ბინ ლადენის ერთ-ერთი ქვრივი, ქმრის იატაკქვეშა ცხოვრების ახალ დეტალებს ყვება ბინ ლადენის ერთ-ერთი ქვრივი, ქმრის იატაკქვეშა ცხოვრების ახალ დეტალებს ყვება />


  20:39:01     31-03-2012

ბინ ლადენის ერთ-ერთი ქვრივი, ქმრის იატაკქვეშა ცხოვრების ახალ დეტალებს ყვება

a16652.jpg

ამერიკული გაზეთები, მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის, ბiნ ლადენის ბოლო წლების ცხოვრების ახალ დეტალებზე წერენ.

New York Times ტერორისტის ერთ-ერთ ქვრივს, 30 წლის ამალ აჰმად აბდულ ფატეხს ეყრდნობა, რომელიც ყვება, რომ პაკისტანში ბინ ლადენმა 5 სახლი გამოიცვალა და 4 შვილის მამა გახდა. მინიმუმ 2 ბავშვი კი პაკისტანის სახელმწიფო სამშობიარო სახლებში გაჩნდა.

ამალ ფატეხის ჩვენებები პაკისტანის საგამოძიებო კომისიის 19 იანვრის მოხსენებაშია მოყვანილი. ეს, ამ ეტაპზე, ბენ ლადენის იატაკქვეშა ცხოვრების ამსახველი ყველაზე დეტალური დოკუმენტია.

როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ტერორისტის ოჯახის წევრები „განითესნენ“. ფატეხი თავისი ახალშობილი გოგონათი ყარაჩიში დაიმალა. ის ამბობს, რომ 2002 წლის მეორე ნახევარში, ქმართან პეშევარში „შეერთდა“, რის შემდეგაც მან ოჯახი პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით წაიყვანა.

თავიდან ისინი ცხოვრობდნენ ისლამაბადიდან დაახლოებით 80 მილში, 2003 წელს კი დედაქალაქთან კიდევ უფრო ახლოს გადავიდნენ. აბოტაბადეში, სადაც ბენ ლადენის სახლ-კარზე ამერიკულმა სპეცრაზმმა შტურმი განახორციელა,  2005 წლის შუა პერიოდში გადავიდნენ. 9 წლის მანძილზე პაკისტანში ფატეხმა 4 ბავშვი გააჩინა.

ამჟამად, ბინ ლადენის 3 ქვრივი ისლამაბადში შინაპატიმრობაშია. მათ, ასევე ტერორისტის ორ უფროს ქალიშვილს, ციხე ემუქრებათ - ქვეყნის მიგრაციის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო.

როგორც გაზეთი The Daily Mail წერს, ბინ ლადენი, თავიდან, სკეპტიკურად უყურებდა 11 სექტემბრის ტერაქტის იდეას.

გამოცემა ეყრდნობა ახალ წიგნს - The Hunt for KSM: Inside the Pursuit and Takedown of the Real 9/11 Mastermind, Khalid Sheikh Mohammed by Terry McDermott and Josh Meyer, ანუ ნადირობა ხშმ-ზე: მოვლენათა მონაწილეები ყვებიან 11 სექტემბრის იდეის სულისჩამდგმელზე ხალიდ შეიხ მოჰამედზე ნადირობაზე. წიგნი ტერი მაკდერმოტმა და ჯოშ მეიერმა დაწერეს. ისინი ამტკიცებენ, რომ 11 სექტემბრის იდეა არ ეკუთვნის ბენ ლადენს და უფრო მეტიც, როცა 1996 წელს მას ეს გეგმა წარუდგინეს, „ალ-ქაედას“ ლიდერს განსაკუთრებული რეაქცია არ ჰქონია. „მისი დარწუნება მხოლოდ 3 წლის შემდეგ შეძლეს“ - წერია წიგნში.

წიგნში ასევე პირველადაა დეტალურად მოთხრობილი იმ სირთულეებზე, რომელსაც დაზვერვის ფედერალური ბიურო და ცენტრალური სადაზვერვო განყოფილება, „ალ-ქაედას“ წევრებზე „ნადირობის“ დროს, 11 სექტემბრის შემდეგ წააწყდნენ. „მაგალითად, საკვანძო ეჭვმიტანილი, რომელმაც მძიმე ჭრილობები მიიღო, კინაღამ მოუკვდათ - ამერიკელ აგენტებს, ის, ლამის, 20 ფუტის სიმაღლიდან გადმოუვარდათ“...

თუ წიგნს დავუჯერებთ, 11 სექტემბრის იდეა წამოაყენეს შეიხ ხალიდ მოჰამედმა და აბდულ ხაკიმ მურადმა. ეს უკანასკნელი ავტორი იყო ასევე იმ ერთ-ერთი გეგმისა, რომლის თანახმადაც ამერიკულ ავიალაინერებზე ბომბები უნდა დაედოთ. 1996 წელს მურადმა ასევე წამოაყენა იდეა, ცენტრალური სადაზვერვო განყოფილების შტაბ-ბინას ან ბირთვულ რეაქტორებს თვითმფრინავ „ტარანით“ დაჯახებოდნენ.

წიგნის ავტორები ასევე წერენ, რომ ინფორმაციის ნაკადი იმდენად ძლიერი იყო, რომ ამერიკელ გამომძებლებს კვალი ეკარგებოდათ. ხოლო 11 სექტემბრის ტერაქტამდე ცენტრალური სადაზვერვო განყოფილება, საერთოდ, დარწმუნებული იყო იმაში, რომ „ალ ქაედა“ ამერიკისთვის საშიში არ არის.

0

ავტორი: