„კარგად მოხვდა ხაინდრავას ყბაში, ჩემგანაც და სხვა ბიჭებისგანაც, კურდღელივით გაიქცა“ „კარგად მოხვდა ხაინდრავას ყბაში, ჩემგანაც და სხვა ბიჭებისგანაც, კურდღელივით გაიქცა“ />


  13:10:35     04-04-2012

„კარგად მოხვდა ხაინდრავას ყბაში, ჩემგანაც და სხვა ბიჭებისგანაც, კურდღელივით გაიქცა“

a16764.jpg

„დრონი.ჯი“, ტრადიციისამებრ, გთავაზობთ რუბრიკას – „მარგალიტები“. ამჯერად ის „მარგალიტები“ ავკინძეთ, რომლითაც გოგა ხაინდრავას ატრიალებდნენ ყველა ბრუნვაში მისი გუშინდელი მტრები და დღევანდელი მოკავშირეები. მაგალითად: ირაკლი ოქრუაშვილი, მიხეილ ქარელი, მამუკა კაციტაძე, თინა ხიდაშელი, ზვიად ძიძიგური, გუბაზ სანიკიძე და სხვები...

მიხეილ ქარელი: „გოგა ხაინდრავა ძალიან საეჭვოდ დაძვრება იმ ძალებთან ცხინვალში, რომლებიც მე ალეკო სუხიტაშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილს დღენიადაგ სიკვდილითა და ტერორით გვემუქრებიან. გოგა ხაინდრავა რისი კონფლიქტების მომგვარებელია, რას ლაპარაკობთ? პირიქით, რამე უბედურება არ დაატრიალოს ცხინვალში, ამაზე ვლოცულობ.“

ვაჟა ხაჭაპურიძე, ედუარდ კოკოითის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე, გასამართლებულია კონტრაბანდის მუხლით: „გოგა ხაინდრავა ერთადერთი კაცია საქართველოს ხელისუფლებაში, რომელსაც კოკოითი და ჩოჩიევი ენდობიან.“

თინა ხიდაშელი: „გოგა ხაინდრავა რა კონფლიქტების მომგვარებელიცაა ეგ აფხაზეთში გამოჩნდა.“

პაატა ზაქარეიშვილი: „თუ ხაინდრავა თავისი დაჯგუფებით აფხაზეთში იბრძოდა, აფხაზების წინააღმდეგ, ვერ გავიგე, ამ კაცს რა უნდა კონფლიქტების მინისტრად, რა კონფლიქტი უნდა მოაგვაროს, როცა აფხაზები ცალსახად აფიქსირებენ – ვინც იარაღით გვებრძოდა, იმ ხალხს სახალხო დიპლომატიის დონეზეც კი არ დაველაპარაკებით, არათუ სახელმწიფო პოლიტიკის დონეზეო.“

ზვიად ძიძიგური: „არ მომწონს მე ხაინდრავას დანიშვნა კონფლიქტების მინისტრად, როცა ეგ აფხაზეთში იყო სახელმწიფო მინისტრი, მის სახელს უკავშირდებოდა ბევრი სიბინძურე, მათ შორის აფხაზებთან და რუსებთან ერთად კონტრაბანდული ბიზნესი. და რა დაუშლის იგივე აკეთოს ოსებთან და კოკოითთან ერთად?“

მიხეილ ქარელი: „გოგა ხაინდრავა ოსურ ლუდსა და ხაბიზგინებზე ქეიფობს ცხინვალში, საეჭვო ხალხთან. ის ნამდვილად ვიცი ამ ხალხს საქართველოს სიკეთე ნამდვილად არ უნდა და ბევრი მათგანი 90-იან წლებში იარაღით იბრძოდა ჩვენს წინააღმდეგ.“

ელიზბარ ჯაველიძე: „ხაინდრავა ებრძოდა ზვიად გამსახურდიას და კანონიერი ხელისუფლების დამხობაშიც დიდი წვლილი მიუძღღვის.“

გურამ პეტრიაშვილი, ზვიად გამსახურდიას უზენაესი საბჭოს წევრი: „სწორედ გოგა ხაინდრავამ ისროლა პირველი ტყვია ქაშვეთის ეზოდან, ამ უწმინდურმა ისროლა პირველად მთავრობის სახლის მიმართულებით. პირველი მსხვერპლი იყო გია ბახია, გოჩა ბახიას ძმა. მერე, როცა სიგუა-კიტოვანმა და იოსელიანმა მოგვცეს ხელშეუხებლობის გარანტია 1992 წლის 6 იანვარს გამთენიისას ბარათაშვილის ხიდთან სწორედ ხაინდრავამ და მისმა „დევიატკამ“ გაგვიხსნა ცეცხლი. იქ იმყოფებოდნენ ზვიადიც, მისი ოჯახიც, მცირეწლოვანი ბავშვები.“

