09:30:04     02-04-2012
კლდეკარი
ქართული ციხე-დარბაზებისა და ციხეების მდებარეობას ხშირად განცვიფრებაში მოჰყავს მნახველნი. ერთ-ერთი ასეთია კლდეკარი.
თეთრიწყაროს რაიონში, თრიალეთის უღელ- ტეხილზე, ოდესღაც ამაყად იყო წამომდგარი ბაღვაშთა ძლიერი გვარის ციხე-დარბაზი. აქედან ხელისგულივით მოჩანს სამხრეთითაც და აღმოსავლეთით - წალკისა და მანგლისის მიდამოები და ჩრდილოეთით - ტანასა და თეძმის ხეობები. ამ წყალგამყოფზე ბუნების იშვიათობას წარმოადგენს კედელივით აღმართული კლდე, რომელსაც ორ ადგილას აქვს კლდეკარი. ერთი მათგანი დაბლაა და მაღალ კლდეში გაჭრილ ვიწრო გასასვლელს წარმოადგენს; მეორე უფრო მაღლაა და შედარებით დაბალ კლდეშია გაჭრილი. ქვემო ქართლიდან შიგა ქართლის ცენტრში (გორის მიდამოებში) მიმავალი მგზავრი ამ კლდეკარს გვერდს ვერ აუვლიდა. აქ კი ბაღვაშთა ციხე-დარბაზი არწივის ბუდესავით იყო გაკრული კლდეზე და ფხიზლად სდარაჯობდა თავის სამფლობელოს. კლდეკარის ციხე-დარბაზიდან უმნიშვნელო ფრაგმენტებადაა გადარჩენილი. სამწუხაროდ, ნაგებობათა მასშტაბიც კი არ ირკვევა. ციხის ერთ-ერთი მონაკვეთის ბოლოებში კოშკების ნანგრევებია. მიწის ზემოთ სასახლეთა ნაშთებიც კი არ ჩანს.
კლდეკარს მეტად რთული და მშფოთვარე ცხოვრება ჰქონია. აქ ციხის აგება, მთელი მისი არსებობა და დაქცევაც უშუალოდ ბაღვაშთა გვარის აღზევებასთან, ცენტრალური ხელისუფლებისა თუ მეზობელი ფეოდალების წინააღმდეგ მათ ბრძოლასთანაა დაკავშირებული.
მემატიანის ცნობით, კლდეკარის ციხე აუგია ლიპარიტ ერისთავს IX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს. მშენებლობის მასშტაბზე არაფერია ნათქვამი.
კლდეკარის ერისთავები შემდეგში ისე ძლიერდებიან, რომ მეფეებსაც კი ეურჩებიან. ერთი საინტერესო მომენტი აქვს აღწერილი ისტორიკოსს. საქართველოს გაერთიანებისათვის მებრძოლ ბაგრატ III-ს არ ემორჩილებოდა კლდეკარის ერისთავი რატი. მას კი ერთგვარად მფარველობდა დავით კურაპალატი. ძლიერი მამობილის წინააღმდეგ წასვლა კი ბაგრატს არ უნდოდა. როდესაც ერთი შემთხვევის შემდეგ დავითმა ნება დართო ბაგრატს ისე ემოქმედა, როგორც თვითონ ამჯობინებდა, მან დაძრა ჯარი. ციხე-სიმაგრეში მყოფი რატის წინააღმდეგ ბრძოლა არც ისე ადვილი იყო. მეფემ პირდაპირ მისვლას ხერხით მოქმედება არჩია. იგი თრიალეთიდან ჯერ დასავლეთ საქართველოში გადავიდა, ხოლო, როდესაც ზამთარი დადგა, მთელი თავისი ჯარით მოულოდნელად თავზე წაადგა რატის. რატი მზად არ იყო დასახვედრად, ამიტომ უბრძოლველად დანებება არჩია. გამოვიდა ციხიდან, თან გამოიყვანა თავისი ძე ლიპარიტი და შეევედრა მეფეს პატიებას. მეფემ ციხე დაიკავა, რატი კი წავიდა არგვეთში, რომელიც აგრეთვე მის მამულს წარმოადგენდა.
ბრძოლა მეფესა და კლდეკარის ერისთავებს შორის განსაკუთრებით XI საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს გამწვავდა. მან, გარდამავალი უპირატესობით, რამდენიმე ათეულ წელს გასტანა.
პირველ ხანებში კლდეკარის მფლობელი, ერისთავთ ერისთავი ლიპარიტ ლიპარიტის ძე ბაგრატ IV-ის მხარეს იყო. როცა ბიზანტიის კეისარმა, კონსტანტინემ, დაპყრობის მიზნით 1028 წელს საქართველოში სარდალი პარაკიმანოსი გამოგზავნა ურიცხვი ლაშქრით, ლიპარიტმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია კლდეკარის ციხესთან მოსულ მტერს და აიძულა იგი უკან გაბრუნებულიყო.
