13:19:31     04-04-2012
კრემლის აზროვნების ფსიქოლოგია: საჭიროა, მთელი საქართველო ავიყვანოთ კონტროლქვეშ…

გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა“ რუსეთის უახლესი სახელმწიფოების ინსტიტუტის დირექტორთან, ალექსეი მარტინოვთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც რესპონდენტი აფხაზეთზე, ცხინვალის რეგიონსა და დნესტრისპირეთზე და რუსეთთან მათ ურთიერთობებზე საუბრობს. ინტერვიუ კიდევ ერთხელ კარგად ცხადყოფს მოსკოვის დამოკიდებულებას სეპარატისტული რეჟიმებისადმი, მათი „დამოუკიდებლობისადმი“, და ზოგადად - კრემლის აზროვნების ფსიქოლოგიას ამ მიმართულებით.
„რაში გვჭირდება აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი?“ - ჟურნალისტის ამ კითხვაზე მარტინოვი პასუხობს, რომ ისინი მნიშვნელოვანია, რამდენადაც, „ჩრდილოეთ კავკასია რუსეთის შემადგენელი ნაწილია“. მას არ მიაჩნია სწორედ, როცა რუსეთის მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ეს რესპუბლიკები კრემლმა აღარ უნდა აფინანსოს, თუმცაღა, აღიარებს, რომ როცა ცხინვალში დედასთან ჩავიდა, დედამ უსაყვედურა - „რას უშვებით ცხინვალს?“ დედა აპოლიტიკურია, მაგრამ იცის, როგორ იპარავენ რუსულ ფულს „სამხრეთ ოსეთში“.
მარტინოვი ამაში რუსეთს ადანაშაულებს, რომელმაც ვერ მოუარა „დიდ გამარჯვებას“.
„2008 წლის სამართლიანი ომის შემდეგ, მე არ მახსოვს სიტუაცია, რომელსაც ასეთი კონსოლიდაცია მოეხდინა რუსულ საზოგადოებაში. გახსოვთ, მთელი ქვეყანა განიცდიდა. ადამიანები ბოლო კაპიკებს აგროვებდნენ. და მიაქციეთ ყურადღება, რომ 2008 წელს მთელმა ჩრდილოეთ კავკასიამ, სამხრეთ კავკასიამ იარანამდე ჩაისუნთქა და დაავიწყდათ ამოსუნთქვა. ყველამ უცბად დაინახა, რომ რუსეთი ბრუნდება, ყველა მხრებში გაიმართა…
- იქნებ, პირიქით, ყურები დახშეს?
- მე ამას არ ვიტყოდი. კავკასიაში ყოველთვის პატივს სცემდნენ ძალას და სიტყვას. რუსეთმა აჩვენა სამართლიანი ძალა, და თქვა სიტყვა, რომ აქ იქნება ქალაქი-ბაღნარი. თეთრი მეფე დაბრუნდა! არის, ის, ვისაც შეიძლება ემსახურო… ჩეჩნური ბატალიონი „ვოსტოკი“ ხომ ბრწყინვალედ ებრძოდა ქართველებს 2008 წელს? ჩეჩნების წყალობით, მაგალითად, ქართულმა დივერსიულმა ჯგუფებმა ვერ შეძლეს კონტროლქვეშ აეღოთ როკის გვირაბი. როცა კავკასიელს აქვს სამსახური, მაშინ ისინი მსახურობენ არა ფულის, არამედ პატივისა და ღირსების გამო… ეს იყო საერთო სახალხო გარღვევა, მაგრამ შემდეგ დევალვირებული, ის გაცვალეს ფულზე“ - ამბობს მარტინოვი.
მისი დათვლით, „სამხრეთ ოსეთის“ ყოველ მოსახლეს 10 ტონა ჰუნაიტარული დახმარება უნდა მიეღო, მაგრამ არ მიუღია. ის ადგილობრივმა და რუსმა ჩინოვნიკებმა ერთად დაიტაცეს. აფხაზეთში მსგავსი სკანდალები არ ყოფილა, მაგრამ ამას მარტინოვის თქმით „ცინიკური ახსნა აქვს“ - ანუ, ბაღაფშმა თავის დროზე თქვა, რომ ასეთი ფული თავად არ უნდონა, მაგრამ რუს ჩინოვნიკებს რუსული ფულის დატაცების საშულება თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ მისცა
ჟურნალისტიც და რესპონდენტიც თანხმდებიან, რომ სწორედ ამ რუსული ფულის დატაცების გამო ცხინვალში მოსახლება დღესაც „ძალიან გაბრაზებულია“. მარტინოვი აღიარებს, რომ ხალხი კითხულობს: „რუსებმა ჩვენ დაგვიცვეს, მაგრამ რისთვის დაგვიცვეს? იმისთვის, რომ ასე დაგვცინონ? შეიძლება, უცნაურ რამეს ვიტყვი, მაგრამ განადგურებული, გმირ-ქალაქ ცხინვალში დღეს უფრო მეტია, ვიდრე 2008 წლის აგვისტოში. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ მოხდა დამოკიდებულების შეცვლა რუსეთისადმი. მაგალითად, 2008 წელს ოსები ჩვენი მადლობლები იყვნენ, მზად იყვნენ ხელით ეტარებინათ რუსები. ახლა კი რუსეთისადმი დამოკიდებულება, როგორც რაღაც საკრალურისადმი, დიდისადმი, სამხრეთ ოსეთში აღარ არის. ჩემი ერთი ნაცნობი იქიდან შოკირებული დაბრუნდა…“
მარტინოვს წინასწარმეტყველება ასეთია: 10 წლის შემდეგ „აფხაზეთი აფხაზეთად დარჩება , რუსეთისადმი მეგობრულად, მაგრამ დამოუკიდებლად, სამხრეთ ოსეთი კი, ლოგიკური იქნება, რომ ჩრდილოეთ ოსეთთან ერთად რუსეთის ფედერაციის წევრი გახდეს.“
და კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მარტინოვმა არცთუ დიდი სახელმწიფო საიდუმლოება უწოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ზოგიერთ ჩვენს (ანუ რუს) სახელმწიფო მოღვაწეს გაუჩნდა იდეა: რაში გვჭირდება აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, საჭიროა, მთელი საქართველო ავიყვანოთ კონტროლქვეშ. ანუ მოვიყვანოთ ხელისუფლებაში რუსეთისადმი ლოიალური ძალები“.
0