17:49:47     02-04-2012
ბიძინა ივანიშვილისთვის ზვიად გამსახურდია გიჟია?!

ბიძინა ივანიშვილის „წამოცდენების“ გამო, „ქართული ოცნების“ წევრები არაერთხელ ჩავარდნილან უხერხულ მდგომარეობაში. თავის მართლება ივანიშვილის გადაცდომებზე, მის თანაგუნდელებს ხშირად უწევთ. ამჯერად ცნობილი ხდება უცნაური ოლიგარქის კიდევ ერთი სკანდალური შეხედულების შესახებაც... ივანიშვილი საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას გიჟს უწოდებს.
ეს ინფორმაცია „პრესა.ჯი“-ს, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ჩემი საქართველოს“ ლიდერმა, ელისო კილაძემაც დაუდასტურეს.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ აქვს ინფორმაცია თუ როგორ საუბრობდა ივანიშვილი ჟურნალისტებთან პირველი პრეზიდენტის მიმართ მის დამოკიდებულებაზე.
შალვა ნათელაშვილი: „ივანიშვილის აზრით, პირველ პრეზიდენტს სიცოცხლე ფსიქიატრიულში უნდა დაესრულებინა“ - ამონარიდი ერთ-ერთი ქართული გაზეთის ინტერვიუდან.
ლეიბორისტთა აზრით, მართალია, ივანიშვილმა „ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტებთან შეხვედრის დროსაც უწოდა გიჟი ზვიად გამსახურდიას. თუმცა, მას არაერთხელ დაუფიქსირებია მსგავსი შეხედულება საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართ, კოალიციაშიც...
„ივანიშვილმა ჟურნალისტთა ჯგუფთან შეხვედრისას ზვიად გამსახურდია გიჟად კი მოიხსენია, მაგრამ ალბათ კოალიციის შიგნითაც საუბრობს გამსახურდიას ფსიქიკურ აშლილობაზე. ისე, ამ მხრივ, მას თანამოაზრეები ნამდვილად ჰყავს კოალიციაში. „რესპუბლიკელები“ ერთ-ერთი შემოქმედნი იყვნენ კანონიერი ხელისუფლების დამხობისა“ - უთხრა „პრესა.ჯი“-ს გიორგი გუგავამ.
მართალია, „პრესა.ჯი“-თან საუბრისას ბიძინას პრესცენტრი აღნიშნულ ფაქტს უარყოფს, თუმცა, ოლიგარქის მორიგი აკვიატების შესახებ საუბრობს ყოფილი ჟურნალისტი და საზოგადოებრივი მოძრაობა „ჩემი საქართველოს“ ლიდერი, ელისო კილაძეც.
კილაძე კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გამსახურდიას გიჟი უწოდა. თუმცა, მისი ეს ფრაზა გაზეთში არ მოხვდა.
„პრესა.ჯი“ „ასავალ-დასავალის“ იმ ჟურნალისტებს დაუკავშირდა, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ ჩაწერეს. შევეცადეთ გაგვერკვია, რატომ უწოდა ივანიშვილმა ზვიად გამსახურდიას გიჟი.
შეკითხვაზე, უწოდა თუ არა, ბიძინა ივანიშვილმა გამსახურდიას გიჟი, „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა ამბობს: „მსგავსი რამ არ ყოფილა, რომ ყოფილიყო გავუშვებდით აუცილებლად გაზეთში. რადგან ინტერვიუში არ ყოფილა, ე.ი არც უთქვამს“.
P.S: ივანიშვილმა აღნიშნულ გამოცემას „ეროვნული გაზეთი“ უწოდა, ამასთან, გამოცემას გვერდში დგომასა და მხარდაჭერას დაჰპირდა. მკითხველისთვის რთული მისახვედრი არ იქნება, თუ რატომ ვერ მოხვდებოდა ივანიშვილის ეს ფრაზა ინტერვიუში.
0