09:48:51     04-04-2012
ტიმოშენკოს ახალი ბრალმდებელი გამოუჩნდა - მას მოკლულის შვილი ადებს ხელს

უკრაინის მთავარი პროკურატურა იულია ტიმოშენკოს მკვლელობაში დადანაშაულებას აპირებს. რამდენიმე დღის წინ გენპროკურორის მოადგილემ იური კუზმინმა განაცხადა, რომ ხელთ აქვს მტკიცებულებები, რომელთა თანახმადაც კომპანიებმა, რომლებსაც ტიმოშენკო და ასევე, ყოფილი პრემიერი 1996-1997 წლებში პავლე ლაზარენკო აკონტროლებდნენ, სახალხო დეპუტატისა და ბიზნესმენის - ევგენი შერბანის მოსაკლავად მკვლელებს ფული გადაურიცხეს.
დღეს კი თავად მოკლული შერბანის შვილი, დონეცკის საოლქო საბჭოს დეპუტატი რუსლან შერბანი აცხადებს, რომ შეუძლია დაამტკიცოს ტიმოშენკოსა და ლაზარენკოს კავშირი მამის მკვლელობასთან. ამის თაობაზე რუსლან შერბანმა უკრაინაში აშშ-ის ელჩს ჯონ ტეფტს წერილი უკვე მისწერა.
ის ამტკიცებს, რომ უახლოეს მომავალში თვალსაჩინოს გახდის მკვლელობის „სენსაციურ დეტალებს“.
ევგენი შერბანი 1996 წლის 3 ნოემბერს, დონეცკის აეროპორტში მოკლეს, როცა მოსკოვიდან ბრუნდებოდა. მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალნენ მისი მეუღლე და ასევე თვითმფრინავის მექანიკოსიც. გამოძიებამ ოფიციალურად დაადგინა, რომ მკვლელობა „კუშნირის ბანდის“ წევრებმა ჩაიდინეს. ამის გამო გაასამართლეს კიდეც 8 ადამიანი, მათგან სამს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. თუმცა მოკლულის შვილი ამბობს, რომ პასუხი ჯერ არ უგიათ მკვლელობის შემკვეთებს - ტიმოშენკოსა და ლაზარენკოს.
„ჩემი მოწოდებები სამართალდამცავი ორგანოებისადმი, ჩემი განცხადებები და მტკიცებულებები, რომ მკვლელობასთან კავშირში არიან ტიმოშენკო და ლაზარენკო, ამ დრომდე, როგორც საჭიროა, არ გადაუმოწმებიათ. უკრაინის პროკურატურის ორგანოები დიდი ხნის მანძილზე მფარველობდნენ ლაზარენკოს და ტიმოშენკოს, რომლებმაც შეუკვეთეს, ორგანიზება გაუკეთეს და დააფინანსეს მამაჩემის მკვლელობა“ - ამბობს რუსლან შერბანი.
ის ამტკიცებს, რომ შეძლებს, გარკვევით ჩამოაყალიბოს ის მოტივები, რის გამოც ტიმოშენკოსა და ლაზარენკოს მამამისის მოკვლა დასჭირდათ და შეახსენებს ყველას, რომ ვიქტორ შერბანი 1996 წელს იყო გავლენიანი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და ამავდროულად, ტიმოშენკო-ლაზარენკოს კონკურენტი ბიზნესში.
„მე თავად ბევრჯერ დავსწრებივარ ბიზნეს-მოლაპარაკებებს მამასა და ტიმოშენკო-ლაზარენკოს შორის. ეს უკანასკნელნი მუდმივად ითხოვდნენ, მამას ხელი აეღო თავის ბიზნეს-ინტერესებზე და მათი კომპანიის - „უკრაინის ერთიანი ენერგეტიკული სისტემების“ ინტერესებიდან გამომდინარე ემოქმედა. არაერთხელ დაემუქრნენ კიდეც ანგარიშსწორებით. ამის შესახებ ბევრმა სხვა ადამიანმაც იცის. ტიმოშენკოს სურდა, თავისი კომპანიის საშუალებით მიეწოდებინა გაზი უკრაინისთვის, თავისი ბიზნესი განევითარებინა დონეცკის რეგიონში“ - წერს რუსლან შერბანი და იხენებს ტიმოშენკოს მილიონიან კონტრაქტებს რუსეთთან და თურქმენეთთან.
ის ასევე ამბობს, რომ ლაზარენკოს ევგენი შერბანისთვის 50 მილიონი დოლარი უნდა გაესტუმრებინა, რაც მას დღემდე არ გაუკეთებია.
„ასევე, ევგენი შერბანმა, მუქარების, მათ შორის, ლაზარენკოს მხრიდან მუქარის მიუხედავად, უარი თქვა, მიეცა თავისი ბიზნესი ტიმოშენკოსათვის“ - ამბობს რუსლან შერბანი.
„იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი უკრაინაში, ცდილობს, დაიცვას მკვლელები მართლმსაჯულებისგან, სხვაგვრად შეუძლებელია აიხსნას დაუსრულებელი ულტიმატუმები ტიმოშენკოს ციხიდან გაშვებისა და მამაჩემის მკვლელობის საქმის შეწყვეტის თაობაზე. უკრაინელი პროკურორების სიტემატურმა დაშინებამ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან, შეიძლება, გამოძიების დეზორგანიზება მოახდინოს“ - წერს ამერიკის ლეჩს რუსლან შერბანი. ის მზადაა მიმართოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და უცხოური სახელმწიფოების ელჩებსაც.
და ბოლოს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ექს-პრემიერი პავლე ლაზარენკო კიევისთვის „დიდი დარტყმის“ მისაყენებლად ემზადება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის ბოლოს ის უკრაინაში ჩასვლას გეგმავს, სადაც ფიქრობენ, რომ მას შეუძლია სერიოზული გავლენა მოახდინოს ქვეყნის პოლიტიკურ სიტუაციაზე საპრეზიდენტო არჩევნების დროს. და ამიტომაც, უკრაინის გენერალური პროკურატურა უკვე თადარიგს იჭერს.
0