მომდევნო წლებში კი ლიპარიტსა და ბაგრატს შორის განხეთქილება მოხდა. 50-იანი წლების ბოლოს ლიპარიტი ისე გაძლიერდა, რომ თითქმის მთელი აღმოსავლეთ საქართველოს ბატონ-პატრონი გახდა, უფლისწულის აღზრდაც მიისაკუთრა და მცირეწლოვანი გიორგი რუისის საყდარში მეფედ აკურთხა.
ლიპარიტის ბატონობა არაფრად მოსწონდათ სხვა დიდებულებს. განიზრახეს მისი თავიდან მოცილება. სულა კალმახელმა სხვების დახმარებით შეიპყრო ლიპარიტი და მისი ძე ივანე და მეფეს მიჰგვარა. მეტად გახარებულმა მეფემ ურჩი ყმის შემპყრობნი დიდად დაასაჩუქრა. სულამ ლიპარიტს წაართვა ისეთი ძლიერი ციხეები, როგორიც იყო. არტანუჯი, უფლისციხე, ბირთვისი და ყველის ციხე, მაგრამ კლდეკარი თვით მეფის ჯარმაც კი ვერ აიღო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეფემ მეციხოვნეებს აღუთქვა, რომ ლიპარიტს და ივანეს უვნებლად გაუშვებდა, ციხე დანებდა. მეფემ ციხეში თავისი ჯარი ჩააყენა, ლიპარიტი აიძულა ბერად აღკვეცილიყო, ივანეს კი არგვეთი დაუტოვა.
მომდევნო წლებში ივანემ დაიბრუნა კლდეკარის ციხე. მაგრამ არ ჩანს, თუ რა პირობებში მოხდა ეს დაბრუნება.
იმავე საუკუნის 70-იან წლებში ახლად გამეფებულ გიორგი II-ს განუდგნენ დიდგვარიანი მოხელეები, მათ შორის ივანე ლაპარიტის ძეც. მეფემ განმდგარნი დაიმორჩილა, მაგრამ დასჯის მაგიერ დაასაჩუქრა ისინი; კერძოდ, ივანეს სამშვილდე უბოძა.
ივანემ კეთილად მოპყრობა ვერ შეიფერა და ამის შემდეგ რამდენჯერმე ისევ განუდგა მეფეს.
80-იანი წლების ბოლოს გამეფებულ დავით აღმაშენებელს ქვეყანა აოხრებული დახვდა. მისი ისტორიკოსის სიტყვით, ,,ციხეთა გარეთ" კაცი არსად ყოფილა და შენობებიც დანგრეული იყო. ბევრი თავადიც არ ემორჩილებოდა მეფეს. მხოლოდ კლდეკარი და მისი მიმდებარე მხარე, რომელიც ლიპარიტს ეკავა, ამჯერად დავითს ერთგულებდა. მაგრამ ეს ერთგულება დიდხანს არ გაგრძელებულა: 1094 წელს დავითმა შეიპყრო ლიპარიტი და ორი წლის პატიმრობის შემდეგ საბერძნეთს გააძევა. კლდეკარის საერისთავო კი გააუქმა. ცხადია, კლდეკარის ციხეც ერთხანს დაკარგავდა თავის ძველ ძლიერებას. იმავე ისტორიკოსის ცნობით, XII საუკუნის დასაწყისში თრიალეთი და კლდეკარი ჭყონდიდელის დისწულს, ვინმე თევდორეს უჭირავს.
მეტად უსიამოვნო ფაქტის მოწმე გამხდარა კლდეკარის ციხე 1177 წელს.
როგორც ცნობილია, გიორგი III-ს აუჯანყდა ძმისწული დემნა, რომელსაც ბევრმა დიდგვარიანმა დაუჭირა მხარი. მათ შორის მთავარ დასაყრდენს ორბელიანები წარმოადგენდნენ. თუ პირველ ხანებში სასწორი შეთქმულთა მხარეზე იხრებოდა, მალე მდგომარეობა შეიცვალა - მეფემ დაამარცხა ისინი. აჯანყებულები სასტიკად დაისაჯნენ, თვით დემნას კი კლდეკარში თვალები ამოსწვეს.
მომდევნო საუკუნეებში კლდეკარის ერისთავები უკვე ნაკლებ როლს თამაშობენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რის გამოც მატიანეთა ფურცლებზე იშვიათად გვხვდება მათი სახელი.
ასე, მაგალითად, როცა XIII საუკუნის შუა წლებში საქართველოში დაბრუნებულმა დავით-ულუმ შეიტყო, რომ მის მიერ კახეთის მმართველად დატოვებული თორღვა პანკელი განუდგა, რამდენჯერმე მოუწოდა მას. შეშინებული თორღვა არ გამოცხადებულა მეფესთან. მაშინ იგი ფიცით მიუნდვია ხორნაბუჯელს და წამოუყვანია. ტაბახმელას, მეფის კარზე მოყვანილ თორღვას უღალატა მესტუმრე ჯიქურმა, დაიჭირა, გააგზავნა კლდეკარში და იქ კლდიდან გადმოაგდებინა.
გვიანფეოდალურ ხანაში კლდეკარის საერისთავო უკვე აღარ არსებობდა. ამიტომ თვით კლდეკარიც იშვიათად თუ იხსენიება.
0