ვალტერ შურღაია: „გოგა ხაინდრავამ ძალიან კარგად დაიწყო – 9 აპრილის უნიკალური კადრები გადაიღო და ძალიან ცუდად დაამთავრა – ეროვნული ხელისუფლების დამხობაში დიდი წილი აქვს, ძალიან დიდი...“

გუბაზ სანიკიძე: „გოგა ხაინდრავამ ჯერ იმ დიდ კითხვის ნიშნებს გასცეს პასუხი როცა აფხაზეთში სახელმწიფო მინისტრად მუშაობდა. დღეს ყველა ამბობს გაგრა გაიყიდა, გაგრა ჩაბარდაო. თუ თანამონაწილე არ არის ხაინდრავა ამ ისტორიული ღალატისა, გამოვიდეს და თქვას ვინ გაყიდა, ვინ ჩააბარა გაგრა. ის ცალკე იყოს, როცა იარაღით დარბოდა ზვიად გამსახურდიას დასამხობად, ამაზე ისტორია გასცემს პასუხს და აქ თუ არა, იქ, ღვთიურ სამსჯავროზე მოეკითხება. „

ირაკლი ოქრუაშვილი: „გოგა ხაინდრავას არა აქვს არც მორალური და არც იურიდიული უფლება მე ჭკუა მარიგოს და მიმითითოს, თუ რუკის კითხვა არ იცის, ეგ მისი პრობლემაა, ქართული სამშვიდობო ძალები სწორედ იმ პოზიციებს იკავებენ, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებებითაა გათვალისწინებული, მართალია, ჩვენთვის კაბალური, შეურაცხმყოფელი და მიუღებელი, მაგრამ მაინც საერთაშორისო ხელსეკრულებებით და ეუთო ამის წინააღმდეგი არ არის.

ხაინდრავამ ჯერ გაარკვიოს ვის მხარესაა და მერე ილაპარაკოს. უნდა არუნდა, მისი განცხადებები მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.“

თენგიზ კიტოვანი: „გოგა ხაინდრავა ძალიან წესიერი და კარგი ადამინაია, მერე რა რომ გამსახურდიას ხელისუფლებას იარაღით ებრძოდა? მეც ვებრძოდი! რა, ცუდი ბიჭი ვარ?“

ჯაბა იოსელიანი: „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: 6 იანვარს გამთენიისას ბარათაშვილის ხიდთან გოგა ხინდრვას „დევიატკამ“ და გია სვანიძის ბიჭებმა გაუხსნენ ცეცხლი ზვიად გამსახუდიას და მის მომხრეებს. პირველმა ვინც ისროლა – ხაინდრავას ხალხმა თუ ჩვენებმა - „მხედრიონელებმა“ ვერ გეტყვით. ეს იყო შეცდომა, რადგან როცა კაცს ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევ და კაცურად ჰპირდები, უსაფრთხოდ დატოვებ ქვეყანასო, უნდა შეუსრულო.

მერე გოგაც და გიაც მიმტკიცებდნენ ბატონო ჯაბა ჯერ იმათ გვესროლეს ავტობუსებიდანო, მაგრამ ამხელა კაცი მაგას ვჭამ? რა ესროლეს? ერთი სული ჰქონდათ ბუნკერიდან თავდაღწეულებს, საქართველო მშვიდობიანად დაეტოვებინათ. არა, მაგარი მიქარვა მოუვიდათ, თან იმ ავტობუსში ქალები და ბავშვები ისხდნენ, პრეზიდენტს თავი რომ დავანებოთ!

