განხილვასთან დაკავშირებით, იურიდულ საკითხთა კომიტეტს დღეს, მიმართა და მათი ინიციატივით, კონსტიტუციის 49–ე მუხლში ცვლილებები უნდა შევიდეს, რომლის თანახმად,  პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს – საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, 21 წლის ასაკიდან, აგრეთვე 21 წელს მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა. რაც შეეხება წინადადების მხარდაჭერას, მმართველი გუნდი, ინიციატივას მიესალმება და ამ საკითხზე,  მუშაობას კომისია დაიწყებს.

– საზოგადოებრივი განხილვის კომისია, მუშაობას როდის დაიწყებს და საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში როდის იქნება წარდგენილი?

– კომისია, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვას უზრუნველყოფს, მუშაობას ხვალიდან დაიწყებს და ვფიქრობ, რომ ეს წინადადება მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ყოველგვარი სპეკულაციები დასრულდეს – სამართლებლივ პროცედურებთან, სამართლებლივ საკითხებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებითაც, რომ ვიღაცას არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეზღუდება, უფლება არ აქვს თავისი სიის პირველი ნომერი იყოს, ან წარდგენილი იყოს ამათუ იმ მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად და ა.შ. ეს უფლება, გარანტირებულია ყველა პირისათვის ვინც დაბადებულია საქართველოში და ქვეყანაში, 10 წლის განმავლობაში ცხოვრობს. რაც შეეხება ვადებს, თქვენ იცით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისთვის ერთთვიანი ვადა არსებობს და საზოგადოებაში განხილვები, სავარუდოდ მაისის თვემდე გაგრძელდება. ამას გარდა, განხილვები რეგიონებშიც იქნება. ამ განხილვების შემდეგ კი, საბოლოოდ, ფორმულირებები ჩამოყალიბდება და ეს, პარლამენტის სხდომაზე, იქნება წარდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ ამ ცვლილებებით, სპეკულაციებს დაესმევა წერტილი – თითქოს, ვინმეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.  

– ამ ცვლილებებით, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში შეძლებს მონაწილეობის მიღებას?

– საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეს ნებისმიერი თანამდებობის დაკავება შეეძლება, ასევე, იყოს – წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, საჯარო თანამდებობის პირი და მოღვაწეობდეს პოლიტიკაში, ან ნებისმიერი თანამდებობა დაიკაოს. ანუ, ის პირი, ვინც დაბადებულია საქართველოში და  ათი წელია აქ ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქესთან იქნება გათანაბრებული. ამ საკითებზე, სწორედ, კომისია იმსჯელებს და სათანადო ცვლილებები სავარაუდოდ, სხვა მუხლებშიც შევა.

– „ქრისტიან–დემოკრატების“ აღნიშნულ ინიციატივას, გამოხმაურება „ქართულ ოცნებაში“ უკვე მოჰყვა და წინადადებები შეფასდა, როგორც მმართველი გუნდის იდეებად…

– არ ვიცი, ამ ინიციატივას ვინ, როგორ აფასებს, მაგრამ ვიღაცას უნდა, რომ სამართლებულ საკითხთან დაკავშირებით, აჟიოტაჟი ხელოვნურად შექმნას და  ამიტომ, პოლიტიკური სპეკულაციები დაიწყეს, თუმცა, ამ წინადადებებით,  პოლიტიკური სპეკულაციების არეალი იზღუდება და არავის ექნება უფლება,   თქვას, რომ რაიმეს უფლება შემეზღუდაო.  

0

ავტორი: