09:44:38     03-04-2012
ექიმი ფსიქიატრი: ლუკაშენკო ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტი იყო

პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო თავის დროზე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობდა. ამის შესახებ ფსიქიატრმა სერგეი ტრიფონოვმა განაცხადა. მისი თქმით, ბელორუსი დიქტატორი არმიაში გაწვევამდე მოგილევსკის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტი იყო, სადაც მას ეპილეფსიის დიაგნოზი დაუდგინეს. ექსპერტი ამბობს, რომ ლუკაშენკოს ხასიათსა და მოქმედებაში იმ ნიშნების შემჩნევა, რაც ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანებს ახასიათებთ, ადვილად შეიძლება. ის არის: ბრუტალური (უხეში, ცხოველური, საშინელი), ექსპლოზიური (მიდრეკილია უეცარი, აფექტური აგზნებებისადმი, რომელსაც თან ახლავს აგრესიული ქცევაც. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია ეპილეფსიისათვის, ასევე მწვავე შიზოფრენიისათვის). ასევე, არის შურისმაძიებელი, ისწრაფვის მხოლოდ ერთი სტრატეგიისკენ და არ შეუძლია ამ მიმართულების შეცვალა - განაცხადა ექიმმა ტელეკომპანია „ბელსტთან“ საუბარში.
სერგეი ტრიფონოვის თქმით, ლუკაშენკოს ფსიქიკურ პრობლემებს ემატება საბჭოთა ეპოქის დაღიც, „ყველგან ეძებოს მტრები და ებძოლოს მათ, აქოს დიდი ლენინი, სტალინი“… საბჭოთა ეპოქის მსგავსად ლუკაშენკოც ატარებს საჯარო სასამართლო პროცესებს, რომლებზეც „ხალხის მტრებს“ აასამართლებს, ისე როგორც ეს გააკეთა მინსკის მეტროში მომხდარ ტერაქტში ბრალდებულების, ვლადისლავ კოვალიოვისა და დიმიტრი კონოვალიოვის შემთხვევაში, რომლებიც ლუკაშენკომ წარმოუდგენლად მოკლე ვადებში დახვრიტა და შემდგომ ეს ყოველივე თავის „პირად ტრაგედიად“ გამოაცხადა.
ექიმის თქმით, ბელორუსის ხელისუფლებასა და ხალხს შორის ურთიერთობა ძალიან ჰგავს ურთიერთობას გონიერ ცოლსა და სადისტ ქმარს შორის. თუმცა ამ შემთხვევაში არის კიდევ ერთი მოქმედი გმირი - მილიციელი ანუ რუსეთი, რომელიც „ქმარს ფულს ასესხებს ხოლმე და მხოლოდ ყველაზე საშინელ და გამოუვალ სიტუაციებში ერევა“.
საგულისხმოა, რომ როგორც, ვთქვათ, ვიღაცას ნაპოლეონის, ლუკაშენკოს, დიქტატორის როლი მოსწონს კიდეც. თავი დროზე მან განაცხადა, რომ სულაც არ სწყინს, როდესაც ევროპის უკანასკნელ დიქტატორს უწოდებენ.
„დიქტატორი? იყოს დიქტატორი. ამაშიც არის რაღაც სარგებელი. წარმოიდგნეთ, მე უკანაკნელი დიქტატორი ვარ. უკანასკნელი! თქვენს ცხოვრებაში სადღა შეხვდებოდით და ილაპარაკებდით დიქტატორთან, რომ არ ჩამოსულიყავით აქ, ბელორუსში“ - უთხრა მან ერთხელ უკრაინელ ჟურნალისტს.
ფსიქიატრიულების თემა ახლა ბელორუსში სხვა მხრივაცაა აქტუალური. ადგილობრივი ოპოზიციის აქტივისტი სერგეი კოვალენკო ხელისუფლებამ სწორედ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსა, - „როგორც ამას საბჭოთა კავშირში აკეთებდნენ და სხვაგვარად მოაზროვნეებს ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში „მკურნალობდნენ“ - წერენ გაზეთები. „მკურნალობის“ ამ მეთოდით ცდილობენ კოვალენკოს შიმშილობა შეაწყვეტინონ. ოპოზიციონერი მის მიმართ 2010 წლიდან დაწყებული დევნის კამპანიას აპროტესტებს, მაშინ ის პასუხისგებაში იმიტომ მისცეს, რომ მთავარ საახალწლო ნაძვის ხეზე ვიტებსკში, ბელორუსის თეთრ-წითელი დროშა გამოფინა. ეს დროშა ბელორუსის 1918-1919 წლების რესპუბლიკის სიმბოლოა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ დროშამ ეს ფუნქცია დროებით აღიდგინა კიდეც, თუმცა მოგვიანებით უპირატესობა მიანიჭეს წითელ-მწვანე დროშას, რომელიც ბელორუსის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ანალოგია.
0