13:41:35     03-04-2012
რიგითი მოქალაქის გადასარჩენად...

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლების აქტიური მოქმედებითა და საგარეო უწყების ძალისხმევით, მალაიზიაში დაკავებულ 26 წლის ბაბუცა გორდაძეს სიკვდილით აღარ დასჯიან. პირველი უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მალაიზიის სასამართლომ, რამდენიმე დღის წინ მიიღო, როდესაც საქმე ნარკოტრეფიკის ბრალდებით დაკავებულ დარეჯან კოხტაშვილს ეხებოდა. მას სიკვდილით დასჯა, თავისუფლების აღკვეთით შეუცვალეს. დღეს კი, ბაბუცა გორდაძეს სიკვდილით დასჯის სანაცვლოდ, რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რამდენიმე წელია, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით ქართველებს მიეცათ საშუალება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის, სასჯელი სამშობლოში მოიხადონ. ამას გარდა, ქართველი დიპლომატები აქტიურად იბრძვიან, უცხო ქვეყნებში, საკუთარი მოქალაქეების უფლებების დასაცავად. გავიხსენოთ ყველაზე გახმაურებული საქმეები, რომლის გამოც, საქართველოს მოქალაქეებს რიგ შემთხვევაში სასჯელი აარიდეს, ნაწილს შეუმსუბუქეს, ხოლო დანარჩენს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა მისცეს.
2010 წელს, ეგვიპტეში, ბედუინის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე 32 წლის ლაშა აბრამიშვილი დააკავეს. ეგვიპტის კანონმდებლობით, მას ჩადენილი დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. თუმცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და დიპლომატიური არხების საშუალებით, ყველაფერი სხვაგვარად დასრულდა. ეგვიპტური მხარის მიერ დაკავებული ქართველის სასამართლო პროცესზე, მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
ქართული მხარის ინიციატივითვე, ბრალდებული მოქალაქის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა მოხდა, სადაც ის სამშობლოში დაბრუნებამდე იქნებოდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პირადად პრეზიდენტის ჩარევით მშვიდობიანად დასრულდა 508 დღიანი ტყვეობა ქართველი მეზღვაურებისა. მეკობრეებმა, მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, რომელზეც 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური იმყოფებოდა, 2010 წლის 8 სექტემბერს, ადენის სრუტეში დაატყვევეს. მეკობრეები გემის მფლობელი ბერძნული კომპანიისგან, გამოსასყიდის სახით, რამდენიმე მილიონ დოლარს ითხოვდნენ. 2011 წლის ოქტომბერში, სომალელმა მეკობრეებმა მეზღვაურების ვიდეოკადრებიც გაავრცელეს, რომელშიც მძევლები დახმარებას ითხოვდნენ.
16 თვიანი მუშაობის შედეგად, ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს.
ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების პროცესს პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა. გათავისუფლებულ მეზღვაურებთან შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს დასაკარგი ხალხი არ ჰყავს.
„საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული ადამიანის გადარჩენისთვის იბრძოლებს ბოლომდე. ამაზე მაღალი ამბიცია და ამაზე მაღალი ამოცანა, თუ არა თითოეული ჩვენი მოქალაქის ინტერესების დაცვა... ნამდვილად არ გაგვაჩნია“– განაცხადა მაშინ სააკაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ, დასრულდა ათთვიანი ტყვეობა ქართველი მეზღვაურებისთვის, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის სოხუმის პორტში იყვნენ დატყვევებულები. გიორგი საბანაძე, მანუჩარ ბოლქვაძე, აზიზ ვარშანიძე და სულხან ცეცხლაძე ტყვეობიდან საქართველოს მთავრობის ძალისხმევით გათავისუფლდნენ. ქართველი მეზღვაურების გასათავისუფლებლად აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი „ჰაკი ეჰილოღლუს“ ეკიპაჟი, სოხუმის პორტში 10 თვის წინ დააკავეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მესაზღვრეებმა ტვირთმზიდი საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით გააჩერეს. ბორტზე, კაპიტნის გარდა, 7 მეზღვაური იმყოფებოდა, 4 ქართველის გარდა, ტყვეობაში ორი თურქი და ერთი აზერბაიჯანელიც აიყვანეს, თუმცა თურქები მალევე გაათავისუფლეს.
4 ქართველი ტყვე ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის ე.წ. წარმომადგენლებმა, პირადად ეკონომიკის მინისტრს გადასცეს, რომელიც ენგურის ხიდზე ელოდებოდა ტყვეების გათავისუფლებას. მასთან ერთად იმყოფებოდნენ მეზღვაურების ოჯახის წევრები და ნათესავებიც.
საქართველოს მთავრობის აქტიური თანამშრომლობის შედეგად დადგინდა სიმართლე, რომელიც ორი ქართველი ახალგაზრდის ტრაგიკულ სიკვდილს ეხება.
