საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს გენერალი, რომელმაც პუტინი „კგბ“-დან გააგდო საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს გენერალი, რომელმაც პუტინი „კგბ“-დან გააგდო />


  06:57:16     01-04-2012

საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს გენერალი, რომელმაც პუტინი „კგბ“-დან გააგდო

a16653.jpg

30 მარტს საკუთარ ბინაში მკვდარი იპოვეს რუსეთის „კგბ“-ს გენერალ-ლეიტენანტი ლეონიდ შებარშინი, რომელიც 1989-1991 წლებში, საბჭოთა კავშირის „კგბ“-ს პირველ განყოფილებას ხელმძღვანელობდა (ეს განყოფილება საგარეო დაზვერვაზე იყო პასუხისმგებელი) და ვლადიმერ პუტინის შეფი იყო.

შებარშინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რუსეთში არაერთგვაროვანი აზრები გამოითქვა. ბევრს არ სჯერა ვერსიის, რომელიც ყოველგვარი გამოძიების გარეშე, გენერლის ცხედრის აღმოჩენისთანავე გავრცელდა, - რომ თითქოსდა, ეს თვითმკვლელობა იყო, რომელიც შებარშინის ჯანმრთელობის მდგომარეობამ განაპირობა. ისინი მომხდარს ისევ და ისევ „კგბ“-სთან და ვლადიმერ პუტინთან აკავშირებენ, რამდენადაც სწორედ შებარშინმა დაითხოვა თავის დროზე ვლადიმერ პუტინი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტიდან.

1999-2000 წლებში, დასავლურ მედიაში დაიბეჭდა ცნობები იმის შესახებ, რომ მაიორი პუტინი, თავის დროზე, გერმანიისა და აშშ-ის საგარეო დაზვერვის ოფიცრებთან არასანქცირებული კონტაქტის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ეს ცნობები იძლეოდა ვარაუდის საფუძველს, რომ პუტინი „გადავერბოვკებულ“ იქნა და „კგბ“-ში ორმაგ, უფრო სწორედ, სამმაგ აგენტად მუშაობდა. ეს სწორედ შებარშინისა და პუტინის ერთად მუშაობის პერიოდი იყო და ამის შემდეგ ახლანდელ პრეზიდენტს „კგბ“-ს რიგები დაატოვებინეს.

კონკრეტულად, არის თუ არა ეს ისტორია შებარშინის გარდაცვალებასთან პირდაპირ კავშირში, ამაზე პირდაპირ პასუხს ვერავინ სცემს, თუმცა ისინი, ვინც ეჭვობენ, რომ გენერალს თავი არ მოუკლავს, ბოლო პერიოდში ერთ ტენდენციას შენიშნავენ: ადამიანები, რომლებიც „ცოცხალი კომპრომატები“ იყვნენ პუტინისათვის, კვდებიან.
მაგალითად, 2000 წლის დასაწყისში, ავსტრიულ პოლიტიკურ ჟურნალ News-ში ავსტრიულ კონტრდაზვერვაზე დაყრდნობით გამოქვეყნდა დიდი სტატია იმის შესახებ, რომ 80-იან წლებში პუტინი მის მიერ „დავერბოვკებულ“ ავსტრიელ პოლიტიკოსებს ანაზღაურებას სრულყოფილად არ უხდიდა და მათი ხელფასის ნაწილს ჯიბეში იდებდა, თანაც ისე, რომ მოსკოვისათვის წარსადგენ დოკუმენტებზე, ამ აგენტებს, ხელს ძალით აწერინებდა. ამის შესახებ კონტრდაზვერვას, დაკითხვაზე, თავად ამ პოლიტიკოსებმა აცნობეს.

ეს დეტალები, ისევე როგორც პუტინთან დაკავშირებული სკანდალების ქრონიკა, 1999 წლის ბოლოს  და 2000-ის დასაწყისში იბეჭდებოდა გაზეთ „ნაშე ოტეჩესტვოშიც“, რომელიც პეტერბურგში გამოდიოდა და რომლის რედაქტორიც, საბჭოთა არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი ევგენი შეკატიხინი მოულოდნელად გარდაიცვალა 2003 წელს, თითქოსდა, გულის დაავადებით. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შეკატიხინს „ფსბ“ ესტუმრა, სახლი გაუჩხრიკა, გაზეთის 800 ხელმომწერის სია წაიღო და ამ ადამიანებს გაუთავებლად, დაკითხვებზე დაატარებდა, თავად გაზეთის რედაქტორს კი მუდმივად უთვალთვალებდა. ცნობილია ისიც, რომ შეკატიხინი გარდაცვალებმადე არასოდეს უჩიოდა გულს და რაიმე დაავადება მას ექიმებმა ვერც სიკვდილის შემდეგ აღმოუჩინეს.

პუტინის შურისძიებას უკავშირებენ კიდევ ერთი გენერლის, ვიქტორ ილიუხინის დაღუპვასაც. ოფიციალური ვერსიით, ისიც გულის შეტევით გარდაიცვალა, გარდაცვალებამდე კი გენერალი ვლადიმერ პუტინის მხილებით იყო დაკავებული და სწორედ მისი ხელმძღვანელობით შექმნილმა სამხედრო ტრიბუნალმა დაადანაშაულა პუტინი კორუფციასა და სახელმწიფო ინტერესების ღალატში.

რამდენიმე დღის წინ კი, რუსეთში დაკრძალეს პუტინის კიდევ ერთი მოწინააღმდეგე, სახალხო დეპუტატი მარინა სალიე, რომელიც ასევე წლების განმავლობაში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ კრემლის პირველი პირი ჩვეულებრივი თაღლითი და კორუფციული სქემების მონაწილეა, რომელმაც სახელმწიფოს მილიონები მოპარა. სალიეს გარდაცვალების მიზეზადაც გული, - ინფარქტი დასახელდა.

„ეჭვიანი“ ბლოგერები და ზოგიერთი გაზეთი კი წერდა, რომ „პუტინის მოწინააღმდეგეები ერთმანეთის მიყოლებით კვდებიან“.

0

ავტორი: