21:24:45     04-04-2012
გივი თარგამაძე: საქართველოს მოქალაქეობას ივანიშვილი გულგრილად მოეკიდა

მმართველი გუნდის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება – კანონზე დაფუძნებულია. მათი თქმით, კანონზე უფრო მაღლა, ვინმეს პოლიტიკური მოსაზრება და ფინანსური კაპიტალი ვერ დადგება.
როგორც პრესა.ჯი–ს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა განუცხადა, უწყების მიერ გაკეთებული განმარტება, ნათელი და გასაგებია, რადგან ივანიშვილის იურისტებმა, შეცდომა დაუშვეს. მისი მტკიცებით, სამინისტროს გადაწყვეტილების მიუხედავად, ივანიშვილს პოლიტიკურ საქმიანობაში პრობლემები არ შეექმნება.
„ივანიშვილმა, კოალიცია შექმნა და ის, ერთ–ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერია. რაც შეეხება მოქალაქეობას, მას უწყებამ, სწორი გზა მიუთითა. კანონზე უფრო მაღლა, ვერავის პოლიტიკური მოსაზრება და ფინანსური კაპიტალი ვერ დადგება, რადგან კანონის წინაშე, მილიარდერიც და სოციალურად დაუცველიც თანაბარია“, – განაცხადა გაბაშვილმა.
დეპუტატი ოპონენტების მოსაზრებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მმართველ გუნდს ივანიშვილის არ ეშინია. „მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით, უამრავი მოსაზრება იყო, მაგრამ არავის არაფრის ეშინია. ეს სისულელეა“, – დასძინა მან.
კოლეგის მსგავსად, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს, სამართლებლივ ჭრილში განიხილავს, უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გივი თარგამაძეც.
კანონმდებელის შეფასებით, ყველასთვის ცნობილია, რომ თავის დროზე, ივანიშვილს მოქალაქეობა მინიჭებული ჰქონდა და ის ამ საკითხს, ან გულგრილად მოეკიდა, ან მისი მნიშვნელობა უგულვებელჰყო.
„აქედან გამომდინარე, დღევანდელი აჟიოტაჟი დაგვიანებულ სინანულს უფრო ჰგავს. ის ფორმები, რომლითაც ივანიშვილი მოქალაქეობის მიღებას ცდილობს, სწორი გზა არ არის. ივანიშვილს ნატურალიზაცია არ სჭირდებოდა, რადგან მას, საქართველოს მოქალაქეობა ისედაც ჰქონდა. ის, რომ ივანიშვილმა პოლიტიკური საქმიანობა გადაწყვიტა, ან ის რომ ბევრი ფული აქვს, მას კანონის მიხედვით, სხვა ამავე პრობლემის მქონე ადამიანებისგან არ გამოარჩევს“, – დასძინა მან.
ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს, პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირდებს – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილიც. დეპუტატის განცხადებით, ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი სამართლებლივია და ამის მიღმა, მხოლოდ სამართლებრივი შედეგი დგება.
„მოქალაქეობასთან დაკავშირებით, კანონი ყველას მიმართ ერთნაირია მიუხედავად იმისა, როგორია მათი სოციალური აქტივობა და მათი ფინანსების რაოდენობა რამდენს შეადგენს. კანონის თანახმად, ორი პროცედურა არსებობს და ეს სამოქალაქო რეესტრს განმარტებული აქვს. ნატურალიზაციით, მოქალაქეობას ის პირები იღებენ, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვთ. ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება კი, პირისთვის იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქეა. ამ შემთხვევაში, საფრანგეთის მოქალაქეს – ბიძინა ივანიშვილს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით უნდა მიემართა”, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრმა, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქოებასთან დაკავშირებით, დასკვნა დღეს გაავრცელა. დასკვნის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობის მისაღებად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას უნდა მიმართოს.
რაც შეეხება ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს, მას და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის 11 ოქტომბერს, პრეზიდენტის განკარგულებით შეუწყდათ. მოგვიანებით, სასამართლომ პრეზიდენტის განკარგულება მხოლოდ ეკატერინა ხევდელიძის მიმართ გააუქმა.
0