მაშინ კანადაში გაუჩინარებული მარიამ მახნიაშვილი სამართალდამცავებს ნაპოვნი არ ჰყავდათ, რის გამოც მშობლებს ეჭვი ჰქონდათ, რომ მათი ქალიშვილი ცოცხალი იყო. ამის გამო, ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობდა კანადურ გამოძიებასთან. მოგვიანებით კი, ტორონტოში მარიამ მახნიაშვილის ცხედარი, ხიდის ქვეშ იპოვეს. ოჯახს სურდა რომ მათი ქალიშვილი სამშობლოში ყოფილიყო გადმოსვენებული, თუმცა ამის საშუალებას გამოძიების დასრულებამდე კანადური გამოძიება არ იძლევა. ამის გამო, ოჯახმა გადაწყვეტილება მიიღო მარიამ მახნიაშვილი კანადაში დაეკრძალათ.
რაც შეეხება საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველის ალექსი მესხიშვილის საქმეს.
ნახევარი წლის განმავლობაში სასამართლომ ასზე მეტი მოწმე დაკითხა. დადგინდა, რომ მოზარდები თანაკლასელ ალექსი მესხიშვილთან ქუჩაში შეკამათდნენ და შემდეგ დიდხანს სცემდნენ. გაქცეული ბიჭი, ქვის კიბიდან გადმოვარდა და სასიკვდილო ტრავმები მიიღო. მიუხედავად ხანგრძლივი ძიებისა, გამოძიებამ ცხედარი ვერ აღმოაჩინა. მოზარდებმა განაცხადეს, რომ თანატოლის ცხედარი გადამალეს, შემდეგ სამშენებლო ურიკით მდინარემდე გადაიყვანეს და წყალში გადააგდეს. საბერძნეთის სასამართლომ, ხუთი მოზარდი, 2006 წელს ქალაქ ვერიაში, ალექსი მესხიშვილის წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობაში დამნაშავედ სცნო.
გამოძიებისა და სასამართლო პროცესების პერიოდში, ქართულმა მხარემ მოკლული მოზარდის მშობლებს ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინა.
ტრაგიკული მოვლენა იყო 2011 წლის 22 ივლისს, კუნძულ უტოიაზე მომხდარი ტერორისტული აქტი, როდესაც ანდრეს ბრეივიკი ახალგაზრდულ ბანაკს თავს დაესხა და 84 ადამიანი მოკლა. მათ შორის იყო 21 წლის ქართველი გოგონა თამთა ლიპარტელიანი.
ტრაგედიიდან რამდენიმე საათში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ბანაკში ქართველი გოგონებიც იმყოფებოდნენ.
სამინისტროს აქტიური ჩარევით და ნორვეგიულ მხარესთან თანამშრომლობით, მოხდა თამტა ლიპარტელიანის ცხედრის ამოცნობა და მის გადმოსვენება სამშობლოში. გადმოსვენების ხარჯები თავის თავზე ნორვეგიულმა მხარემ უზრუნველყო. დაკრძალვის ხარჯები კი ქართულმა მხარემ გაიღო. შვილის დაკრძალვის დღეს თამთა ლიპარტელიანის მამამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ლიპარტელიანების ოჯახს ყველანაირი დახმარება გაუწია: „ ყველაფერი გააკეთეს, რომ ნორმალურად ჩატარებულიყო პროცედურები. მიცვალებულს ვერ გააცოცხლებდნენ, დანარჩენი ყველაფერი გააკეთეს“, - აღნიშნა ავთანდილ ლიპარტელიანმა.
ამჯერად კი, ქართული მხარე რუსეთში, ეთნიკურ ნიადაგზე მოკლული მამუკა კახიშვილის საქმესთან დაკავშირებით ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. ცნობილია ისიც, რომ სამარაში მოკლული ქართველი ახალგაზრდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ქართული მხარე საერთაშორისო საზოგადოებას საქმის კურში ჩააყენებს. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ერთ-ერთი ძალოვანი უწყება კახიშვილის საკითხზე დამატებით ინფორმაციას აგროვებენ, რომლის ანალიზის საფუძველზე პარლამენტში რეაგირების გეგმა შემუშავდება, მისი მთავარი მიმართულება კი საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება იქნება.
დეპუტატის აზრით, საერთაშორისო საზოგადეობამ გამოძიების მიმდინარეობასა და დამნაშავე პირთა დასჯას, მონიტორინგი უნდა გაუწიოს. ქართველი პარლამენტარები კახიშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრასაც გეგმავენ.
ქართული მხარე აპირებს, დაიცვას თავისი მოქალაქეების სიცოცხლე, ხოლო ისინი ვინც მსხვერპლი გახდნენ, მათი საქმე ობიექტურად იქნას გამოძიებული. შეგახსენებთ, რუსმა სამართალდამცველებმა გარდაცვლილი მამუკა კახიშვილის ძმა დააკავეს და მათ ოჯახს დაემუქრნენ. გარდაცვლილი ქართველის მამა ობიექტურ გამოძიებას და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს, რაშიც მას ქართული მხარე დახმარებას და თანადგომას ჰპირდება.
0