რაღა უნდა მექნა? დავტუქსე ორივე, ბოდიში, მეორედ აღარ ვიზამთო და ეგ იყო. ცხონებული გია მართლა შეწუხებული იყო, კიდევ კარგი არ მოვკალით ვინმეო. არა, მეორედ აღარ ვიზამთო, ეგ იყო მაგარი – მგონი შევარდნაძის ჩამოგდებასაც აპირებდნენ, ეგრე გამოუვიდათ რა...“

მამუკა კაციტაძე: „მე მაქვს ძალიან დიდი და საფუძვლიანი ეჭვი, რომ ცხინვალის რეგიონში ოქრუაშვილი და ხაინდრავა ვერ იყოფენ კონტრაბანდულ ტვირთს და ამის გამო ებრძვიან ერთმანეთს.“

მიხეილ ქარელი: „გოგა ხაინდრავამ ბორის ჩოჩიევის გარემოცვასთან ერთად ააორთქლა ეუთოს საკმაოდ სოლიდური გრანტი, რომელიც ქართული და ოსური სოფლების ინფრასტრუქტურას უნდა მოხმარებოდა. ფული შეჭმულია, თითი არავის დაუკარებია, სამუშაოები არავის შეუსრულებია და ქაღალდზე თანხა ათვისებულია. იმ სოფლებში მგონი არც შესულან საერთოდ. კარგი იქნება თუ ეუთო და ქართველი სამართალდამცავები ერთად დაიწყებენ ამ თანხის ასავალ-დასავალის მოკვლევას.“

გურამ ვახტანგაშვილი: „გოგა ხინდრავას ერთი პერიოდი ხეობაში არ უშვებდნენ. ეს ის დროა, როცა ლევან ხაჭაპურიძეს ქურთაში ძმა, ორი ბიძაშვილი მოსტაცეს, ერთი ხაშურელიც იყო – ლომიძე. ეს 4 კაცი ორ დღეში მოკლეს ოსებთან. ლევანმა იცოდა რომ მოკლულები იყვნენ, ხაინდრავა კი დარბოდა ყოველდღე ცხინვალში – ტყვეები ცოცხლად უნდა დავიხსნაო.

არადა, ისიც იცოდა როდის მოკლეს და ისიც - სად დახოცეს. ასე ატყუებდა მთელ სოფელს. ერთ დღესაც ყელში ამოუვიდათ ქურთელებს, ხაინდრავას მანქანა გააჩერეს და ჩემი თვალით არ მინახავს, მითხრეს იქაურებმა მაგრად აგინეს და ერთი-ორი გაულაწუნეს კიდეცო. ჩახტა ხაინდრავა მანქანაში და გაიქცა. ამ დროს ლევან ხაჭაპურიძემ იარაღის მთელი მჭიდი დააცალა, მანქანას მოხვდა, ხაინდრავა ღვთის წყალობით გადარჩა.

ნაღდი ამბავია, დაწრეთ სადაც და როგორც გინდათ. უკვე ყელში ამოვიდა მსგავსი მაიმუნობები და მე ამ საკითხს პარლამენტშიც დავაყენებ. ჭირისუფალს ნუღარ ატყუებ რა, დალოცვილო! მე მაგაზე ადრე ვიცოდი ოთხივე დახოცილი იყო, მეორე დღეს გაიგო მაგან და მთელი 2 კვირა ხალხი ხელზე დაიხვია. რა, მკვდრებს გააცოცხლებდა?

უთხარი ჭირისუფალს სიმართლე და ცხედრების გადმოსვენებაზე იმუშავე, თუ თავი გაქვს.“

ლევან ხაჭაპურიძე, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს მისი წარმომადგენელი დიდი ლიახვის ხეობაში: „რატომ არ გამიხმა ის ხელი ხაინდრავას რომლითაც ავაცილე. ხაინდრავა კაცი კი არა – არაკაცია! რამდენიმე დღე მე მატყუა, ცოცხლები არიან ბიჭებიო, მერე ოთხ ოჯახს და ამხელა სანათესაო-ჭირისუფალს ერთიანად ატყუებდა.

რამდენიმე კარგად მოხვდა მინისტრ ხაინდრავას ყბაში ჩემგანაც და სხვა ბიჭებისგანაც, კურდღელივით გაიქცა. ეგ ხეობაში ვეღარ შემოდგამს ფეხს, მე იქით ვიყო, ხალხია ძალიან აჯაგრული – ხაინდრავა აქ ამოსული რომ ვნახოთ ცოცხალს არ გავუშვებთო.

ამ ხალხმა 15 წელი გაიტანა ერთმანეთი, ალყაში არიან, ტყვიების წვიმაში არიან, მაგრამ მშობლიური მიწა არ მიუტოვებიათ. ერთგულებისა და სიტყვის ფასი იციან და ვერ იტანენ გაიძვერა და სიტყვის გამტეხელ ხალხს – ხაინდრავასნაირებს!“

წყარო

0

ავტორი: