17:34:27     05-04-2012
რუსეთის შს მინისტრი: რუსული პოლიცია და საზოგადოება გაუნათლებელი და უზნეოა

რუსული პოლიციისა და საზოგადოების პრობლემა გაუნათლებლობა და უზნეობაა, ამიტომ ნურგალიევი წუხს, რომ პოლიციელების სხვა პლანეტებიდან ჩამოყვანა არ შეუძლია. რუსეთის შს მინისტრის აზრით, ქვეყნის სამართალდამცველთა პრობლემების ხასიათი ისეთივეა, რაც ზოგადად, მთელ რუსულ საზოგადოებას ახასიათებს. ეს პრობლემები კი, მისივე თქმით, არც მეტი, არც ნაკლები, განათლების, ზნეობისა და აღზრდის დეფიციტია.
„საკითხი მდგომარეობს არა იმაში, რომ ჩვენ ცუდები ვართ, არამედ იმაში, რომ ჩვენი საზოგადოებაც ასეთივე პრობლემებითაა ავად. მე ხომ არ შემიძლია სხვა პლანეტიდან ჩამოვიყავანო ვინმე. იქნებ, ეს თქვენი მეგობარი და ახლო ნათესავია - ისინი ხომ ჩვენები, რუსები არიან“ - განაცხადა ნურგალიევმა.
მინისტრი ამტკიცებს, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები საუკეთესო კრიტერიუმების მიხედვით ირჩევიან:
„ესე იგი, საკითხავი სხვა რამაა. სად არის განათლება? სად არის აღზრდა? სად არის ზნეობა?“ - კითხულობს ის.
ერთ-ერთ თავის გამოსვლაში ამ აღზრდა-ზნეობის ნიადაგის შესაქმნელად მან მშობლებს მოუწოდა, ბავშვებს ხშირ-ხშირად ანახონ სამამულო მულტფილმები, რათა მოგვიანებით, პოლიციასა თუ სხვა სამსახურებში დასაქმებულებმა, ადამიანების ტანჯვა-წამებას არ მიჰყონ ხელი.
ეს რუსული პოლციის ახლადგახმაურებული პრობლემაა, როცა აშკარა გახდა, რომ რუსეთის სამართალდამცველებს, საკუთარ რიგებში, მანიაკი-პოლიცილების წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკაც შემუშავებელი აქვთ. მას შემდეგ, რაც ყაზანის პოლიციასთან დაკავშირებული სკანდალი გახმაურდა, გაირკვა, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა და მთელი რუსეთის ფედერაციის პოლიცია ფსიქიკურად არამდგრადი ადამიანებითაა სავსე. ყოველდღიურად, რუსულ მედიაში პოლიციის მიერ დაკავებულებზე ძალადობის უსასტიკესი შემთხვევების შესახებ იწერება. ჯერჯერობით, მინისტრმა მხოლოდ იმ გამოსავალს მიაგნო, რომ კულტურის მოღვაწეებს მიმართა - რუსეთის პოლიციას „ყოველდღიურობაში მშვენიერის დანახვა“ ასწავლონ. ის ფსიქოლოგების დახმარებასაც ითხოვს, რათა პოლიციელებმა შეძლონ „პოზიტიურ ემოციებზე“ გადართვა.
კიდევ ერთ გადაულახავ პრობლემად რუსულ პოლიციაში კორუფცია რჩება, რის გამოც მინისტრმა აღიარა, რომ პოლიციის რიგებში პერეატესტაცია ჯერ კიდევ დიდხანს გაგრძელდება, - სასურველი შედეგების მიღება, ყბადაღებული რეფორმის მიუხედავად, ვერ ხერხდება, რადგან კორუფციის მასშტაბები ამ სისტემაში ძალიან დიდი იყო.
0